Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბავშვის აზრი მნიშვნელოვანია”


ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვი
ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვი
საქართველოში ბავშვის საკითხების მედიაში გაშუქებას დღეისათვის რამდენიმე იურიდიული დოკუმენტი არეგულირებს, თუმცა ბოლო დროს ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ, ამის მიუხედავად, მედიაში ბავშვთა საკითხის გაშუქება ხშირად ცივილიზებული საზოგადოების ნორმებს არ ემთხვევა. გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ მოქალაქე აქტივისტებთან ერთად ერთწლიან პროექტზე მუშაობს, რომლის მიზანია მედიაში ბავშვის თემის გაშუქებისას თვითრეგულირების სტანდარტები დამკვიდრდეს.

თუმცა სანამ საკითხი თვითრეგულირებამდე მივა, ჟურნალისტებს ბავშვის ფუნდამენტური უფლებების კარგად გააზრების გზაზე მედიამონიტორები გააკონტროლებენ. მედიამონიტორების წვრთნა გაეროს ბავშვთა ფონდის ინიცირებით მოხდა. ეს ადამიანები მედიაპროდუქციაში ბავშვის საკითხების გაშუქებას დააკვირდებიან და ყოველ დარღვევაზე წითელ შუქს აანთებენ. უფრო კონკრეტულად ამ საკითხზე რადიო თავისუფლებასთან გაეროს ბავშვთა ფონდის წევრმა მაია ქურციკიძემ ისაუბრა:

„მოხდება დაახლოებით სამოცდაშვიდი მედიასაშუალების მონიტორინგი - როგორც ნაციონალური, ასევე რეგიონალური - და კომპეტენტური ადამიანები, მედიამონიტორები, რომელთაც სპეციალური მომზადება გაიარეს, და ასევე იურისტები მოამზადებენ კონკრეტულ დასკვნებს კონკრეტული დარღვევების ფაქტებზე და შემდგომ საჩივრებს დაუგზავნიან ყველა მედიასაშუალებას, სადაც დაირღვა ბავშვის უფლება.“

მედიამონიტორინგი დაახლოებით ერთწლიანი პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც გამოიცა სტანდარტების კრებული, სადაც ზუსტად არის გაწერილი ჟურნალისტისა და ბავშვის კომუნიკაციის დეტალები, მედიასაშუალების ქცევის ნორმები; ასევე გამოიცა ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის.

„მე თვითონაც როცა ვკითხულობდი ამ წიგნს, ძალიან ბევრი საინტერესო და ახალი რამ აღმოვაჩინე. მაგალითად, ჟურნალისტი როდესაც მიდის გადასაღებად ბავშვთან, მის დონეზე უნდა ჩავიდეს, უნდა ჩაიმუხლოს, რომ ბავშვს არ დაადგეს ამ აპარატურით და არ შეაშინოს“, - ამბობს მაია ქურციკიძე.

მუხლი გინდ მოკეცე, გინდ არა, კვლევების მიხედვით, მოხრილი თუ გამართული ჟურნალისტის თავში ბავშვი ხშირად არის, როგორც მაია ქურციკიძე ამბობს,“პატარა საყვარელი არსება, რომელსაც ენის მოჩლექით უნდა ელაპარაკო, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი აზრი“.

ამის საპირისპიროდ, იმავე კვლევების მიხედვით, ბავშვებს უფროსებზე მეტად აინტერესებთ შემეცნებითი თემები. პროექტში მონაწილე ადამიანები ასევე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ბავშვები არ არიან შეზღუდულნი სამყაროს აღქმის იმ სტერეოტიპული ჩარჩოთი, რომელიც მოგვიანებით უყალიბდებათ მოზარდებს. მოკლედ, ბავშვისგან შეგვიძლია ვისწავლოთ. აი, რას ამბობს გოგი გვახარია, რომელიც ჩართულია პროექტში, ესწრება რეგიონალურ მედიასთან შეხვედრებს, მონაწილეობს დისკუსიებში:

„ბავშვები უფრო მეტად არიან დაინტერესებული ისეთი თემით, როგორიც განათლებაა. მათ უფრო მეტად აინტერესებთ ეს, ვიდრე მოზრდილებს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. ასევე თამაში უფრო მეტად აინტერესებთ, და ისეთი რაღაცები აინტერესებთ, რაც უკვე სტერეოტიპების ქვეშ მყოფ საზოგადოებას არ აინტერესებს.“

„არა, ბავშვის გაიდეალება არ უნდა მოხდეს. უბრალოდ, უნდა შვეხედოთ მას, როგორც ინდივიდს, რომლის ხმა მედიაში ისევე უნდა ისმოდეს, როგორც უფროსის“, - თქვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში მაია ქურციკიძემ იმის ხაზგასასმელად, რომ შესაძლოა ქცევის ნორმების უცოდინრობამ გამოიწვიოს მეორე უკიდურესობა, როცა მედია, იმის შიშით, რომ მონიტორების დამრღვევთა „წითელ“ სიაში არ აღმოჩნდეს, საერთოდ თავს არიდებს ბავშვების თემას:

„ბავშვის ხმა მედიაში უნდა ისმოდეს. ჩვენ არ უნდა გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში და არ უნდა ვთქვათ, რომ ბავშვი საერთოდ არ გამოვაჩინოთ მედიაში.“

ასეა თუ ისე, დასაწყისისთვის ჟურნალისტებს ორი დამატებითი რესურსი გაუჩნდათ. ესაა, როგორც ზემოთ ითქვა, წიგნი სტუდენტებისთვის და უნისეფის მედიასტანდარტების 70-გვერდიანი ბუკლეტი.
XS
SM
MD
LG