Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირ-უკრაინის სამიტი და მარტინ შულცის არჩევანი


ევროკავშირ-უკრაინის სამიტი
ევროკავშირ-უკრაინის სამიტი

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აპირებს დაარწმუნოს ევროკავშირის ლიდერები, რომ შეინარჩუნონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და აღარ გადადონ უკრაინელი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტა.

გადმოწერა

ევროკავშირ-უკრაინის 24 ნოემბრის სამიტის ფონია კიევის შეშფოთება იმით, რომ შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციის შემდეგ შერბილდება დასავლეთის სიმტკიცე რუსეთის მიმართ. მომავალ თვეში ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ რუსეთის მიმართ შემოღებული სანქციების გაგრძელების თაობაზე. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში გამოთქვა ვარაუდი კრემლისადმი უფრო შემრიგებლური მიდგომისა და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ცნობის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტს სურს ასევე, რომ დაჩქარდეს უკრაინისათვის სავიზო ლიბერალიზების შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის ყველა შტოს მიერ, თუმცა პრეზიდენტ პოროშენკომ კონკრეტული პასუხი მხოლოდ ევროპარლამენტის თავმჯდომარის, მარტინ შულცისგან მიიღო.

მარტინ შულცი
მარტინ შულცი

„ევროპარლამენტში ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო, რომ დაგვეჩქარებინა ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ყველაფერი მოვამზადეთ. მეტიც, ჩვენ ველოდებით შესაბამის კომიტეტებში კენჭისყრას, ერთი მხრივ, უკრაინისათვის სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმების თაობაზე და, მეორე მხრივ, ეგრეთ წოდებულ შეჩერების მექანიზმზე. ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ ჭიანურდება, ჭიანურდება იქ, ევროკავშირის საბჭოში [იგულისხმება გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების მიერ], და არა ევროპის პარლამენტში. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იპოვიან გამოსავალს“, - განაცხადა მარტინ შულცმა.

ევროკავშირ-უკრაინის სამიტის დაწყებამდე ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ის ქვეყნებიც გააცნო, რომლებსაც შენიშვნები აქვთ უკრაინასთან სავიზო ლიბერალიზების შეთანხმებასთან დაკავშირებით. საფრანგეთის გარდა, შულცმა დაასახელა ასევე ბელგია, იტალია, გერმანია და ნიდერლანდი, სადაც აპრილის რეფერენდუმზე ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭრა ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

ევროკავშირ-უკრაინის სამიტის პარალელურად, 24 ნოემბერს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერებას, ანკარის მიერ ქვეყნის შიგნით გატარებული რეპრესიული პოლიტიკის გამო. 24 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია, რომელიც სამართლებრივად სავალდებულო არ არის, მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, შემოიღონ „დროებითი მორატორიუმი“ ანკარასთან მოლაპარაკებებზე, ვიდრე თურქეთი არ გააუქმებს „არაპროპორციულ ზომებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“. კენჭისყრის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გააკრიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებმაც „არ შეასრულეს პირობა“ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ.

ბოლო თვეში პრესაში ძალიან ბევრ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი ჩემი მომავლის თაობაზე. ახლა მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება აღარ ვიყარო კენჭი მესამე ვადით ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე...
მარტინ შულცი

24 ნოემბერს ცნობილი გახდა ევროპარლამენტის თავმჯდომარის მარტინ შულცის გადაწყვეტილება, მესამე ვადით აღარ იყაროს კენჭი ამ პოსტზე და დაბრუნდეს გერმანულ პოლიტიკაში. ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სოციალ-დემოკრატმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ მომავალ წელს იბრძოლებს გერმანიის ბუნდესტაგში ადგილის მოსაპოვებლად:

„ბოლო თვეში პრესაში ძალიან ბევრ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი ჩემი მომავლის თაობაზე. ახლა მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება აღარ ვიყარო კენჭი მესამე ვადით ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. მომავალ წელს მე კენჭს ვიყრი გერმანიის ბუნდესტაგში, როგორც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიის ლიდერი. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, ვინაიდან ევროკავშირის პარლამენტის თავმჯდომარეობა ძალიან საპატიოა და ამ შესაძლებლობისათვის ძალიან მადლიერი ვარ“.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აპირებს კენჭი იყაროს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე. ვარაუდობენ, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მას შეცვლის მარტინ შულცი, რომელიც ანგელა მერკელის წინააღმდეგ იბრძოლებს კანცლერის პოსტის დასაკავებლად. ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე შულცს ამის თაობაზე კონკრეტულად არაფერი უთქვამს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG