Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 არჩევნები გორში


გორში, 32-ე საარჩევნო ოლქში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დილიდან მშვიდად მიმდინარეობს. 90-ე საარჩევნო უბანი თავმჯდომარის დაგვიანების გამო გვიან გაიხსნა, ამის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი უკვე შევიდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან მმართველი პარტიის აქტივისტებისა და კოორდინატორების მიერ სხვადასხვა დარღვევებზე ლაპარაკობენ. უბნებთან სიებით აღჭურვილი მმართველი პარტიის წევრები მართლაც მოძრაობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება ხდება და ამით „ქართული ოცნება“ ცდილობს თავისთვის სასურველი შედეგი მიიღოს.

„შენების მოძრაობის“ წევრი ირმა პაპიძე კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ღია აგიტაციას ეწევიან საარჩევნო უბნებთან და არის ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობის შემთხვევებიც.

ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში უპასუხეს. პარტიის წარმომადგენელი მარლენ ნადირაძე არ უარყოფს, რომ საარჩევნო უბნებთან მათი პარტიის წევრები საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაციას ახდენენ, მაგრამ, მისი თქმით, ეს კანონდარღვევა არ არის.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, გორი და შიდა ქართლი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე დაბალი აქტივობით გამოირჩევა. გორში, 15 საათის მონაცემებით, 26 900 ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებში, რაც დაახლოებით 24 პროცენტია. უბნებიდან გამოსული ამომრჩევლები აცხადებენ, რომ ხმა ქალაქის კეთილდღეობასა და პატიოსნებას მისცეს.

გორის 32 -ე საარჩევნო ოლქში 110 174 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 105 საარჩევნო უბანი. გამარჯვებისთვის მერობის 9 კანდიდატი იბრძვის, პროპორციული სიები კი 13 პოლიტიკურ სუბიექტს აქვს წარდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG