შეერთებულ შტატებს აქვს ახალი უფლებამოსილებები რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდისთვის, თუმცა მისი ზეგავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე, გამოიყენებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია მათ თანმიმდევრულად და განუმარტავს თუ არა მკაფიოდ მოსკოვსა და სხვა მთავრობებს, თუ რას ელის მათგან, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა დენიელ ფრიდმა.
„ადმინისტრაციამ უნდა შეწყვიტოს ორაზროვანი სიგნალების გაგზავნა“, - განაცხადა ფრიდმა 29 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ სანქციების თაობაზე ახლად ამოქმედებულმა კანონმა შესაძლოა ვაშინგტონს მოსკოვზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების ბერკეტი მისცეს, თუ ის გამოყენებულ იქნება დიპლომატიასთან და აშშ-ის მოკავშირეებთან კოორდინაციასთან ერთად.
ფრიდმა, რომლის კარიერაც ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მოიცავდა აშშ-ის შვიდ ადმინისტრაციას, მათ შორის პოლონეთში აშშ-ის ელჩისა და სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორის თანამდებობებზე მუშაობას, განაცხადა, რომ კანონი ადმინისტრაციას აძლევს ინსტრუმენტებს, დარტყმა მიაყენოს რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავლებსა და იმ ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვას.
„სწორი მომენტი სწორედ ახლაა“, - განაცხადა ფრიდმა, რომელიც 2017 წელს გადადგა სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
ფრიდმა აღნიშნა, რომ კვლავ სანქციების კოორდინატორად რომ მუშაობდეს, იგი გაემგზავრებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რათა განეხილა რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვის შემცირება და მოლაპარაკებები გაემართა შეთანხმებებზე, რომლებიც შეამცირებდა მათ დამოკიდებულებას მოსკოვზე.
2026 წლის „ლინდსი ო. გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ“, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 სექტემბერს მოაწერა ხელი, მიმართულია რუსეთის ოფიციალური პირების, ბანკების, ენერგეტიკული სექტორისა და იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია სანქციებისთვის გვერდის ავლით მოქმედი ნავთობის ტანკერებისგან შემდგარ რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტთან. იგი ადმინისტრაციას ასევე ანიჭებს უფლებამოსილებას, ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მოცულობით შესყიდვას.
კანონი არ არის სრულყოფილი, განაცხადა ფრიდმა, თუმცა იგი უზრუნველყოფს საკმარის მოქნილობას იმისთვის, რომ სასარგებლო იყოს.
„მე შევძლებდი ამის გაკეთებას, და თუ მე შევძლებდი, სხვასაც შეუძლია“, - განაცხადა მან.
„რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ ამ კანონმა შეამციროს პუტინის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან“, - განაცხადა ფრიდმა. „თუ ამას გააკეთებთ, თქვენ რაღაცას მიაღწევთ“.
ფრიდმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციებმა შესაძლოა ირიბი ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე იმით, რომ აიძულოს იგი, უფრო დიდი ფასდაკლებით გაყიდოს ნავთობი. „თუ ისინი ამას გააკეთებენ, თითოეული დოლარი, რომელსაც ისინი ვერ იშოვიან, კანონის წარმატებაა“, - თქვა მან.
თუმცა ფრიდმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო აქტს შეზღუდული ეფექტი ექნება, თუ ვაშინგტონიდან მომავალი სხვა სიგნალები იმას მიანიშნებს, რომ ადმინისტრაციას გლობალურ ბაზრებზე რუსული ენერგორესურსების მიწოდების შენარჩუნება უფრო ადარდებს, ვიდრე მოსკოვის შემოსავლების შემცირება.
მან მაგალითად მოიყვანა ტრამპის კომენტარები იმის შესახებ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმები ხელს უწყობდა დიზელის ფასების გაზრდას. „ეს აგზავნის ორაზროვან სიგნალს, რომ ჩვენ სინამდვილეში გვსურს ბაზარზე მეტი რუსული ნავთობისა და დიზელის ნახვა, ვიდრე ნაკლებისა“, - თქვა ფრიდმა.
„ვაშინგტონიდან მომავალი ეს ორაზროვანი სიგნალები ძირს უთხრის კანონს, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისინი ძირს უთხრის სწორ პოლიტიკას“, - დასძინა მან.
ახალი გამოცდა ვაშინგტონის რუსეთის პოლიტიკისთვის
ფრიდის კომენტარები გაჟღერდა იმ ფონზე, როდესაც ახალი ცნობები აშშ-სა და რუსეთს შორის ეკონომიკური დისკუსიების შესაძლო გაფართოებაზე მიუთითებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად.
გამოცემა The Atlantic იტყობინება, რომ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა წამოაყენა გეგმა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა შესაძლოა პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქების სანაცვლოდ. წინადადება პირველად წამოიჭრა რამდენიმე თვის წინ და ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, იტყობინება გამოცემა.
ინიციატივამ შესაძლოა გზა გაუხსნას აშშ-სა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განახლებას ომის გაგრძელების პარალელურად, წერს The Atlantic.
სახელმწიფო დეპარტამენტს ამ ცნობაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
კოული მსგავს მიდგომას მიმართავდა ბელარუსთან მიმართებითაც, რომელმაც პოლიტპატიმრებად მიჩნეული 500-მდე ადამიანი გაათავისუფლა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ვაშინგტონმა ასევე დაიწყო დისკუსიები ბელარუსთან ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე, მათ შორის აშშ-ის მიერ ბელარუსული კალიუმის სასუქის შესაძლო შესყიდვაზე.
რუსეთი ჩაერთო ამ დისკუსიებში, რადგან ევროპულმა სანქციებმა შესაძლოა მოითხოვოს ბელარუსული კალიუმის ტრანსპორტირება რუსეთის ტერიტორიის გავლით, წერს The Atlantic.
ამასობაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მაღალჩინოსან წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს, 28 სექტემბერს შეხვდა ტრამპის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი, დაუდასტურა რადიო თავისუფლებას აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით. ოფიციალურ პირს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
გავრცელებული ცნობით, დმიტრიევი 29 სექტემბერს შეხვდა აშშ-ის ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროების ოფიციალურ პირებს.
დმიტრიევი იყო რუსეთის საკვანძო წარმომადგენელი ტრამპის ადმინისტრაციასთან კონტაქტებში და ადრე მონაწილეობდა დისკუსიებში, რომლებიც ეხებოდა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებს, ასევე ომის მოგვარების ძალისხმევას.
ფრიდმა თქვა, რომ სანქციების შესახებ ახალი კანონის მოქნილობა შესაძლოა სასარგებლო იყოს სწორედ იმის გამო, რომ ვაშინგტონს შეუძლია ეკონომიკური ზეწოლა მოლაპარაკებებთან შეახამოს.
მან აღნიშნა, რომ აშშ-მა სხვა მთავრობებს უნდა განუცხადოს, რომ იგი აპირებს შეზღუდვების აღსრულებას და ამავე დროს მათ გზები შესთავაზოს რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვის შესამცირებლად.
ფრიდმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ევროპულ მთავრობებთან და „დიდ შვიდეულთან“ (G7) თანამშრომლობის მნიშვნელობა.
„მხოლოდ ამერიკისგან გაგზავნილ გზავნილს ნაკლები წონა ექნება, ვიდრე თავისუფალი სამყაროს ყველა ეკონომიკური სვეტისგან მიღებულ გზავნილს“, - განაცხადა ფრიდმა.
კანონმდებლები მეტ ზეწოლას მოითხოვენ
სანქციების შესაძლო შემსუბუქებამ გამოიწვია იმ კანონმდებელთა წინააღმდეგობა, რომლებიც მხარს უჭერენ მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის შენარჩუნებას.
როგორც ილინოისის შტატის სენატორმა, სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა, დიკ დურბინმა, განუცხადა 29 სექტემბერს რადიო თავისუფლებას, ის იმედოვნებს, რომ „პრეზიდენტი გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას სანქციების შესახებ კანონის ფარგლებში, რათა რუსეთის ძირითად სავაჭრო პარტნიორებს უთხრას“, რომ დაემორჩილონ აშშ-ის ახალ ზომებს.
კონგრესის ორპარტიულმა „უკრაინის კოკუსმაც“ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გაზრდა, სანამ უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრა გრძელდება.
განცხადება გავრცელდა კოკუსის ოთხი თანათავმჯდომარის - ოჰაიოს შტატის დემოკრატი წარმომადგენლის, მარსი კაპტურის, ილინოისის შტატის დემოკრატი წარმომადგენლის, მაიკ კვიგლის, პენსილვანიის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენლის, ბრაიან ფიცპატრიკისა და სამხრეთ კაროლინის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენლის, ჯო უილსონის მიერ.
„ორი კვირის წინ კონგრესმა მიიღო რუსეთის შესახებ სანქციების ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი 2017 წლის შემდეგ“, - განაცხადეს კანონმდებლებმა.
„სანამ გრძელდება რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინის დაპყრობისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების დაშინების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი სამხედრო დამნაშავე ვლადიმირ პუტინის შესაჩერებლად“.
ისინი ცალკე გამოეხმაურნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ადმინისტრაცია განიხილავს სანქციების შემსუბუქებას პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
„სანქციების შემსუბუქება წაახალისებს რუსეთს და გაახანგრძლივებს ომს“, - განაცხადეს კანონმდებლებმა.