Accessibility links

site logo site logo

Bidzina Ivanishvili & Media-დან Gakharia & Media-მდე - ვინ მართავს და რა იპოსტება 


Bidzina Ivanishvili & Media ერთ-ერთი ყველაზე პირველი ფეისბუკგვერდია, რომელიც სოციალურ ქსელში შეიქმნა და 2011 წლიდან "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა. გვერდმა სახელი დღეს დილით შეიცვალა და Bidzina Ivanishvili & Media-ს ნაცვლად Gakharia & Media გახდა. ამას წინ უსწრებდა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადება პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებაზე.

დეტალურ ინფორმაციას ამ ფეისბუკგვერდის შესახებ "სამართლიანი არჩევნები" ავრცელებს. გვერდმა 2011 წლიდან დღემდე 5631 პოსტი გამოაქვეყნდა, რასაც 2 042 736 ინტერაქცია ჰქონდა (კომენტარი, რეაქცია, გაზიარება). ბოლო მონაცემებით გვერდს 97,7 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

გვერდი გაბრიელ წულაიამ შექმნა. "სამართლიანი არჩევნების" მონაცემებით ის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა:

  • 2013 წლიდან 2015 წლამდე წულაიას საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა;
  • 2015 წელს იგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინტერნეტკომუნიკაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა;
  • 2017 წლის დეკემბერში გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან ერთ თვეში, წულაიამ შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დაიკავა;
  • 2019 წლის სექტემბერში, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაბრიელ წულაია მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა;
  • მისი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომიდან მალევე კი, თანამდებობა წულაიამაც დატოვა.

გაბრიელ წულაიამ 2020 წლის 17 ოქტომბერს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 6 000 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა გაიღო.

რადიო თავისუფლებას სურდა გაბრიელ წულაიასთან დაკავშირება, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG