ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთთან საბრძოლო შეხების ხაზზე ცეცხლის შესაწყვეტად

ვოლოდიმირ ზელენსკი. ოსლო, 20 ოქტომბერი, 2026.
ვოლოდიმირ ზელენსკი. ოსლო, 20 ოქტომბერი, 2026.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 ნოემბერს ტელეარხ Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან საბრძოლო შეხების ხაზზე ცეცხლის შესაწყვეტად. მისი თქმით, შემდგომი საკითხები დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ გვესმის, რომ მას (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს - რ.თ.) არ სურს ჩვენი მიწიდან გასვლა. ამიტომ ვამბობთ: კარგი, გავჩერდეთ იქ, სადაც ვდგავართ და დიპლომატიაზე გადავიდეთ. ეს კომპრომისია? დიახ, დიდი კომპრომისია“, - თქვა ზელენსკიმ. მან დასძინა, რომ უკრაინა არ იქნება მზად, ოფიციალურად აღიაროს რუსეთის მიერ დონბასის ნაწილის ანექსია.

თუ რუსეთი კვლავ შეეცდება უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში კიდევ ექვსი ათასი კვადრატული კილომეტრის დაკავებას, ამან შესაძლოა მილიონი სამხედრო მოსამსახურის დაკარგვა გამოიწვიოს, ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააგრძელებს ომის შეჩერების ოპტიმალური გზის ძიებას. თუმცა, მისი თქმით, უკრაინისთვის მიუღებელია ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მას რუსული აგრესიისა და მისი შედეგების საფასურის გადახდა მოუწევს.

ლიბიის პორტ ბენღაზიში უკრაინული დრონებისა და უეკიპაჟო კატარღების ბოლოდროინდელი იერიშების კომენტირებისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პატივს სცემს ლიბიის სუვერენიტეტს და თავდასხმების სამიზნეს მხოლოდ რუსეთის გემები წარმოადგენდა. მანამდე აღმოსავლეთ ლიბიის მაკონტროლებელმა მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს უკრაინისგან კომპენსაციის მოთხოვნას ლიბიის ორი მოქალაქის დაღუპვისა და პორტის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის გამო.

  • 22 ნოემბერს უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა ლიბიის სანაპიროსთან გაანადგურეს რუსეთის სამხედრო კორვეტი „მერკური“ და დააზიანეს სამხედრო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რუსული სატვირთო გემი „ანგარა“. ასევე ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი Ка-27. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ლიბიის ორი და რუსეთის რამდენიმე მოქალაქე, რომელთა რაოდენობასაც მოსკოვი არ აზუსტებს.
  • უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში დათანხმდა აშშ-ის წინადადებას ფრონტის ხაზზე კონფლიქტის გაყინვის შესახებ. თუმცა რუსეთი დამატებით პირობებს აყენებს, რომელთაგან მთავარია დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის მის კონტროლქვეშ გადაცემა.
  • მხარეები ასევე დავობენ თავად მიმდინარე კონტროლის ხაზზეც. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებდა, მაგალითად, ქალაქების - კუპიანსკისა და კონსტანტინოვკის კონტროლის შესახებ, უკრაინა კი ირწმუნება, რომ რუსეთი მათ არ აკონტროლებს.
​
XS
SM
MD
LG