Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქროს ტოლფასი ვერცხლი


თავისუფალ ჭიდაობაში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
თავისუფალ ჭიდაობაში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
მეორე დღეა, გორში ადგილობრივი სპორტსმენების წარმატებებს ფოიერვერკებით და მანქანების მსვლელობით აღნიშნავენ. ჯერ იყო და გორის „დილამ“ კვიპროსში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, პარასკევს კი გორელები თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ-მდე წონითი კატეგორია) ოლიმპიური ვერცხლის მედლით გაახარა. „ოქროს ტოლფასი ვერცხლი“ - ასე აფასებენ ლადოს წარმატებას გულშემატკივრები, რომლებიც ფინალური ორთაბრძოლის საყურებლად თეატრის სკვერში შეიკრიბნენ. რამდენიმე ადამიანმა სანთლებიც კი აანთო, მათმა ემოციამ კი პიკს მაშინ მიაღწია, როცა მსაჯებმა ხინჩეგაშვილს ბოლო წამზე გაკეთებული ქულა არ ჩაუთვალეს.

ფინალური ორთაბრძოლა რუსეთის ნაკრების წარმომადგენელთან, ჯამალ ოტარსულტანოვთან მართლაც დაძაბული გამოდგა. რომ არა მსაჯების შეცდომა, რომლის შესახებ ჭიდაობის სპეციალისტები საუბარს არ წყვეტენ, ხინჩეგაშვილს
გორელები ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გულშემატკივრობენ
გორელები ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გულშემატკივრობენ
ოქროს მედლის აღების კარგი შანსი ეძლეოდა. ჭიდაობის მწვრთნელი მერაბ მუზიაშვილი ამბობს, რომ ბოლო წამზე ქართველმა სპორტსმენმა 3-ქულიანი გდება გააკეთა, მაგრამ მწვრთნელების პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო.

მსაჯობით იმედგაცრუებული გორელები მაინც იღიმებოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ 21 წლის მოჭიდავისთვის ვერცხლის მედალიც დიდი წარმატებაა. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ოქროთი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კი ვერცხლით კიდევ ერთხელ გაუთქვეს მსოფლიოში სახელი პატარა ქალაქს.

ხინჩეგაშვილის გულშემატკივართაგან ერთადერთი ადამიანი, ვინც ფინალურ ბრძოლას არ უყურებდა და განმარტოებით ლოცულობდა, ლადოს დედა ქეთევან ხინჩეგაშვილი იყო. მისი თქმით, ლადო ძალიან შრომისმოყვარეა და წინ არაერთი გამარჯვება ელოდება.

ქეთევან ხინჩეგაშვილი
ქეთევან ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიდაობაზე 8 წლის ასაკში მიიყვანეს. მამამისი გია ხინჩეგაშვილიც ცნობილი მოჭიდავე იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ მეგობრებმა და მწვრთნელებმა ყურადღება არ მოაკლეს პატარა ლადოს, რომელმაც მათი იმედები გაამართლა. ლადოს და, გვანცა ხინჩეგაშვილიც საქართველოს ჩემპიონია ცურვაში. ქეთევან ხინჩეგაშვილი ამბობს, რომ მის შვილებს სპორტი გენებში აქვთ.

ქეთევან ხინჩეგაშვილს შვილის წარმატება ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის მშობლებმა მიულოცეს. ლადოს უბანში კი სუფრა დილამდე იყო გაშლილი, მისი მეგობრები, ახლობლები და მეზობლები ახალგაზრდა მოჭიდავის წარმატებას დიდხანს აღნიშნავდნენ.
XS
SM
MD
LG