რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის მე-11 დღე, 16 აგვისტო, უხვმოსავლიანი გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის: ზემძიმე წონაში მოასპარეზე ძალოსნებმა, ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ, შესაბამისად, ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (წონითი კატეგორია 66 კგ-მდე) ქართველთა ოლიმპიურ მონაგარს კიდევ ერთი „ბრინჯაო“ შეჰმატა. ამრიგად, ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების დამთავრებამდე ხუთი დღით ადრე საქართველოს სპორტსმენთა ანგარიშზეა ხუთი მედალი: ერთი „ოქრო“, ერთი „ვერცხლი“ და სამი „ბრინჯაო“ (მანამდე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიგეს ძიუდოისტებმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა). ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილია რამდენიმე ეპიზოდი ქართველი მედალოსნების ოლიმპიური ცხოვრებიდან.
რიოს ქართველი მედალოსნები
1
ოლიმპიური ჩემპიონი +105 კგ წონითი კატეგორიის ძალოსანთა შორის ლაშა ტალახაძე რიოს ფიცარნაგზე.
2
ლაშა ტალახაძემ მორიგი სიმძიმე დაძლია.
3
22 წლის საჩხერელ გოლიათს ოქროს მედალსა და მსოფლიო რეკორდს ულოცავს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, თავადაც ოლიმპიური ჩემპიონი და თავადაც საჩხერელი გიორგი ასანიძე.
4
ორი ქართველი ერთ კვარცხლბეკზე: ლაშა ტალახაძეს გვერდს უმშვენებს ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე (მარჯვნივ). წინა პლანზე - ვერცხლის მედალოსანი გორ მინასიანი (სომხეთი).
5
ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე - ატაცი.
6
ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე - აკვრა.
7
66 კგ-მდე წონითი კატეგორიის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მეოთხედფინალური შერკინება: შმაგი ბოლქვაძე (წითელი ტრიკოთი) ამარცხებს ირანელ ომიდ ჰაჯი ნორუზის.
8
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში 22 წლის ქართველმა ფალავანმა იაპონელ ტომოჰირო ინოუეს სძლია.
9
შმაგი ბოლქვაძე ტომოჰირო ინოუესთან შერკინების შემდეგ.
10
შმაგი ბოლქვაძემ ეს-ეს არის, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.