Accessibility links

საპატიმროდან გათავისუფლებული თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა სამების საკათედრო ტაძარში შობის აღსანიშნად მოსულმა. გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 იანვარს დატოვა, ამოეწურა რა „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე მისჯილი სასჯელი.

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების დატოვების შემდეგაც განაცხადა და ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად 7 იანვარსაც გაიმეორა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, მისი მიზანი კი სტაგნაციაში მყოფი ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა, ხელისუფლების დემოკრატიული, მშვიდობიანი გზით შეცვლა და, ამასთან, თავის პარტიაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, არსებული განხეთქილების მოსაგვარებლად ძალისხმევის მიმართვა იქნება. გიგი უგულავას თქმით, ის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრასაც აპირებს:

„მე ვიყავი იძულებით სამეცნიერო მივლინებაში და ახლა, რადგან დავბრუნდი, ახლა, ბუნებრივია, ვაპირებ [პოლიტიკაში დაბრუნებას]. მიზანი ცალსახაა. საქართველო სტაგნაციაშია. ჩვენი მოვალეობაა სამართლიანი მშვიდობიანი გზით ჩამოვაშოროთ არაფორმალური მმართველი ხელისუფლებას და ქვეყნის განვითარება გავაგრძელოთ“.

გიგი უგულავას საპატიმროდან გამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის“ 20 იანვარს დაგეგმილ პარტიულ ყრილობას უსწრებს. ყრილობა, თავისთავად, სადავოა და პარტიული დაპირისპირების ფონზეა დანიშნული. გიგი უგულავამ პარტიაში მიმდინარე პროცესს „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს ურთიერთობების ნორმალიზებაში თავისი წვლილის შესატანად:

„აუცილებლად შევხვდები ყველას - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიშას - და თუ არის ნახევარი პროცენტი შანსი მაინც, იმიტომ რომ, ჩვენ როგორც ვხედავთ, ძალიან ღრმად არის პროცესები წასული და, თუ არის ნახევარი პროცენტი შანსი მაინც, რომ ჩვენ ეს კრიზისი გავიაროთ ისე, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ, მაშინ ერთი-ორი დღე იქნება მაცალოთ. თუ შესაძლებელი იქნება, რომ ეს კრიზისი გავიაროთ, მე ძალისხმევას არ დავაკლებ“.

ამ კომენტარის შემდეგ გიგი უგულავა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც იმყოფებოდა. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი მის გათავისუფლებას საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა, „საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზეო“. ამავე წერილში სააკაშვილი წერს, ბიძინა ივანიშვილს უნდა

მოსთხოვონ, რომ მომეცეს საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალება, რათა 20 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად მისულ ხალხს შევხვდეო.

გიგი უგულავას გათავისუფლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა:

„გიგი უგულავას გათავისუფლება და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნება არ არის მხოლოდ პირადი სიხარულის საკითხი. მნიშვნელოვანი მოვლენაა, ძალიან დიდი მოვლენა. გიგი უგულავას თავისუფლება ამ ხელისუფლების დამარცხებაში და შემდგომ საქართველოს გამოწვევების გამკლავებაში არის ძალიან დიდი მოვლენა“.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, საპატიმროდან გამოშვება შეიძლება გახდეს თეორიული შანსი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობის შესანარჩუნებლად და ამაზე მიანიშნებს მისი სიტყვებიც. ამასთან, კორნელი კაკაჩია მის გათავისუფლებაში ხელისუფლების გარკვეულ გავლენასაც ხედავს, თუმცა უფრო საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიჩნევს:

„გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ეს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ეს იყო არა იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც სცენარებში ჩაერიონ იგივე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით, რამდენადაც უფრო ზეწოლა იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან - მათ შორის, შეერთებული შტატების მხრიდან - და ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ეს, არ მგონია, პირდაპირ კავშირში იყოს ხელისუფლებასთან, რომ მას ჰქონდეს სურვილი გაუხანგრძლივოს „ნაციონალურ მოძრაობას“ არსებობა, არ მგონია, ამ სცენარში შედიოდეს და თუ დასაშლელად არის მიმართული, თუ ასეთ რამეს დავუშვებთ კიდეც, გიგი უგულავას გარეშეც ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია. ამდენად, ამ პროცესში ხელისუფლების დაინტერესების მოტივს მე პირადად ვერ ვხედავ“.

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში, სადაც ბევრი პოლიტიკური პროცესი გაუმჭვირვალედ და კულუარულად მიმდინარეობს, არ არის გამორიცხული გიგი უგულავას გათავისუფლება გარკვეული პოლიტიკური გარიგების შედეგიც იყოს, ვინაიდან, მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც სასამართლოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხელისუფლებას არ გაუჭირდებოდა სასამართლოს ინსტრუმენტით მისთვის ბრალის დამძიმება, უგულავას საპატიმროში ყოფნის გახანგრძლივების სურვილის შემთხვევაში:

„თუ ამას წმინდა პოლიტიკური კუთხით შევხედავთ, უგულავა ციხიდან გამოვიდა საკმაოდ დიდი პოლიტიკური დივიდენდებით, მას უკვე აქვს ლიდერობის ამბიციაც, მას საზოგადოების ის ნაწილიც კი თანაუგრძნობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი არ არის, იმიტომ რომ უგულავა უფრო ღირსეულად გამოიყურება, რომ ის არ გაიქცა საქართველოდან ისე, როგორც სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები. მიიღო სასჯელი, იჯდა ციხეში, იტანჯა, იწვალა და და ახლა გამოვიდა გამარჯვებული. ეს, რა თქმა უნდა, მის პოლიტიკურ წონას ზრდის და, დიდი ალბათობით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდება და, ალბათ, დიდი ალბათობით, ასეც იქნება, შესაძლოა, უგულავა მოგვევლინოს იმ ახალი პოლიტიკური ფრთის ორგანიზაციის ლიდერად, რომელიც გამოიკვეთება სწორედ ამ „ნაცმოძრაობის“ დისიდენტური ჯგუფიდან“.

ხელისუფლება გიგი უგულავას გათავისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან აკავშირებს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კი მას უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად მიიჩნევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG