Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ვალის მოცულობა იზრდება


მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 421 მლნ ლარით გაიზარდა და 13.9 მილიარდ ლარს მიაღწია. სახელმწიფო ვალის გაზრდა საშინაო ვალის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა. ოქტომბერში საშინაო სახელმწიფო ვალი 93 მლნ ლარით გაიზარდა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 5 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ, ლარის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 328 მლნ ლარით გაიზარდა. 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საგარეო სახელმწიფო ვალი 10 მლრდ 722 მლნ ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3 მილიარდ 140 მლნ ლარია.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ, დაახლოებით, 40,2 %-ია. 2014 წელს ეს მაჩვენებელი მშპ-ის 35.6 %, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 % იყო.

ამ ფონზე საქართველოს გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია აცხადებს, მთავრობა, ხშირ შემთხვევაში, ვალის აღებით თავის მიერვე დადგენილ ლიმიტებს არღვევს, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის (საქართველო - 2020) დოკუმენტით დადგენილ ლიმიტს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან საშუალოვადიან პერიოდში, კერძოდ, 2014-2020 წლებში, 40 %-ს არ უნდა აღემატებოდესო.

2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობას შიდა ვალის სახით 200 მილიონი ლარი უნდა აეღო, მაგრამ, 4 ნოემბრის მდგომარეობით, ვალის მოცულობა უკვე 335 მილიონ ლარს აღწევს. აუდიტის სამსახურის უფროსი მთავრობას მოუწოდებს, ვალის მოცულობის ზრდისას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება გაითვალისწინოს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მშპ-სთან თანაფარდობის დადგენილი ლიმიტი მთავრობის მიერ მცირედით, მაგრამ უკვე გადაჭარბებულია.

ამასთან, როგორც ციფრები იუწყება, შიდა ვალის მოცულობა, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, თითქმის გაორმაგებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მთავრობას საგადასახადო დავალიანებების დაფარვის პრობლემა ჯერჯერობით არ უდგას, ბიუჯეტში კი ცვლილების შეტანა კანონთან შეუსაბამობის ფორმალურ პრობლემასაც მოხსნის, ვალის ასეთი ზრდა ხაზგასასმელი და უდავოდ ყურადსაღებია.

ამ ფონზე საკმაოდ საინტერესო იყო eugeorgia.info -სთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორის სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერას მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, 2017 წელს მოსალოდნელი საიბიუჯეტო დეფიციტის შესავსებადსაქართველოს ხელისუფლებამ ხარჯები უნდა შეამციროს ან გადასახადები შემოიღოს. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება ინვესტიციების წასახალისებლად მოგების გადასახადი გაუქმდესგასაგებია, თუმცა მან შემოსავლის ალტერნატიული წყაროების მოძიებაზეც უნდა იზრუნოს.

ცხადია, თუ ამ ალტერნატიულ წყაროდ ხელისუფლება კვლავ ვალს გამოიყენებს, როგორც ამას 2016 წელს აკეთებდა და რასაც ბიუჯეტის მონაცემებიც ადასტურებს, ამ მიმართულებით ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება და ქვეყანას, შესაძლოა, დავალიანებების გადახდის პროცესშიც შეექმნას პრობლემები, მით უმეტეს, არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG