Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უკრაინის დესტაბილიზაციის გამო რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზე იმსჯელებს


დონეცკის აეროპორტი
დონეცკის აეროპორტი

ევროკავშირის ლიდერებმა საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს დაავალეს, 29 იანვრის შეხვედრაზე, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების გააქტიურების ფონზე, შესატყვისი ნაბიჯების შემუშავებაზე იმსჯელოს. როგორც ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, შესაძლო ზომები რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. თავის მხრივ კი, უკრაინამ საკანონმდებლო დონეზე რუსეთი აღიარა აგრესორად, რომელიც ყოველმხრივ ეხმარება „ტერორისტებს“.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა იშვიათად ერთსულოვან განცხადებაში ხაზგასმულია ის მტკიცებულებები, რომლებიც „აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისათვის რუსეთის მხრიდან მზარდ დახმარებას ადასტურებს“. განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, დაგმოს სეპარატისტთა თავდასხმები და უზრუნველყოს 2014 წლის მინსკის შეთანხმებების შესრულება.

„ვხედავთ რა სიტუაციის გაუარესებას, მივმართავთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მომავალ საბჭოს, შეაფასოს ვითარება და იმსჯელოს ნებისმიერ შესატყვის ნაბიჯზე, განსაკუთრებით, შემდგომ მკაცრ ზომებზე, რომლის ამოცანაც უნდა გახდეს მინსკის შეთანხმებათა სწრაფი და სრულყოფილი შესრულება“, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერთა ერთობლივ განცხადებაში.

ყირიმის ანექსიისა და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო, შარშან 28 წევრისაგან შემდგარმა ევროპის ბლოკმა რუსეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე საბანკო სფეროსა და ცალკეული საწარმოების მიმართ რამდენიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის სანქცია აამოქმედა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოახლოებული საბჭოს ფონია, სავარაუდოდ, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ ქალაქ მარიუპოლის საარტილერიო გარეუბნების დაბომბვა, რასაც 30 სამოქალაქო პირი შეეწირა, ხოლო 70-ზე მეტი დაიჭრა.

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო მარიუპოლზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმა, რასაც ორგანიზაციამ საერთაშორისო სამართლის ხელყოფა უწოდა. ამ ფონზე გაეროს კედლებში პირველად გამოითქვა ვარაუდი, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინის ოკუპაციას შეეცადოს.

„ჩვენ დღეს კვლავ გვიხდება შეკრება, რადგან რუსეთმა და სეპარატისტებმა კვლავ გათელეს ფეხქვეშ ეს ვალდებულებები. მათ ახალ სამიზნეებზე მიიტანეს იერიში, თუმცა რუსეთის საბოლოო მიზანი იგივე რჩება: დაიპყროს უფრო მეტი ტერიტორია და სულ უფრო და უფრო ღრმად გადასწიოს მის მიერ კონტროლირებადი საზღვარი უკრაინის ტერიტორიაზე“, განაცხადა 26 იანვარს, გაეროში გამოსვლისას, აშშ-ის ელჩმა სამანტა პაუერმა.

ასეთი კრიტიკის მიუხედავად, რუსეთი ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებს უკრაინის პრეზიდენტს, რომელმაც ცოტა ხნის წინ „დონბასზე კონტროლის დამყარების პირობა დადო“. კრემლის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინი 26 იანვარს პირადად ესაუბრა ტელეფონით გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს და განუმარტა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რომ ჯერ კიდევ 15 იანვარს შესთავაზა ორივე დაპირისპირებულ მხარეს მძიმე შეიარაღებისა და ტექნიკის გაყვანა ფრონტის ხაზიდან, თუმცა კიევის მხრიდან ამ შეთავაზებაზე პასუხი მხოლოდ 26 იანვარს, მას შემდეგ მიიღო, როდესაც დონეცკში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციები დაიწყო.

ამ ფონზე კვლავ გრძელდება სასტიკი ბრძოლები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ქვეყნის სამხედრო უწყების ცნობით, სტრატეგიულ ქალაქ დებალცევოსთან განვლილი დღე-ღამის განმავლობაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ბრძოლაში 9 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამ ქალაქის ხელში ჩაგდებით სეპარატისტები დონეცკისა და ლუგანსკის დამაკავშირებელ ყველა სატრანსპორტო არტერიას დაეპატრონებიან.

ამ ვითარებაში, 29 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო იმსჯელებს რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზე. თავის მხრივ კი, უკრაინამ 27 იანვარს საკანონმდებლო დონეზე რუსეთი აღიარა აგრესორად, რომელიც ყოველმხრივ ეხმარება „ტერორისტებს“.

„მოვუწოდებთ გაეროს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ნატოსა და სუამის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეას, რუსეთის ფედერაცია ცნოს აგრესორად, ხოლო თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები - ტერორისტულ ორგანიზაციებად და მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა დაუსჯელი არ დარჩნენ კაცობრიობის დანაშაულის ჩამდენი პირები“, - ნათქვამია უმაღლესი რადის განცხადებაში, რომელსაც 271 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG