Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბანკო დეპოზიტები და სესხები იანვარში


ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული იანვრის თვის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველოში დოლარიზაციის ხარისხი ყოველთვიურად იზრდება. ამას მოწმობს როგორც დეპოზიტების, ისე გაცემული სესხების რაოდენობა. ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ იზრდება ვადაგადაცილებული სესხების ოდენობაც.

2016 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 1.4 პროცენტით გაიზარდა და 14.5 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 22.3 პროცენტით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 211.5 მლნ ლარით (4.8 პროცენტით) შემცირდა. ლარის რესურსის 35.5 პროცენტი ფიზიკური პირების დეპოზიტებზე მოდის. სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 2016 წლის იანვარში 1.87 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 71.3 პროცენტს გაუტოლდა. იანვრის ბოლოსთვის იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 63.8 და 81.5 პროცენტს შეადგენდა.

რაც შეეხება სესხებს: 2016 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 138.6 მლნ ლარით გაიზარდა და 15.86 მლრდ ლარს გაუტოლდა, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 18.2 პროცენტი შეადგინა, თუმცა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე სესხების წლიური ზრდა რეალურად 4.8 პროცენტი იყო.

იანვრის ბოლოსთვის საკრედიტო პორტფელის 79.5 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 70.7 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული, მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 48.0 პროცენტს შეადგენდა.

იანვარში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 152.8 მლნ ლარით (2.8 პროცენტით) შემცირდა და 5.39 მლრდ ლარს გაუტოლდა. კლების დიდი წილი იურიდიული პირების გრძელვადიან სესხებზე მოდის. შემცირდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობაც - 9.7 მლნ აშშ დოლარით (0.2 პროცენტით). ამ კატეგორიის კრედიტების 61.5 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 82.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას ეკავა.

ეროვნული ბანკის ცნობით, იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 37.6 მლნ ლარით გაიზარდა და 329.7 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.0 პროცენტი იყო, რაც მოწმობს, რომ მევალეთა 98 პროცენტი ვალდებულებების გასტუმრებას ახერხებს. ვადაგადაცილებული სესხების 45.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

მონაცემები ცხადყოფს, რომ მოსახლეობაც ნაკლებად ენდობა ეროვნული ვალუტის სტაბილურობის დაპირებას და ამიტომ დეპოზიტებს უცხოურ ვალუტაში ინახავს; მეორე მხრივ კი, ლარში სესხების მიღებაც, როგორც ჩანს, უფრო გართულებულია.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG