Accessibility links

სპორტი და მოძრაობა რომ სხეულისთვისაც და სულისთვისაც მარგებელია, კარგად არის ცნობილი. მაგრამ ამერიკელმა მეცნიერებმა ახლახან დაადგინეს, რატომ არის ეს ასე. აღმოჩნდა, რომ წელში გამართულ პოზაში სიარული ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლით მომარაგებას. რიტმული რყევები სისხლძარღვებში წარმოშობს ტალღოვან წნევას, რაც დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე.

როგორც მკვლევართა ჯგუფის წევრი, ნიუ-მექსიკოს ჰაილენდსის უნივერსიტეტის თანამშრომელი, ერენსტ გრინი წერს, ახალი გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ თავის ტვინის სისხლით მომარაგება მეტად დინამიური პროცესია. ის უშუალოდ არის დამოკიდებული აორტაში წნევის ციკლურ ცვლაზე. ამ უკანასკნელზე, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ძალები, რომლებიც ფეხებზეც ზემოქმედებს.

გრინისა და მისი კოლეგების მიერ ადრე ჩატარებული გამოკვლევებიდან ცნობილი იყო, რომ სირბილისა და ძუნძულის დროს წარმოქმნილი რყევები ტალყოვან წნევას წარმოშობენ არტერიებში, რაც გულის ცემასთან სინქრონიზდება და დადებითად მოქმედებს სისხლით თავის ტვინის მომარაგებაზე.

ჯგუფის უკანასკნელ გამოკვლევაში მონაწილეობდა თორმეტი ჯანსაღი ზრდასრული პირი, რომელთაც აკვირდებოდნენ არა სირბილის, არამედ უბრალოდ გამართულ პოზაში სიარულის დროს, წამში ერთი მეტრი სიჩქარით. ულტრაბგერების მეშვეობით ზომავდნენ სისხლის დინებას საძილე არტერიაში, რომელიც თავის ტვინს ამარაგებს სისხლით. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინზე დადებითი ეფექტი თითქმის იგივე იყო, რაც სირბილის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ სიარულისას უფრო სუსტი ძალები წარმოიქმნება, ვიდრე სირბილისას, ტალღოვანი წნევა სიარულის დროსაც აქტიურდება. გრინის თქმით, მოხერხდა სისხლით ტვინის მომარაგებასა და სიარულის რიტმს შორის პირდაპირი კავშირის დადგენა. გამართულ პოზაში სიარულისას ნაბიჯის სიხშირე გულის რიტმს უახლოვდება და აძლიერებს მის ეფექტს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG