Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი და კომპრომატები დონალდ ტრამპზე


აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს გასულ კვირაში გააცნო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის დაზვერვის სამსახურები ტრამპზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატებს ფლობენ. ეს ცნობა 10 იანვარს გაავრცელეს შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მედიასაშუალებებმა, მათ შორის "სი-ენ-ენ"-მა, "ნიუ-იორკ ტაიმსმა" და "როიტერსმა".

მოსკოვი და დონალდ ტრამპზე კომპრომატები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:25 0:00
გადმოწერა

ამ რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალების ინფორმაციით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიაკვლია შეუმოწმებელ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსეთი ფლობს ტრამპზე კომპრომატებს და ბიურომ ეს ინფორმაცია საკმარისად სანდოდ მიიჩნია საიმისოდ, რომ ის აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტისა და არჩეული პრეზიდენტისათვის გაეცნო. ახლა გამოძიების ფედერალური ბიურო, როგორც იუწყებიან, მის მართებულობას ამოწმებს. კომპრომატებზე ცნობა შესულია ორგვერდიან რეზიუმეში, რომელიც ახლავს ანგარიშს აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ზეგავლენის შესახებ. ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-ის ინფორმაციით, რეზიუმე იმდენად კონფიდენციალურად ჩაითვალა, რომ გასულ კვირაში გამართულ შეხვედრებზე ის სულ ათ ადამიანს გააცნეს: ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსა და რვა კონგრესმენს. ასეთ ცნობას ავრცელებენ „ნიუ-იორკ ტაიმსი“, „ასოიშიეიტიდ პრესი“, „როიტერსი“ და ზოგი სხვა მედიასაშუალებაც, ანონიმი ამერიკელი ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

ინფორმაციას, რომ კრემლი დონალდ ტრამპზე კომპრომატებს ფლობს, უკვე გამოეხმაურა თავად ტრამპი: ყალბი ცნობები, პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზეო, - წერს ის „ტვიტერში“.

მოსკოვიც კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 11 იანვარს მოსკოვში უთხრა ჟურნალისტებს, რომ „კრემლს არ გააჩნია კომპრომატების დოსიე დონალდ ტრამპზე“ და ამის უარმყოფელი ნებისმიერი განცხადება „სრული ფანტაზიაა“. „ეს არის აშკარა მცდელობა ზიანი მიაყენონ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. ანგარიშის წინა, არაგასაიდუმლოებული, ნაწილის ხარისხი და ეს სიყალბე ერთმანეთს შეეფერება. ინგლისურად ამას pulp fiction ჰქვია, მაკულატურა“, - განაცხადა პესკოვმა.

ორი დღით ადრე მან მკაცრად გააკრიტიკა ამერიკული დაზვერვის სამსახურების ანგარიში, რომელიც 6 იანვარს გამოქვეყნდა და რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტის „დავალებით“ ჩატარდა ჰაკერული თავდასხმებისა და დეზინფორმაციის კამპანია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. ანგარიში „უსაფუძვლო ბრალდებებს“ შეიცავს და „არაპროფესიულ, ემოციურ დონეზეა“ მომზადებულიო, თქვა 9 იანვარს პესკოვმა. 11 იანვარს კი კომპრომატებზე ცნობა უარყო არა მარტო მან, არამედ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკოლაი კოვალიოვმაც. ვის აინტერესებს კომპრომატები კაცზე, რომელიც აქ სილამაზის კონკურსის ჩასატარებლად ჩამოვიდა? ჩემი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთში ასეთი პრაქტიკა არ არსებობსო“, უთხრა კოვალიოვმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“.

არადა, დასავლეთის მედიის მონაცემებით, რუსეთი ფლობს კომპრომატებს და ეს რომ ასეა, „სი-ენ-ენის თანახმად“, შეიტყო ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ და რომელსაც, წარსულში გაწეული სამუშაოს გათვალისწინებით, სანდოდ მიიჩნევენ. 90-იან წლებში ბრიტანეთის ეს აგენტი რუსეთში მუშაობდა, ახლა კი ხელმძღვანელობს კერძო კომპანიას, რომელიც სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებს. მის გამოძიებას თავდაპირველად აფინანსებდნენ ტრამპის რესპუბლიკელი ოპონენტები რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნების დროს. მოგვიანებით, როცა ტრამპი პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი გახდა, გამოძიების დაფინანსებაზე ზრუნვა დაიწყეს სხვებმა - პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, მხარდამჭერებმა.

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში ტრამპის ყოფნის დროს საკმარისი კომპრომატი მოიპოვა მის დასაშანტაჟებლად - მაგალითად, სექსვიდეოები მეძავების მონაწილეობით, გადაღებული 2013 წელს, მოსკოვში დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს. ანგარიშში ნათქვამია, ასევე, რომ აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ტრამპის წარმომადგენლებს რეგულარული კონტაქტი ჰქონდათ რუს ოფიციალურ პირებთან. აღწერილია რამდენიმე შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილეს დემოკრატიული პარტიის ელფოსტაზე ჰაკერული თავდასხმა და სხვა საკითხები.

„სი-ენ-ენ“-ის ცნობით, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, ჯეიმს კომის, დეკემბერში გადასცა ინფორმაცია, რომელიც შესულია გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG