22 ნოემბერს უკრაინულმა საზღვაო დრონებმა (უპილოტო აპარატებმა) იერიში მიიტანეს ლიბიის პორტ ბენღაზიზე, რომლის გავლითაც რუსეთი აფრიკაში საკუთარი ოპერაციებისთვის შეიარაღებას აგზავნის. შედეგად განადგურდა რუსეთის ფლოტის უახლესი კორვეტი, „მერკური“, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში 2023 წლის მაისში მიიღეს. მთელი ამ დროის განმავლობაში კორვეტი [თანამედროვე საბრძოლო ხომალდი, რომლის დანიშნულებაა ბადრაგების დაცვა, საგუშაგო და სადაზვერვო სამსახური] რუსეთის სანქცირებული გემების ესკორტირებით იყო დაკავებული.
„მერკურისთან“ ერთად, იმავე ბენღაზის პორტში, იერიში მიიტანეს და დააზიანეს აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი სატვირთო გემი Angara, რომელსაც რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან შეიარაღების გამოსაზიდად იყენებდა.
თუმცა რუსი სამხედროებისთვის უსიამოვნო ამბები სულ სხვა ადგილას, ათასობით კილომეტრით შორს, ჩრდილოეთით დაიწყო. 21 ნოემბრის ღამეს ფინეთის ყურის აკვატორიაში დრონებმა („ჩვეულებრივმა“ და არა საზღვაო უპილოტო აპარატებმა) შეუტიეს მშრალტვირთმზიდ Sparta II-ს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ე.წ. „სირიული ექსპრესის“ ნაწილია. 2025 წლის იანვარში სწორედ Sparta II-ით გამოჰქონდა რუსეთს სირიიდან სამხედრო ტექნიკა დამასკში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ლიბიაში რუსეთის სამხედრო და სატვირთო გემებზე თავდასხმების უკან უკრაინა იდგა.
„ყველაფერი ლიბიის სანაპიროსთან მოხდა. ჩვენმა მებრძოლებმა უკრაინული წარმოების შვიდი საზღვაო დრონი გამოიყენეს. მტრის წინააღმდეგობის გაწევის ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩაიძირა რუსული კორვეტი „მერკური“ - მათი ერთ-ერთი უახლესი გემი, რომელიც შეიარაღებაში უკვე სრულმასშტაბიანი ომის დროს, 2023 წელს მიიღეს. კორვეტთან ერთად განადგურდა საბრძოლო ვერტმფრენი Ка-27-იც“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში.
SPARTA II
დრონების იერიშის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა Sparta II, რომელმაც დრეიფი დაიწყო. გარკვეულ მომენტში გემი ჯერ ფინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, შემდეგ კი ფინეთის ტერიტორიულ წყლებში აღმოჩნდა. ფინეთის სამაშველო გემებმა რუსულ სატვირთო გემზე ხანძარი ჩააქრეს და ის უკან, ღია ზღვაში გაიყვანეს. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ეკიპაჟის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა; გემი აპირებს დაგეგმილი მარშრუტით მოძრაობა გააგრძელოს კალინინგრადის ოლქის პორტ ბალტიისკისკენ.
Sparta II-ს შეიარაღების გადაზიდვის მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც სირიაში რუსეთის ყოფნასთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომსაც უკავშირდება. 2022 წლის ზაფხულში მშრალტვირთმზიდმა სირიიდან რუსეთში ჩაიტანა С-300 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ მწვავედ სჭირდებოდა. მაშინ უკრაინამ თურქეთს პროტესტი გამოუცხადა იმის გამო, რომ „სპარტას“ ბოსფორის სრუტეში გავლის უფლება მისცა.
2026 წლის ოქტომბრის დასაწყისში Sparta II სარემონტო სამუშაოების შემდეგ კვლავ მწყობრში ჩადგა და სანქტ-პეტერბურგი - კალინინგრადის (ბალტიისკის) მარშრუტზე დაიწყო მიმოსვლა.
„მერკური“
ხმელთაშუა ზღვაში უკრაინის იერიშების გამო „სირიული ექსპრესის“ სამოქალაქო გემები არაერთხელ აღმოჩენილან რთულ მდგომარეობაში, თუმცა ბენღაზის პორტში კორვეტ „მერკურის“ განადგურება, სამხედრო ექსპერტთა თქმით, მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა და რუსეთის ფლოტის პრესტიჟის მორიგ ჯერზე შელახვაა. იმ პრესტიჟისაა, რომელიც ისედაც შელახულია კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვით, სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბის განადგურებითა და უკრაინისგან მიღებული სხვა არაერთი მტკივნეული მარცხით.
მერკური - რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში მყოფი პროექტ 20380-ის, „სტერეგუშჩის“ კლასის მეხუთე გემია, რომელიც წყალში ჩაუშვეს 2020 წელს, ხუთწლიანი მშენებლობის შემდეგ, 2023 წლის მაისში კი ოფიციალურად შეიყვანეს შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში. თუმცა შავ ზღვაში გემს ყოფნა არ დასცალდა: „მერკურის“ დაევალა ხმელთაშუა ზღვაში, ლა-მანშის სრუტესა და რუსეთის სხვა მარშრუტებზე რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების ესკორტირება.
2024 წლის 25 ნოემბერს, ხმელთაშუა ზღვაში 15-თვიანი ყოფნის შემდეგ, „მერკური“ ბალტიის ზღვაში დაბრუნდა. გზად რუსეთის მეგობარ ალჟირში შეიარა, მოგვიანებით კი დანიის სრუტეში ტანკერ „გენერალ სკობელევს“ გაუწია ესკორტირება.
„104,5 მეტრი სიგრძის, 2200 ტონა წყალწყვის მქონე გემი, რომელსაც ოთხი დიზელის ძრავის წყალობით საათში 27 კვანძამდე სიჩქარის განვითარება შეუძლია, პროექტ 20380-ს მიეკუთვნება. ეს სერია, რომელსაც „სტერეგუშჩის“ კლასის სახელითაც იცნობენ, შეიქმნა როგორც სანაპირო საზღვაო ზონებში პატრულირებისთვის, წყალზედა გემებისა და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე სადესანტო ოპერაციების საარტილერიო მხარდაჭერისთვის.
„მერკური“ ამ კლასის რიგით მეცხრე გემია, რომელიც რუსეთმა შეიარაღებაში მიიღო: ოთხი ბალტიის ფლოტის შემადგენლობაშია, ოთხი - წყნარი ოკეანის ფლოტის, ხოლო ერთი, საკუთრივ „მერკური“, შავი ზღვის ფლოტს ეკუთვნოდა. არაფერია ცნობილი შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი, „სტერეგუშჩის“ კლასის კორვეტ „სტროგის“ ბედის შესახებ, რომელიც შეიარაღებაში ჯერ კიდევ 2023 წელს უნდა მიეღოთ“, - დაწერა მაშინ გერმანულმა ჟურნალმა Europäische Sicherheit & Technik-მა („ევროპული უსაფრთხოება და ტექნიკა“).
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ დაიწყო “მერკურიზე” მდებარე საბრძოლო მასალამ დეტონაცია უკრაინული უპილოტო კატარღების თავდასხმის შემდეგ. გემზე განთავსებული იყო ორი ტორპედოს აპარატი, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები X-35, საარტილერიო საზღვაო დანადგარი „უნივერსალი“ და სხვა შეიარაღება.
ასეთი კორვეტის ღირებულება დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარად შეიძლება შეფასდეს. თუმცა როგორც გაზეთი „ვედომოსტი“ წერდა 2020 წელს, ამურის გემთმშენებელ ქარხანასა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტის (რომელიც პროექტ 20380-ის ათი გემის მშენებლობას ითვალისწინებდა) ღირებულება 180 მილიარდ რუბლს შეადგენდა, რაც იმდროინდელი გაცვლითი კურსით დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარია.
იმავე ყურეში კიდევ ერთი უპილოტო კატარღა (ე.წ. საზღვაო დრონი) მცირედით აცდა სატვირთო გემს და შეეჯახა ნავმისადგომს. გემი კი მხოლოდ სასწაულით გადაურჩა დაზიანებას. სატელიტური ფოტოების მიხედვით, სავარაუდოდ, ეს იყო გარეგნულად ერთმანეთის მსგავსი სამი რუსული მშრალტვირთმზიდიდან ერთ-ერთი: Maia I, Anastasiia ან Lady D. სამივე მათგანი აშშ-ისა და რიგი სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ იმყოფება „რუსეთის ჩრდილოვან ფლოტში“ მონაწილეობისთვის ან შეიარაღების გადაზიდვისთვის. სამივე გემმა AIS-ის გადამცემები 12-13 დღის წინ გიბრალტარის სრუტესთან მიახლოებისას გამორთო. სატელიტურ ფოტოებზე კიდევ ერთი დეტალი ჩანს: კორვეტ „მერკურიზე“ თავდასხმისა და მშრალტვირთმზიდის დაზიანების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სასწრაფოდ სცადეს ბენღაზის პორტის შესასვლელის გადაკეტვა მცირე ზომის გემებით.
Angara
22 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე სამიზნე იყო რუსული როლკერი Angara, რომელსაც ბენღაზიდან რამდენიმე საზღვაო მილში საზღვაო დრონი დაესხა თავს. თავდასხმის მომენტი მოხვდა რამდენიმე ვიდეოზე, რომლებიც ლიბიელმა სამხედროებმა გადაიღეს.
როლკერი - გემის ტიპი, რომელიც სატვირთო ოპერაციებისას „რო-რო“ (Ro-Ro - roll-on/roll-off) ხერხით გამოიყენება. გემის დანიშნულება: ბორბლებიანი და მუხლუხა ტექნიკის, ასევე თვითმავალი ტვირთების გადაზიდვა.
როლერი „ანგარა“ აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, სამხრეთ კორეის, კანადისა და იაპონიის (და, რა თქმა უნდა, უკრაინის) სანქცირებულთა სიებშია შეტანილი. გემი არაერთხელ შეუმჩნევიათ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ტვირთების გადაზიდვისას. მანამდე კი ე.წ. „სირიული ექსპრესის“ შემადგენლობაში სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა სუდანსა და სირიაში.
როგორ აღმოჩნდნენ უკრაინელი სამხედროები აფრიკაში?
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელი სამხედროები აფრიკაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და რუსეთის მოწინააღმდეგე ძალების მხარეს იბრძოდნენ, 2023 წლის შემოდგომაზე, ჯერ კიდევ ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამდე და მისი დაქირავებული მებრძოლების რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „აფრიკის კორპუსის“ კონტრაქტორებით ჩანაცვლებამდე გავრცელდა.
2023 წლის სექტემბერში ტელეკომპანია CNN-მა ყურადღება მიაქცია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ რამდენიმე ვიდეოს: FPV-დრონებიდან და სამხედროების სამკერდე კამერებით სუდანის დედაქალაქ ხარტუმის შემოგარენში გადაღებულ ჩანაწერებში ასახული იყო იერიშები სწრაფი რეაგირების ძალების მებრძოლებზე - სუდანურ სამხედრო დაჯგუფებაზე, რომელიც რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მხარდაჭერით სარგებლობდა.
ვიდეოების ზოგიერთი დეტალის, მაგალითად, დრონის მართვის პულტებზე არსებული წარწერების საფუძველზე, CNN-ის ჟურნალისტებმა ივარაუდეს, რომ დარტყმები უკრაინელი სამხედროების მონაწილეობით განხორციელდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების კონფლიქტში მონაწილეობას ვერც დაადასტურებდა და ვერც უარყოფდა. ამასთან, უკრაინული გამოცემა „ბაბელის“ წყაროებმა, რომლებიც მთავარი სადაზვერვო სამმართველოში (ГУР) მუშაობდნენ, დაადასტურეს, რომ ვიდეოებზე უკრაინელი სამხედროები იყვნენ ასახული.
მომდევნო თვეებში გამოქვეყნდა კიდევ რამდენიმე მასალა, რომლებიც სუდანში სწრაფი რეაგირების ძალების წინააღმდეგ კონფლიქტში უკრაინელების სავარაუდო მონაწილეობაზე მიუთითებდა.
„ლიბიის სანაპიროსთან მომხდარ წინა ინციდენტებზე უკრაინული მხარე კომენტარს არ აკეთებდა. ამჯერად კი დასახელდა გემის სახელწოდება და დრონების რაოდენობა. ასევე არსებობს ვიდეოჩანაწერი“, - აღნიშნავს სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორმა იგორ სემივოლოსმა.
სემივოლოსი ამას იმით ხსნის, რომ სამიზნე სამხედრო გემი იყო და არა ტანკერი. ამ ტიპის გემებზე თავდასხმები ხშირად იწვევს უკრაინის კრიტიკას გარემოსთვის შესაძლო საფრთხის გამო. „კორვეტი აგრესორი სახელმწიფოს საბრძოლო ხომალდია, ანუ კანონიერი სამიზნე. მის წინააღმდეგ იერიშების აღიარება უსაფრთხოა“, - აღნიშნავს ექსპერტი.
გარდა ამისა, რუსეთი ამჟამად ლიბიას იყენებს იარაღის მისაწოდებლად თავისი „აფრიკის კორპუსისთვის“, რომელიც მოქმედებს მალიში, ჩადსა და ბურკინა-ფასოში, ასევე სუდანში. ამ ქვეყნების რეჟიმები, რომელთა უმეტესობას სამხედრო ხუნტები მართავენ, მოსკოვზე არიან ორიენტირებული.
„ლიბია დიდი ხანია აფრიკაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ყოფნის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტია. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ხალიფა ჰაფთარის დაჯგუფებებთან თანამშრომლობა რუსეთს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს მომარაგების მარშრუტები, გადააადგილოს სამხედრო ტექნიკა, პირადი შემადგენლობა და მატერიალური რესურსები, აგრეთვე უზრუნველყოს კავშირი აფრიკის სხვა სახელმწიფოებში არსებულ პარტნიორებთან“, - აღნიშნავს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გადამდგარი გენერალ-მაიორი ვიქტორ იაგუნი, რომლის თქმითაც, ლიბიაში რუსული კორვეტის ჩაძირვა აზიანებს რუსეთის პრესტიჟს როგორც აფრიკაში, ისე ახლო აღმოსავლეთში:
„უკრაინისთვის ეს მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა, როგორც იმის დასტური, თუ რამდენად ცვლის თანამედროვე ომი ფრონტის, ზურგის, ზღვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ ტრადიციულ წარმოდგენებს... ასეთი მოვლენების (ლიბიაში განხორციელებული დარტყმების - რედ.) სტრატეგიული მნიშვნელობა ის არის, რომ რუსეთის სამხედრო მომარაგების სისტემა სულ უფრო მეტად დგება აუცილებლობის წინაშე, დაიცვას არა მხოლოდ საბრძოლო პოზიციები, არამედ თავისი გლობალური გავლენის ინფრასტრუქტურაც, რომელიც უშუალო საბრძოლო მოქმედებების ზონიდან შორს მდებარეობს“.
ბუდანოვის ფოტოები და ინსტრუქტორები მალიში
2024 წლის ივლისის ბოლოს ჩრდილოეთ მალიში მდებარე დასახლებული პუნქტ ტინზაუტენიდან უკან დახევისას, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისა“ და მალის არმიის მებრძოლები ჩასაფრებაში მოხვდნენ. დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ჩასაფრების მომწყობმა ტუარეგებისა და ჯიჰადისტების ძალებმა სადაზვერვო ინფორმაცია უკრაინისგან მიიღეს. ამასთან, იუსოვი უარყოფდა უკრაინელი სამხედროების უშუალო მონაწილეობას მალიში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. იმავე წლის ოქტომბერში ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ნათელი მოჰფინა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და ტუარეგ მეამბოხეებს შორის თანამშრომლობას. გაზეთის ინფორმაციით, რამდენიმე ტუარეგი მებრძოლი უკრაინაში ჩავიდა, რათა დრონების დამზადება და გამოყენება შეესწავლა.
2026 წლის სექტემბერში CNN-ის ჟურნალისტები ესაუბრნენ დრონის რამდენიმე უკრაინელ ოპერატორს, რომლებიც უშუალოდ მალიში იმყოფებოდნენ და ტუარეგული სეპარატისტული მოძრაობის, „აზავადის“ მებრძოლების წვრთნაში მონაწილეობდნენ. CNN-ის რესპონდენტების თქმით, მალიში უკრაინული ჯგუფი, რომელიც 15-მდე ადამიანისგან შედგებოდა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებდა.
7 სექტემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის დღეს, კირილო ბუდანოვმა, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, დაზვერვის საზღვარგარეთულ ოპერაციებთან დაკავშირებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.
ზოგიერთი ფოტო, ტანსაცმლის ელემენტებისა და პეიზაჟის დეტალების მიხედვით, საჰელის ქვეყნებში (საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკული სახელმწიფოების სარტყელი) იყო გადაღებული. ფოტოებზე თანდართულ ტექსტში ბუდანოვმა პირდაპირ ახსენა აფრიკა. გამოცემა i-Sahel-მა ფოტოები მოძრაობა „აზავადისა“ და რეგიონში მოქმედი სხვა დაჯგუფებების რამდენიმე წარმომადგენელს აჩვენა. მათი თქმით, ფოტოები შესაძლოა ტინზაუტენთან გამართულ ბრძოლამდეც იყოს გადაღებული და, სავარაუდოდ, მალის სხვა რეგიონში - მავრიტანიის საზღვართან, ტიმბუქტუს მახლობლად.
ერთ-ერთი ფოტო, სავარაუდოდ, „აზავადის“ მებრძოლების წვრთნის დროს არის გადაღებული. 19 სექტემბერს ბუდანოვმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე საჰელშია გადაღებული. ფოტოს წარწერიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ უკრაინელი გენერალი მეამბოხეებს ინსტრუქტაჟს უტარებს.
საიდუმლო ბაზა ლიბიაში და საზღვაო დრონები
2026 წლის აპრილში ფრანგულმა რადიოსადგურმა RFI-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, ლიბიაში, ეროვნული ერთიანობის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და სამხედრო სპეციალისტი იმყოფება. ისინი, სავარაუდოდ, ორ ობიექტზე არიან განლაგებული: მისურატის საერთაშორისო ავიაბაზაზე, სადაც დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, იტალიისა და აშშ-ის სამხედროებიც იმყოფებიან, და უკრაინის ინტერესებისთვის სპეციალურად აშენებულ ბაზაზე ქალაქ ეზ-ზავიის მახლობლად, ტრიპოლის ჩრდილო-დასავლეთით. ეს უკანასკნელი აღჭურვილია საზღვაო და საჰაერო დრონების გასაშვები მოწყობილობებით.
RFI-ის ჟურნალისტების მტკიცებით, უკრაინელი სამხედროების განთავსების შესახებ შეთანხმება 2025 წლის ოქტომბერში გაფორმდა და ის ლიბიელი სამხედროებისთვის დრონების მართვის სწავლებას ითვალისწინებდა. სააგენტო AP-მ, ლიბიის ორ დასახელებულ ოფიციალურ პირთან საუბრის შემდეგ, RFI-ის გამოძიების დასკვნები დაადასტურა. მათი ინფორმაციით, უკრაინული ძალები სარგებლობენ მისურატისა და ეზ-ზავიის ბაზებით, აგრეთვე ტრიპოლში მდებარე რამდენიმე სხვა ობიექტით. ამასთან, უკრაინასა და ლიბიას შორის გაფორმებულმა „საიდუმლო შეთანხმებამ“ დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, მხარდაჭერა მიიღო.
CNN-მა ლიბიაში განთავსებულ საზღვაო დრონების ერთ-ერთ ოპერატორთან გასაუბრება შეძლო. რესპონდენტმა თქვა, რომ მისი ჯგუფი 2025 წლის ბოლოს მისრათაში განთავსდა და სწორედ ამ ბაზას იყენებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე თავდასხმების ორგანიზებისთვის. CNN-ის შეკითხვის პასუხად ლიბიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არცერთი უცხოური მხარისთვის არ მიუცია ნებართვა, მისრათის ბაზა რომელიმე სახელმწიფოს ან მხარის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის გამოეყენებინა.
23 ნოემბერს ლიბიურმა გამოცემა Lybian Express-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, ლიბიის არმიის დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით, რომ მისრათის ბაზაზე უკრაინელი სამხედროები არ იმყოფებიან და, რომ ქვეყნის ხელისუფლებას „მერკურისა“ და „ანგარაზე“ თავდასხმებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
რა იარაღით და საიდან მიიტანეს იერიში?
OSINT-ანალიტიკოსმა და ბლოგ Covert Shores-ის შემქმნელმა, H I Sutton-მა, ბენღაზის პორტზე თავდასხმისას ხელში ჩაგდებული ერთ-ერთი უპილოტო კატარღის გამოქვეყნებული ფოტოების შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ იერიშისათვის გამოიყენეს „სარგან-3000“-ის ოჯახის აპარატები, რომლებიც Seawolf-ის სახელითაც არის ცნობილი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ტერმინოლოგიით კი - Sea Baby-II-ია. Seawolf-ის საბაზისო ვერსიას შეუძლია იერიში მიიტანოს 1600 კმ-ზე მეტ მანძილზე და გადაიტანოს 450 კგ-მდე წონის საბრძოლო მუხტი. 2025 წელს СБУ-ს ინკოგნიტო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი თაობის უპილოტო კატარღას (Sea Baby) 1500 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა და ორ ტონამდე ტვირთის გადატანა შეუძლია.
შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული უპილოტო კატარღებისგან განსხვავებით, ამ აპარატზე რადიოელექტრონული დაცვის საშუალებები არ ჩანს, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია ლიბიის სანაპიროებთან საზღვაო დრონების აღმომჩენი სისტემების შედარებით დაბალი დონით.
რუსმა პროსამხედრო ბლოგერმა „რიბარმა“ ივარაუდა, რომ აპარატები მისრათიდან ან ელ-ზავიის ბაზიდან გაუშვეს. როგორც CNN-ისა და ფრანგული მედიასაშუალებების ჟურნალისტურ გამოძიებებში იყო ნათქვამი, სწორედ ამ ქალაქებში მდებარეობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბაზები. „რიბარის“ ვარაუდით, უპილოტო კატარღები შესაძლოა როგორც ნაპირიდან, ისე სატვირთო გემიდან გაუშვეს.
მეტი, ვიდრე რეპუტაციული ზიანი: რას ნიშნავს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის გემებზე თავდასხმები
საზღვაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სააგენტო Ambrey-ის წარმომადგენლები გამოცემა The War Zone-თან კომენტარში აღნიშნავენ, რომ რუსეთის საზღვაო გადაზიდვების წინააღმდეგ უკრაინის კამპანია უკვე დიდი ხანია გასცდა შავი ზღვის ფარგლებს. „რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო ლოგისტიკა და კომერციული გემების მიმოსვლა ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვებში მზარდი საფრთხის წინაშე დგანან“, - აცხადებენ Ambrey-ში.
სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი იერიშები „მნიშვნელოვან ესკალაციას“ წარმოადგენს, თუმცა ამავე დროს არ სცდება უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც უკრაინა წლებია ხმელთაშუა ზღვაში რუსეთისა და კრემლთან დაკავშირებულ გემებზე „ნადირობს“.
სერგეი აუსლენდერი - რუსი და ისრაელელი სამხედრო ანალიტიკოსი და ბლოგერი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთს დამაჯერებელი მარცხი მიაყენა ჯერ შავ ზღვაში, სადაც რუსეთის ფლოტი გარეკა შორეულ ბაზებში, თითქმის აფხაზეთამდე, შემდეგ ბალტიის ზღვაში, ახლა კი მისწვდა რუსეთის ფლოტს ხმელთაშუაზღვაში.
“ეს ყველაფერი სრულიად წარმოუდგენელია, მაგრამ ომის სურათი სწორედ ასე შეიცვალა”, - ამბობს სერგეი აუსლენდერი, რომლის თქმითაც, ლიბიის პორტში ჩაძირულ რუსულ კორვეტს საკმაოდ შთამბეჭდავი შეიარაღება ჰქონდა, მათ შორის X-35 ტიპის რაკეტები, ტორპედოები და საზენიტო შეიარაღება, ასმილიმეტრიანი ქვემეხი და ექვსლულიანი საზენიტო დანადგარი AK-630.
„ეს კორვეტი შავი ზღვის ფლოტისთვის შენდებოდა და შავი ზღვა მისთვის იდეალური საბრძოლო თეატრი იქნებოდა, მაგრამ რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის შეიარაღებაში 2023 წელს მიიღო, შავ ზღვაში მისი შეყვანა ვეღარ მოხერხდა (თურქეთმა სრუტეები ჩაკეტა). ახლა ხმელთაშუაზღვაში ლოგისტიკის უზრუნველსაყოფად საჭიროა ახალი ხომალდი, რომელიც ბალტიიდან, წყნარი ოკეანიდან ან ჩრდილოეთის ფლოტიდან უნდა გადაისროლონ, რუსეთს კი ხომალდები უსასრულოდ არ აქვს. რუსულ ფლოტს ბრძოლისუნარიანი ხომალდები ძალიან ცოტა შემორჩა. შავი ზღვიდან ვერაფერს გაიყვანენ. რომ შეეძლოთ, ალბათ ყველა ხომალდს დიდი ხნის გაიყვანდნენ”, - ამბობს აუსლენდერი. მისი ვარაუდით, გამოყენებული იქნა MAGURA-ს დრონები - უკრაინული უპილოტო სისტემების ოჯახი (პირველ რიგში, უპილოტო საზღვაო კატარღები), რომლებმაც ფართო ცნობადობა მოიპოვეს შავ ზღვასა და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებული ოპერაციების წყალობით.
MAGURA V5-ის ხაზი (Maritime Autonomous Guard Unmanned Robotic Apparatus) მუშავდებოდა დაზვერვის, პატრულირების, ნაღმსაწინააღმდეგო ბრძოლისა და დარტყმითი ოპერაციების ამოცანებისთვის:
MAGURA V5 - საბაზისო მოდელი, რომლის სიგრძე 5,5 მ-ია, ხოლო სიგანე - 1,5 მ. ავითარებს სიჩქარეს 22 კვანძამდე (დაახლოებით 71-78 კმ/სთ), სვლის სიშორე - 400 საზღვაო მილზე მეტი (800 კმ-მდე); საბრძოლო დატვირთვა - 300 კგ.
MAGURA V7 - სიგრძე -7,2 მ, სასარგებლო ტვირთი - 650 კგ-მდე, მანძილი - 800 საზღვაო მილამდე (1480 კმ-მდე). შეუძლია „ჰაერი — ჰაერი“ კლასის რაკეტების (მათ შორის AIM-9 Sidewinder-ის) და საბრძოლო მოდულების ტარება.
ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის გემებზე განხორციელებული თავდასხმები, რომლებიც უკრაინას მიეწერება
- Ursa Major, 2024 წლის 23 დეკემბერი. რუსეთის კომპანიების ჯგუფის, „ობორონლოგისტიკას“ კუთვნილი გემი ზედიზედ სამი აფეთქების შემდეგ ჩაიძირა ალჟირსა და ესპანეთს შორის. ერთ-ერთი ვერსიით, გემს რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა. არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ ინციდენტთან უკრაინა იყო დაკავშირებული, თუმცა „ობორონლოგისტიკამ“ მომხდარს „მიზანმიმართული ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა - ფორმულირება, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ხშირად იყენებს უკრაინული იერიშების აღსაწერად. OSINT-ანალიტიკოსი H I Sutton ამ ინციდენტს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის გემებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ წარმატებულ თავდასხმებს მიაკუთვნებს.
- Qendil, 2025 წლის 19 დეკემბერი. ომანის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს, რომელიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შედის, ჭურვები ჩაუყარეს მძიმე ჰექსაკოპტერიდან, ე.წ. „ბაბა-იაგას“ ტიპის დრონიდან. ასეთ დრონებს აქტიურად იყენებენ უკრაინაში მიმდინარე ომში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) თავდასხმაში მონაწილეობა დაადასტურა.
- Arctic Metagaz, 2026 წლის 3 მარტი. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მყოფი ეს ხომალდი უპილოტო კატარღების თავდასხმის შედეგად ჩაიძირა. რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარში პირდაპირ დაადანაშაულა უკრაინა.
- Lady Mariia, 2026 წლის 6 სექტემბერი. რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში მყოფ როლკერს უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს. უკრაინას თავდასხმა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა რუსი „სამხედრო კორესპონდენტები“ ვარაუდობენ, რომ იერიში კიევის მოწყობილია.
სააგენტო Ambrey ასევე ამახვილებს ყურადღებას კიდევ ორ შემთხვევაზე, რომლებსაც ანალიტიკოსები „თავდასხმებად ან აუხსნელ აფეთქებებად“ მიიჩნევენ:
- Seajewel, 2025 წლის 15 თებერვალი. მალტის დროშის ქვეშ მცურავი ამ ნავთობტანკერის კორპუსი ორმა აფეთქებამ დააზიანა იტალიის პორტ სავონა-ვადოსთან გადმოტვირთვის დროს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ერთი თვით ადრე გემი შევიდა ნოვოროსიისკის პორტში, სადაც ყაზახური ნავთობით დაიტვირთა. ამ შემთხვევის გამო იტალიის პროკურატურამ გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.
- Vilamoura, 2025 წლის 27 ივნისი. ლიბიის სანაპიროსთან მომხდარმა აფეთქებამ მარშლის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის სამანქანო განყოფილების დატბორვა გამოიწვია. მედიის ინფორმაციით, გემი ხშირად შედიოდა რუსეთის პორტებში, სადაც ყაზახურ ნავთობს ტვირთავდა. გამოძიების წინასწარი დასკვნის თანახმად, აფეთქების მიზეზი გარედან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (ГУР) გემზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და Vilamoura რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მოიხსენია, თუმცა ГУР -ს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
რუსული Telegram-არხი „ვოენი ოსვედომიტელ“-ი ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში განხორციელებულ იერიშებს ერთმანეთთან აკავშირებს და მიიჩნევს, რომ ეს არის „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკის კორპუსის მთელი ლოგისტიკის წინააღმდეგ მიმართული კომპლექსური ზემოქმედება“.
ჯალელ ჰარშაუი, ლიბიის საკითხებზე სპეციალიზებული სამეფო გაერთიანებული თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტი, მიიჩნევს, რომ რეგიონში რუსეთის გემებზე თავდასხმები არა მხოლოდ ე.წ. რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტს („ჩრდილოვანი ფლოტით“) ართულებს, არამედ კრემლის დამცირებადაც აღიქმება.
ჰარშაუის აზრით, ლიბიის ეროვნული არმიის მეთაური ხალიფა ჰაფთარი მომხდარს პირად შეურაცხყოფად მიიღებს. „ჰაფთარის ოჯახის რეაქცია მოჰყვება. ისინი კითხვებს დასვამენ იმის შესახებ, თუ ვინ მასპინძლობს უკრაინელებს“, - ამბობს ექსპერტი.
ნოემბრის დასაწყისში ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ C4ADS-მა გამოავლინა 12 გემი (უმეტესად რუსული და აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი), რომლებსაც, სავარაუდოდ, რუსეთის პორტებიდან აფრიკაში სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, მათ შორის „აფრიკის კორპუსისა“ და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილი სტრუქტურებისთვის. მაგალითად, სექტემბერში მშრალტვირთმზიდმა Anastasiia-მ (რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, ბენღაზიზე 22 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმის დროს სასწაულებრივად გადაურჩა დაზიანებას) და როლკერმა „იური არშენევსკიმ“ ლიბიის პორტ ტობრუკში, რომელიც ასევე ჰაფთარისადმი მეგობრულად განწყობილი ძალების კონტროლქვეშ იმყოფება, სავარაუდოდ, ჯავშანტექნიკა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და „ურალის“ სატვირთო მანქანები ჩაიტანეს.
როგორც აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახური (Congressional Research Service, CRS) 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებულ მოხსენებაში წერდა, აფრიკაში რუსეთის მიზნები უცვლელი რჩება: ეს არის გლობალური სტრატეგიის ფარგლებში დასავლეთისა და მისი, როგორც აფრიკული სახელმწიფოების უსაფრთხოების სფეროში საიმედო პარტნიორის, რეპუტაციის შერყევა; ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე გაცემული კონცესიებიდან ფინანსური სარგებლის მიღება. ეს უკანასკნელი კი ნაწილობრივ მოსკოვს უკრაინაში ომის დაფინანსებაში ეხმარება იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ეკონომიკა სირთულეებს განიცდის.
„რუსი სამხედროების ყოფნა აფრიკაში ემსახურება როგორც კრემლის გრძელვადიან სტრატეგიულ ამბიციებს, ისე მოსკოვის უფრო კონკრეტულ, სიტუაციურ ინტერესებს. ის ხელს უწყობს მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის იდეის წინ წამოწევას, გამოწვევას უქმნის დასავლეთის დომინირებას და ძალის დემონსტრირების გზით ამყარებს რუსეთის, როგორც დიდი სახელმწიფოს, სტატუსს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ზღვაზე, სადაც რუსეთი ცდილობს საბჭოთა ეპოქის საკუთარი საზღვაო გავლენის ცალკეული ელემენტების აღდგენას. ამავე დროს, რუსეთი პოლიტიკურ არასტაბილურობასა და რეგიონში საკუთარი გასამხედროებული ფორმირებების ყოფნას პრაგმატული მიზნების მისაღწევადაც იყენებს. ამ მიზნებს შორისაა ბუნებრივ რესურსებზე წვდომის მოპოვება და საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების შექმნა“, - ასე აჯამებენ აფრიკაში რუსეთის სამხედრო საქმიანობის მიზნებს შვედეთის თავდაცვის კვლევითი სააგენტოს (FOI) ავტორები ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
როგორც ბენღაზიში 22 ნოემბერს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რუსეთს მოუწევს სწრაფი ადაპტაცია ხმელთაშუა ზღვაში წარმოქმნილ ახალ საფრთხესთან. მსგავსი თავდასხმების პრაქტიკული გავლენა შესაძლოა დიდი არ იყოს უშუალოდ უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, თუმცა უკრაინული უპილოტო კატარღებისა და დრონების დარტყმები სერიოზულ ზიანს აყენებდა და კვლავაც აყენებს რუსეთის - როგორც „დიდი საზღვაო სახელმწიფოს“, ისე აფრიკელი დიქტატურების „საიმედო პარტნიორის“ - იმიჯს.
ფორუმი