Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაცოცხლებული რეზიდენცია სარაჯიშვილისეულ სახლში


​​​​საბინე შიფნერი ​​​​მწერალთა სახლის რეზიდენციაში
​​​​საბინე შიფნერი ​​​​მწერალთა სახლის რეზიდენციაში

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, საქართველოს მწერალთა სახლი, მთარგმნელობითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, გერმანელ მთარგმნელებს მასპინძლობს. ორიოდე წლის წინათ რეზიდენციის მოწყობა მხოლოდ იდეა და სურვილი იყო, დღეს კი უკვე რეალობაა და, როგორც მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოურიც ამბობს, წინ დიდი გეგმებია. რეზიდენციამ ლიტერატურული სეზონი ჯერ კიდევ ზაფხულში გახსნა, როდესაც მწერალთა სახლს ამერიკელი მთარგმნელები ეწვივნენ. შემდეგ აქაურობას სვეტლანა ალექსიევიჩი სტუმრობდა. მაისში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს, იურგენ ბოსს ელიან. ისტორია მეორდება: როგორც დავით სარაჯიშვილის დროს, ახლაც ეს სახლი გამორჩეულ სტუმრებს მასპინძლობს.

საბინე შიფნერი მწერალთა სახლის რეზიდენციაში
საბინე შიფნერი მწერალთა სახლის რეზიდენციაში

საბინე შიფნერი მწერალთა სახლის რეზიდენციაში, ალექსანდრე დიუმას სახელობის ოთახში ცხოვრობს და რატი ამაღლობელის პოეტური კრებულის, ასევე, თანამედროვე ქართველი პოეტების პოეზიის ანთოლოგიის გერმანულენოვანი თარგმანების სრულყოფაზე მუშაობს. საბინე მუშაობდა თანამედროვე ქართველი პოეტის, ნიკა ჯორჯანელის, ლექსების თარგმანებზე. ის თავადაც ცნობილი პოეტი და არაერთი კრებულის ავტორია.

გერმანელი მთარგმნელი იულია დენგი მწერალთა სახლის რეზიდენციაში
გერმანელი მთარგმნელი იულია დენგი მწერალთა სახლის რეზიდენციაში

გერმანელი მთარგმნელი იულია დენგი მწერალთა სახლის რეზიდენციაში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების სახელობის ოთახში ცხოვრობს და ქართველი კლასიკოსი ავტორის, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის, ,,ჯაყოს ხიზნების“, გერმანულენოვან თარგმანზე მუშაობს. იულია მონაწილეობდა რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთებისა“ და ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდვრის“ თარგმნაშიც. ამბობს, რომ ჯავახიშვილის თარგმნა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ძალიან ცდილობს თარგმანიც ისეთივე სასიამოვნოდ წასაკითხი გამოვიდეს, როგორც ის დედანში იკითხება.

სიბილა ჰაინცე მწერალთა სახლის რეზიდენციაში
სიბილა ჰაინცე მწერალთა სახლის რეზიდენციაში

სიბილა ჰაინცე, რომელსაც, სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, ბორის პასტერნაკის სახელობის ოთახი მასპინძლობს, გერმანულად თარგმნის თანამედროვე ქართველი ავტორის, ლაშა ბუღაძის ახალ რომანს, ,,პატარა ქვეყანას“. წიგნი ივნისში უნდა გამოვიდეს. სიბილამ იენის უნივერსიტეტში სწავლის დროს გადაწყვიტა ისეთი ენა ესწავლა, რომელსაც იქ არავინ სწავლობდა. ასე დაიწყო მან ქართულის სწავლა. ამ გადაწყვეტილებამ მისი ცხოვრებაც შეცვალა - სიბილა დღეს იმ საქმეს აკეთებს, რომელიც ძალიან უყვარს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG