Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის განცხადებით, საქართველოს მალე მიწისქვეშა გაზსაცავი ექნება


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელიც მან მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას გააკეთა, საქართველოს მალე მიწისქვეშა გაზსაცავი ექნება. მიწისქვეშა გაზსადენი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ ენერგეტიკული პროექტებისა, რომლებიც საქართველოში ამჟამად ხორციელდება. მიწისქვეშა გაზსადენის მშენებლობის იდეა ქვეყანაში რამდენიმე ეტაპზე განიხილებოდა.

საქართველოს მოსახლეობას, ალბათ, ახსოვს, რომ ქვეყანაში გაზსაცავის მშენებლობის იდეა პირველად ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 80-იანი წლების მიწურულს, გაჩნდა. 90-იან წლებში და უკვე 2005-2006 წლებშიც, ენერგოგათიშვებისა და ენერგოავარიების ფონზე, მსგავსი გაზსაცავის მშენებლობის აუცილებლობა კიდევ უფრო ნათელი გახდა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო კვლევითი სამუშაოები არაერთხელ ჩატარდა, მათ შორის, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებშიც. სხვადასხვა ეტაპზე განიხილებოდა ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვერსიაც, რომელიც ტექნიკურადაც იქნა შესწავლილი, თუმცა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადო შეარჩიეს და, ერთ-ერთ კომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, პროექტის განხორციელების უფლებაც მიიღეს. ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებდნენ, რომ სამგორის სამხრეთი თაღის სტრუქტურაზე გაზსაცავის მშენებლობის შემდეგ შესაძლებელი იქნება მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა, რაც საქართველოში გაზის მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15 %-ს შეადგენს.

დღემდე ამ იდეის განხორციელებაზე უარს ამბობდნენ ძირითადად იმის გამო, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ნაკლებეფექტანად მიაჩნდათ, ვინაიდან გაზსაცავის მშენებლობა ძალიან დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. ექსპერტთა ნაწილი დღესაც იმას ფიქრობს, რომ 2 მლრდ კუბ/მ გაზის მოხმარების დაბალანსება საქართველოს გაზსაცავის გარეშეც შეუძლია და ძვირად ღირებული გაზსაცავის აშენება აუცილებელი არ არის. ენერგეტიკოსთა შორის არის მოსაზრება, რომ ინვესტიციების, ძვირად ღირებული გაზსაცავის ნაცვლად, ჰიდროენერგეტიკაში ჩადება ეკონომიკურად უფრო მომგებიანია და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისითაც შედეგს იძლევა.

თუმცა, მეორე მხრივ, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ გაზსადენის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის რეალურად უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მსოფლიოში ამჟამად 700-მდე გაზსაცავია. აქედან სამი გაზსაცავი ამიერკავკასიაში მდებარეობს: ერთი სომხეთში, ერევნის მახლობლად, სადაც ქვეყანას 2 თვის სამყოფი ბუნებრივი აირის შენახვა შეუძლია, ორი კი აზერბაიჯანში – ყარადაღსა და კალმასში. რუსეთს გაზსაცავებში 400 მლრდ კუბ/მ გაზის შენახვა შეუძლია, რაც მისი წლიური მოხმარების 10%-ზე ნაკლებია. 13 მიწისქვეშა გაზსაცავი აქვს უკრაინასაც, სადაც 32 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შენახვა შეიძლება.

შესაბამისად, თუნდაც სამეზობლო გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის გაზსაცავის არსებობა მართლაც მნიშვნელოვანია და თუ, საბოლოოდ, ეს პროექტი შედგა, მან, წესით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG