უკრაინულმა ძალებმა ქერჩის (ყირიმის) ხიდს 24 საათის განმავლობაში ორჯერ შეუტიეს. ჯერ 16 ნოემბრის საღამოს (21:52-დან 23:00 საათამდე), როცა ქერჩის ადგილობრივი Telegram-არხები აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ. ინფორმაცია რუსულმა წყაროებმაც დაადასტურეს. მონიტორინგულ Telegram-არხებზე ასევე გამოჩნდა შეტყობინებები ხიდზე მოძრაობის შეჩერების შესახებ. მეორედ კი - 17 ნოემბერს. უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ დრონიდან გადაღებულ ვიდეოებს, რომლებშიც ხიდზე მიტანილი იერიშის შედეგებია ასახული. კადრებში ჩანს, რომ საავტომობილო ხიდის თაღი და მალა ჩამოინგრა და წყალში ჩავარდა.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 16 და 17 ნოემბერს უკრაინამ ქერჩის (ყირიმის) ხიდზე (რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს) დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა. მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქერჩის ხიდზე 16 და 17 ნოემბერს განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ტერორისტული აქტის“ მუხლით.
უკრაინული სადამკვირვებლო რესურსი Крымский ветер-ი (ყირიმის ქარი) იტყობინება, რომ ხიდის კონსტრუქციას ოთხი ფრთოსანი რაკეტა ესროლეს. თვითმხილველთა ვიდეოების მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი შეეჯახა 227 მეტრი სიგრძის ცენტრალურ თაღს, რის შემდეგაც კონსტრუქცია წყალში ჩაიქცა.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა ხიდზე მოძრაობის სრული შეჩერება დაადასტურა და ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ კრასნოდარის მხარეში მგზავრობისგან“. ამავე დროს, რადიო თავისუფლების პროექტ Krym.Realii-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ქერჩის სრუტეში ძლიერი შტორმია და საბორნე მიმოსვლაც შეჩერებულია.
ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში, ლენინის რაიონში. ამ დროისთვის ამ ინფორმაციის დამადასტურებელი სხვა წყაროები არ არსებობს.
ზელენსკის მადლობა
„უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების საპასუხოდ განხორციელებული უპრეცედენტო ოპერაციისთვის“ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს, თავდაცვის მინისტრს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალურ შტაბსა და იარაღის მწარმოებლებს. ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა 17 ნოემბერს, ყირიმის ოკუპირებული ნახევარკუნძულისა და რუსეთის დამაკავშირებელი ქერჩის ხიდის მორიგი დაზიანების ფონზე.
„დღეს ყველას შეუძლია დაინახოს რუსეთის ტერიტორიიდან ჩვენს უკრაინულ ყირიმში მიმავალი მთავარი სამხედრო გადასასვლელისთვის მიყენებული ზიანის შედეგები. ეს უკვე ოპერაციის მეშვიდე ეტაპის შედეგია. ოპერაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა, მისი დაგეგმვა და კოორდინაცია კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად განახორციელა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, მანამდე უკრაინული ჯარები ეტაპობრივად ანადგურებდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებსა და სხვა კონკრეტულ ობიექტებს.
„დღეს, ოპერაციის უკვე გადამწყვეტ ეტაპზე, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს დრონებმა „პალიანიცა“ და რაკეტებმა „ნეპტუნი“, რომლებმაც ხიდის საავტომობილო ნაწილი დააზიანეს, ასევე დრონებმა „რუტა“ და FP-5-მა, რომლებმაც სარკინიგზო მონაკვეთს დაარტყეს. „ფლამინგოს“ დახმარებით ჩვენმა მეომრებმა მართვადი დარტყმა განახორციელეს - კავშირგაბმულობა კი ბოლო წამამდე შესანიშნავად მუშაობდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისიც გაიხსენა, რომ კიევი მოსკოვს არაერთხელ სთავაზობდა ესკალაციის შემცირებისკენ მიმართულ ნაბიჯებს, თუმცა რუსეთი ყოველდღიურად უტევს უკრაინის რეგიონების ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებს ქვეყნის დედაქალაქში.
უკრაინის პრეზიდენტი ადრეც არაერთხელ აცხადებდა, რომ ყირიმის ხიდს კანონიერ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს, რადგან ის რუსეთის ჯარების მომარაგებისთვის გამოიყენება. 17 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხიდზე დარტყმა არის მათ შორის უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებზე პასუხიც.
„რუსეთი ყოველდღიურად უტევს ჩვენს ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებსაც — ზაპოროჟიეში, დნიპროში, კიევში, ოდესის ოლქში. ჩვენ ჩვენს ინფრასტრუქტურას აღვადგენთ. ამასთან, რუსეთს შევახსენებთ, რომ ომი ყოველთვის უბრუნდება იმ ადგილს, საიდანაც დაიწყო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის უშიშროების სამსახური ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) გენერალური შტაბი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) ადასტურებენ, რომ უკრაინული ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ქერჩის (ყირიმის) ხიდი.
„17 ნოემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ქერჩის ხიდზე. რუსეთი წლების განმავლობაში ამ ხიდის გარშემო ქმნიდა მითს ყირიმის რუსეთისადმი სამარადჟამო კუთვნილების შესახებ. ახლა კი ეს ნაგებობა ნაწილობრივ წყალშია ჩაქცეული. სრუტის თავზე მძლავრი აფეთქებების ხმა გაისმა. საავტომობილო ნაწილის თაღი და ხიდის მალა ჩამოინგრა. საავტომობილო მონაკვეთი მწყობრიდანაა გამოსული და მასზე ვერცერთი ავტომობილი ვერ გაივლის. სარკინიგზო მონაკვეთი ჯერ კიდევ დგას, თუმცა მისი თაღიც დაზიანებულია“, - ნათქვამია ВСУ-ს გენშტაბის განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობაში აღნიშნეს, რომ ეს წარმატება უკრაინული ძალების ერთობლივი, მრავალეტაპიანი ოპერაციის შედეგია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) დაამატეს, რომ ოპერაცია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შვიდი ეტაპისგან შედგებოდა.
„თავდაპირველად СБУ-მ და თავდაცვის ძალებმა სისტემურად გაანადგურეს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებები. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო დარტყმები უშუალოდ ხიდზე. მათი ნაწილი СБУ-მ დამოუკიდებლად განახორციელა. დასკვნით ეტაპზე უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობებიც. СБУ-ს სპეცდანიშნულების რაზმმა „ალფამ“ ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილს რაკეტა-დრონებით - „პალიანიცათი“ - დაარტყა, რის შემდეგაც ის ჩამოინგრა და წყალში ჩავარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
СБУ-ს ცნობით, სპეცოპერაციის დროს გამოყენებული იქნა უკრაინული წარმოების შეიარაღების „ფართო სპექტრი“: Dovbush-ი, Vendetta, Da Vinci, „იანვარი“, MICH 2000, „რუტა“, „პალიანიცა“, Ан-197, FP-1, FP-5 Flamingo და Р-360 Neptune.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ ეს ყირიმის ხიდის დაზიანების უკვე მეოთხე შემთხვევაა.
„2022 წლის ოქტომბერი - СБУ-მ ხიდზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ააფეთქა. 2023 წლის ივლისი - СБУ-ს საზღვაო დრონებმა (Sea Baby) ყირიმის ხიდის საყრდენებს შეუტიეს. 2025 წლის ივნისი - СБУ-მ ხიდის საყრდენები დანაღმა. აფეთქება წყლის ქვეშ მოხდა“, - განაცხადეს СБУ-ში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აღნიშნეს, რომ ქერჩის ხიდის აფეთქება რუსეთისთვის მხოლოდ სიმბოლური დარტყმა არ არის.
„ხიდი იყო მთავარი არტერია, რომლითაც ნახევარკუნძულსა და შემდეგ ყირიმის გავლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის სამხრეთში საწვავი, საბრძოლო მასალა, სამხედრო ტექნიკა და ჯარი შედიოდა. შემოდგომაზე მწყობრიდან გამოიყვანეს ჩონგარისა და გენიჩესკის ხიდები. ახლა ჯერი ქერჩის ხიდზეც მიდგა. ოკუპანტებს ყირიმთან სახმელეთო მიმოსვლის სულ უფრო ნაკლები გზა რჩებათ. ხიდზე მოძრაობის შეწყვეტის ყოველი საათი ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო დაჯგუფებები სამხრეთში ვერ იღებენ იმ რესურსებს, რომელთა გარეშეც ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელია“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
ეს არის რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყირიმის ხიდზე განხორციელებული მესამე მსხვილი თავდასხმა. 2022 წლის ოქტომბერში ხიდზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ააფეთქეს, რის შედეგადაც ხიდის რამდენიმე მალი დაინგრა. 2023 წლის ზაფხულში ხიდს საზღვაო უპილოტო აპარატებით შეუტიეს, რის შედეგადაც საავტომობილო მონაკვეთის ერთ-ერთი მალი ჩამოინგრა. 2025 წლის ზაფხულში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი ოპერაცია ჩაატარეს და ხიდის საყრდენების ქვეშ ასაფეთქებელი ნივთიერებები განათავსეს. მაშინ რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ხიდი არ დაზიანებულა.
ემუქრება თუ არა ყირიმს ბლოკადა?
ექსპერტთა შეფასებით, ყირიმის ხიდის დაახლოებით 227 მეტრი სიგრძის სანაოსნო თაღი დაინგრა და სრუტეში ჩაქცევა გადასასვლელის კრიტიკული დაზიანებაა, რადგან თაღი ხიდის უბრალოდ დეკორატიული ნაწილი კი არ არის, არამედ ის მონაწილეობს დატვირთვის გადანაწილებაში და ამაგრებს ხიდის მალის კონსტრუქციას, რითაც მთელი სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ 17 ნოემბრის განმეორებითი თავდასხმის შემდეგ ხიდის როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მონაკვეთებზე მოძრაობა სრულად შეჩერდა.
„ყირიმის სრულ ბლოკადაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, - ამბობს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ს სამხედრო მიმომხილველი ილია აბიშევი, - თუმცა სერიოზული სატრანსპორტო-ლოგისტიკური კრიზისის რისკი საგრძნობლად გაიზარდა. ყირიმის ხიდის თაღოვანი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ნახევარკუნძული რუსეთთან პირდაპირ საავტომობილო და სარკინიგზო კავშირს კარგავს“.
თუმცა სამხედრო ექსპერტის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყირიმი სრულ იზოლაციაში ექცევა:
“პირველ რიგში, რჩება სახმელეთო დერეფანი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიების გავლით. თუმცა უკრაინა სისტემატურად უტევს ყირიმის ჩრდილოეთით გამავალ სატრანსპორტო მარშრუტებს, ჩონგარის რაიონში მდებარე ხიდებსა და სხვა გადასასვლელებს. ამას უკვე შეუქმნია პრობლემები საწვავისა და სხვა ტვირთების, მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტვირთების მიწოდებისთვის. მეორე - არსებობს ქერჩის სრუტის საბორნე გადასასვლელი. მას შეუძლია ხიდის დაკარგვით გამოწვეული პრობლემის ნაწილობრივ კომპენსირება, თუმცა მისი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია და თავადაც მოწყვლადია დრონების თავდასხმების მიმართ. მესამე - შესაძლებელია ყირიმის მომარაგება რუსეთიდან საზღვაო გზით. თუმცა ეს გზაც სახიფათოა, რადგან აკვატორიაში უკრაინის მრავალი საზღვაო და საჰაერო უპილოტო აპარატი მოქმედებს”.
ილია აბიშევის თქმით, შესაძლოა ყირიმის ხიდის ნანგრევებმა და განსაკუთრებით მისმა უზარმაზარმა თაღმა გადაკეტეს სანაოსნო არხი, რაც უთუოდ გაართულებს დიდი ზომის გემების გადაადგილებას და დამატებით პრობლემებს შეუქმნის აზოვის ზღვის პორტებს - მარიუპოლსა და ბერდიანსკს.
ყირიმის (ქერჩის) ხიდის მნიშვნელობა და ტექნიკური მონაცემები
მშენებლობის ხანგრძლივობა - ხიდის მშენებლობა, რომელიც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ დაიწყო, ეტაპობრივად მიმდინარეობდა: საავტომობილო ნაწილი გაიხსნა 2018 წლის 15 მაისს მსუბუქი ავტომობილებისთვის, 2018 წლის ოქტომბერში - სატვირთოებისთვის (მშენებლობას 2 წელი და 3 თვე დასჭირდა).
ხიდის სარკინიგზო ნაწილი - გაიხსნა 2019 წლის 23 დეკემბერს სამგზავრო მატარებლებისთვის; სატვირთო გადაზიდვებისთვის - 2020 წლის ივნისში. მთლიანი კომპლექსის დასრულებას, ჯამში, დაახლოებით 4 წელი დასჭირდა.
ტექნიკური მახასიათებლები და სიგრძე - ხიდი ქერჩის სრუტეზე გადის და ერთმანეთთან აკავშირებს ტამანისა (კრასნოდარის მხარე, რუსეთი) და ქერჩის (ანექსირებული ყირიმი) ნახევარკუნძულებს. ხიდის საერთო სიგრძეა (მისასვლელი გზების ჩათვლით) 19 კილომეტრი: 18,1 კმ - სარკინიგზო ხაზი, 16,9 კმ - საავტომობილო მაგისტრალი. იგი ევროპაში ყველაზე გრძელ ხიდად ითვლება.
სტრუქტურა - შედგება ორი პარალელური ნაგებობისგან - ოთხზოლიანი საავტომობილო მაგისტრალისა და ორლიანდაგიანი რკინიგზისგან; გემების გასატარებლად მოწყობილია ლითონის ორი სანაოსნო თაღი (სიგრძე - 227 მეტრი, სიმაღლე წყლის ზედაპირიდან - 35 მეტრი).
გამტარუნარიანობა - დღე-ღამეში 40 000-მდე ავტომობილი და 47 მატარებელი (წელიწადში დაახლოებით 14 მილიონი მგზავრი და 13 მილიონი ტონა ტვირთი).
ღირებულება - პროექტის ოფიციალურმა ღირებულებამ დაახლოებით 228 მილიარდი რუბლი (იმდროინდელი კურსით 3,7 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა.
მნიშვნელობა და ფუნქცია - ხიდს რუსეთისთვის სამი ძირითადი დატვირთვა აქვს:
- სამხედრო-ლოგისტიკური არტერია 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ხიდი იქცა მომარაგების მთავარ ხაზად რუსული ჯარებისთვის არა მხოლოდ ყირიმში, არამედ სამხრეთ უკრაინის (ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების) ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწორედ ამ ხიდით ხდებოდა მძიმე ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და საწვავის გადაზიდვა. (2022 წლის ოქტომბრისა და 2023 წლის ივლისის აფეთქებების შემდეგ, მძიმე სამხედრო ტვირთების გადატანა ამ ხიდით მნიშვნელოვნად შეიზღუდა და რუსეთი იძულებული გახდა, ალტერნატიული სახმელეთო დერეფნები და ბორნები გამოეყენებინა).
- ეკონომიკური და სატრანსპორტო ინტეგრაცია - ანექსიამდე ყირიმი ძირითადად უკრაინის კონტინენტურ ნაწილზე იყო მიბმული. ხიდის აშენებამდე რუსეთთან კავშირი მხოლოდ საბორნე გადასასვლელითა და ავიაციით ხორციელდებოდა, რაც, ამინდზე დამოკიდებულების გამო, მნიშვნელოვნად აფერხებდა ტვირთბრუნვას. ხიდმა უზრუნველყო ნახევარკუნძულის უწყვეტი მომარაგება საწვავით, პროდუქტებით, სამშენებლო მასალებითა და ტურისტული ნაკადით.
- პოლიტიკური და პროპაგანდისტული სიმბოლო - კრემლისთვის ეს ნაგებობა ანექსირებული ტერიტორიის რუსეთთან ფიზიკური და შეუქცევადი მიერთების მთავარი სიმბოლოა. ვლადიმირ პუტინის პირადი ჩართულობა (მაგალითად, ხიდის გახსნისას სატვირთო მანქანის საჭესთან დაჯდომა) ხაზს უსვამდა პროექტის საკრალურ-პოლიტიკურ მნიშვნელობას რუსული პროპაგანდისთვის.
ფორუმი