Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტროკრუნჩხვითი თერაპია დეპრესიის წინააღმდეგ - რუსეთში ახალი სამედიცინო სტანდარტი დაამტკიცეს

რუსეთის უწყების რეკომენდაციებში საუბარია ელექტროკრუნჩხვითი თერაპიის 12-სეანსიან კურსზე (ილუსტრაცია).
რუსეთის უწყების რეკომენდაციებში საუბარია ელექტროკრუნჩხვითი თერაპიის 12-სეანსიან კურსზე (ილუსტრაცია).

რუსეთში დეპრესიის მკურნალობის ახალ სტანდარტში შეტანილია ელექტროკრუნჩხვითი თერაპია, ელექტროპუნქტურა და ტვინის ელექტრული სტიმულაცია. ხელისუფლება ამ მეთოდების ეფექტიანობაზე საუბრობს, კრიტიკოსები კი შესაძლო კოგნიტიურ დარღვევებსა და „შარლატანურ“ პრაქტიკებზე მიუთითებენ.

რუსეთში განაახლეს განმეორებითი დეპრესიული ეპიზოდების მქონე ზრდასრულ პაციენტთა სამედიცინო დახმარების სტანდარტი. ჩამონათვალში შევიდა „ელექტროკრუნჩხვითი თერაპია“ - პროცედურა, რომლის დროსაც თავის ტვინში ხანმოკლე ელექტრულ იმპულსს ატარებენ. ასევე გაჩნდა ელექტროპუნქტურით მკურნალობის აღწერა. რა მეთოდებია ეს და როგორ ხსნის რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო მათი გამოყენების აუცილებლობას - ამის გარკვევას შეეცადა რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებული The CurrentTime-ის რედაქცია.

„საუკეთესო შემთხვევაში ადამიანს საკუთარი ცხოვრებიდან რაღაცები ავიწყდება“

სპეციალისტების განმარტებით, ელექტროკრუნჩხვითი თერაპია, ანუ ელექტროშოკით მკურნალობა, არის მეთოდი, რომლის დროსაც ექიმი პაციენტის თავზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით იწვევს ხანმოკლე, კონტროლირებად კრუნჩხვით შეტევას. როგორც წესი, პროცედურა ტარდება ფსიქიატრის, ანესთეზიოლოგისა და ექთნის თანდასწრებით.

რუსეთში ასეთ მკურნალობას მძიმე დეპრესიის დროს იყენებენ, მათ შორის მაშინ, როდესაც ექიმების ვარაუდით სუიციდის მაღალი რისკი არსებობს. ეს შესაძლებლობა წინა, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ 2022 წლის სტანდარტშიც იყო გათვალისწინებული.

„მეთოდს კარგი მტკიცებულებითი ბაზა აქვს, მის შესწავლას ასობით სტატია მიეძღვნა წამყვან საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში და ის შეტანილია ფსიქიატრიის წამყვანი ასოციაციების კლინიკურ რეკომენდაციებში“, - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს სერბსკის სახელობის მოსკოვის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არამედიკამენტური მკურნალობისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა ედუარდ ცუკარზიმ. მისივე თქმით, მეთოდი უმტკივნეულოა: „პროცედურები ტარდება ნარკოზის ქვეშ და მიორელაქსანტების (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ჩონჩხის კუნთების ტონუსს ამცირებს) გამოყენებით, რაც პაციენტებში ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნების წარმოქმნას გამორიცხავს“.

რუსეთის უწყების რეკომენდაციებში საუბარია 12-სეანსიან კურსზე. დოკუმენტი მეთოდის ეფექტიანობას 50-80%-ის ფარგლებში აფასებს.

„თუმცა ელექტროშოკით მკურნალობას გვერდითი ეფექტებიც აქვს, - ამბობს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ანდრეი პროკოფიევი, - ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ ადამიანს შეიძლება გარკვეული კოგნიტიური დარღვევები განუვითარდეს. უხეშად რომ ვთქვათ, საუკეთესო შემთხვევაში მას საკუთარი ცხოვრებიდან რაღაცები ავიწყდება, უარეს შემთხვევაში კი უბრალოდ ჭკუასუსტი ხდება“.

„შარლატანური მეთოდების მთელი გროვა“

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ელექტროკრუნჩხვითი თერაპია დაინერგა საბჭოთა კავშირში 1939 წელს. მაშინ პროცედურები თანამედროვე ანესთეზიის მეთოდების გარეშე ტარდებოდა და ყოველი ელექტრული განმუხტვა მტკივნეული იყო.

შემონახულია დისიდენტების მოგონებები იმის შესახებაც, თუ როგორ იყენებდნენ ამ მეთოდს საბჭოთა პერიოდში, 1970-იან წლებში, ე.წ. სადამსჯელო ფსიქიატრიის ფარგლებში.

„უძრაობის (“ზასტოი”) წლებში ცოტა ხნით ციხეში ვიჯექი, ცოტა ხნით - სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, გავიგე, რა არის ЭСТ (ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპია), ინსულინური კომა და ზურგს უკან ხელებშეკრული „პაციენტის“ ორსაათიანი ცემა. სწორედ ამიტომ გამოვედი თავისუფლებაზე მძიმე ქრონიკული დაავადებების გრძელი სიით“, - წერდა საბჭოთა დისიდენტი, სოციოლოგი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ალექსანდრ ტარასოვი.

რაც შეეხება განმეორებითი დეპრესიული ეპიზოდების დროს სამედიცინო დახმარების სტანდარტში პირველად შეტანილ მეთოდს, სახელწოდებით „ელექტროპუნქტურა“ (როდესაც ადამიანის სხეულის სხვადასხვა წერტილზე სუსტი ელექტროდენით ზემოქმედება), ამასთან დაკავშირებით ექსპერტთა საზოგადოებას არაერთი კითხვა უჩნდება რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისადმი.

„იქ შარლატანური მეთოდების მთელი გროვაა, რომელთა არსი ზოგჯერ ჩინურ მედიცინასთან შერევაში მდგომარეობს. არის ჩინური პუნქტურა - რა იქნება, თუ ელექტრომუხტსაც დავუმატებთ?! ყველა ეს მეთოდი, თავისი არსით, შარლატანურია. მათი ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებითი ბაზა არ არსებობს. ამის ობიექტური, დამოუკიდებელი მტკიცებულებები არ არსებობს“, - განუცხადა The CurrentTime-ს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ანდრეი პროკოფიევმა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება „განმეორებითი დეპრესიული ეპიზოდების მქონე ზრდასრული მოქალაქეებისათვის სამედიცინო დახმარების ახალი სტანდარტის შესახებ” ძალაში 3 ოქტომბერს შევიდა.

ანტიდეპრესანტების თითქმის გაორმაგებული მოხმარება

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მონიტორინგის თანახმად, 2026 წლის ივლისში გამოკითხულთა 49% საკუთარ თავში დეპრესიის სიმპტომებს აღნიშნავდა. ამასთან დეპრესიის ყველაზე მეტი ნიშანი მეცნიერებმა 25-დან 34 წლამდე ასაკის მოქალაქეებში აღმოაჩინეს. კვლევის თანახმად, ამავე ჯგუფებში შფოთვის დონეც გაიზარდა ბოლო თვეებში.

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის („როსსტატი“) მონაცემებით, შემცირდა შიზოფრენიისა და ფსიქოზის მაჩვენებლები - 2015 წელს 100 ათას მოსახლეზე 61,3 შემთხვევიდან 2024 წელს 58,2 შემთხვევამდე. თუმცა 2020 წლიდან 22%-ით გაიზარდა მოსახლეობაში პირველად გამოვლენილი დეპრესიული, შფოთვითი და სტრესთან დაკავშირებული აშლილობების რაოდენობა.

როგორც გამოცემა „კომერსანტი“ წერს, 2022 წლიდან თითქმის გაორმაგდა ანტიდეპრესანტების გაყიდვები - 14 მილიონი კოლოფიან 24 მილიონამდე.

კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG