Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ფილმი პუტინზე: "დასავლეთს მაშინ ვუნდივართ, როცა გვიჭირს"


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

26 აპრილს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა ახალი ფილმი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. ფილმში პუტინი წარმოდგენილია პატრიოტად, რომელიც დასავლეთის მიერ დაფინანსებული ტერორისტებისგან იცავს რუსეთს.

„პრეზიდენტი“ - ასე ჰქვია ვლადიმირ სოლოვიოვის ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 15-წლიან მმართველობას ასახავს. ფილმში თავად პუტინიც მონაწილეობს. ის ბევრს საუბრობს დასავლეთის ფარულ ქმედებებზე რუსეთის წინააღმდეგ, დასავლეთის ქვეყნების თანამშრომლობაზე ტერორისტებთან. პუტინის თქმით, „ქვეყნებმა ტერორისტები არასდროს არ უნდა გამოიყენონ მოკლევადიანი პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად“. ყველაფერი ეს ახლა, როგორც ამას პუტინი ამბობს, დასავლეთს თავად შეუბრუნდა. იგი დასავლეთს ადანაშაულებს ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მხარდაჭერაში იმისთვის, რომ ამ უკანასკნელებს რუსეთი დაექუცმაცებინათ. ფილმში პუტინი იმასაც კი ამბობს, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წევრებს აზერბაიჯანში პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებთან და მათ ტრანსპორტითაც კი უზრუნველყოფდნენ. ამ შემთხვევების თარიღი პუტინს არ დაუზუსტებია, თუმცა თქვა, რომ ამ საკითხზე ესაუბრა აშშ-ის იმდროინდელ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს, რომელიც მას დაპირდა, რომ საქმეს გამოიძიებდა და დამნაშავეებს დასჯიდა. პუტინის მტკიცებით, ბუშთან საუბრიდან ათი დღის შემდეგ ვაშინგტონიდან მიიღო წერილი, რომელშიც თეთრი სახლი იწერებოდა, რომ აშშ შეინარჩუნებდა ურთიერთობას რუსეთში მოქმედ ყველა ოპოზიციურ ძალასთან.

პუტინი ხშირად ცდილობს, თავი წარმოგვიდგინოს მამაც ლიდერად, რომელიც იბრძვის დასავლეთის ძალისხმევის წინააღმდეგ, დაშალოს და დაასუსტოს რუსეთი. სოლოვიოვის დოკუმენტურ ფილმში პუტინი ამბობს, დასავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტები კმაყოფილი არიან, როცა ჩვენ გვიჭირს, მაგრამ საკმარისია საკუთარ ინტერესებზე ხმამაღლა დავიწყოთ საუბარი, მაშინვე კონკურენციის ეშინიათო. ფილმში დასავლეთის მხარე საერთოდ არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, პუტინის ბრალდებები პასუხგაუცემელია. არადა, აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ირწმუნებიან, რომ სწორედ დასავლეთის ინტერესებშია აყვავებული, სტაბილური და სანდო რუსეთის არსებობა.

„პრეზიდენტი“ ერთ-ერთია იმ ხუთი ფილმიდან, რომლებსაც ბევრი მიმომხილველი პიროვნების კულტის მზარდი ტენდენციის ნაწილად მიიჩნევს. ეს პროცესი კიდევ უფრო აშკარად შეინიშნება 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა. რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის, „როსია 1“-ის ვებსაიტზე ფილმის შინაარსი აღწერილია, როგორც „გზა, რომელიც ქვეყანამ პუტინთან ერთად გაიარა 15 წლის განმავლობაში“.

საბჭოთა კაგებეს ყოფილი თანამშრომელი, ვლადიმირ პუტინი 1999 წლის აგვისტოში გახდა პრემიერ-მინისტრი და შემდეგ, 31 დეკემბერს, პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ის, ფაქტობრივად, თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. 2000 წლის 7 მაისს შედგა რუსეთის პრეზიდენტად პუტინის ინაუგურაცია. განსაკუთრებული პოპულარობა მან მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჩეჩნეთში ომი დაიწყო, სეპარატისტი მთავრობა ჩამოაგდო და არ საშუალება მისცა ჩრდილოეთ კავკასიის ამ რესპუბლიკას, გამოჰყოფოდა რუსეთს.

პუტინის მესამე, ახლანდელი მანდატი, ხასიათდება ანტიდასავლური პროპაგანდის ახალი ტალღით. 2014 წლის მარტში რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა და დღემდე მხარს უჭერს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან უკვე 6000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. სოლოვიოვის ფილმში პუტინი ბოლოდროინდელ მოვლენებზეც საუბრობს. მისი თქმით, რუსეთის მთავრობას უკრაინაში ცუდი არაფერი ჩაუდენია. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თამაშის არავითარ წესებს არ ვარღვევთ, ვგულისხმობ საერთაშორისო კანონებს, გაეროს ქარტიასა და ყველაფერს, რაც მასთანაა დაკავშირებული“ - განაცხადა პუტინმა სოლოვიოვთან საუბრისას.

ფილმში პუტინმა ისიც გაიმეორა, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთი ინარჩუნებს რუსეთის მიმართ მტრულ განწყობას და არ სური, გაითვალისწინოს მოსკოვის ლეგიტიმური ინტერესები. „ჩვენმა პარტნიორებმა უნდა შეიგნონ, რომ ისეთ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, აქვს და არც შეიძლება არ ჰქონდეს, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები. საჭიროა, ერთმანეთს პატივისცემით მოვეპყრათ, დავიცვათ ბალანსი და გამოვნახოთ პრობლემების მოგვარების ორივე მხარისთვის მისაღები გზები“ - ამბობს პუტინი ვლადიმირ სოლოვიოვის ახალ დოკუმენტურ ფილმ „პრეზიდენტში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG