Accessibility links

9 იანვარს რატი გაჩეჩილაძეს ოფიციალურად წარედგინა ბრალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას, ცემისთვის. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ნიკა გვარამია და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, რის გამოც დანაშაულის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.

რატი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას, ცემის ფაქტი ოფიციალურად აღიარა და გამოძიებას 7 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალური ჩვენება მისცა. გაჩეჩილაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც თქვა, რომ საქმეში არც ერთი სხვა პირი არ ფიგურირებს, რასაც მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს. გაჩეჩილაძის დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდება იმაზე მძიმეა, ვიდრე თავად მომხდარი ამბავი, და ის არა სისხლის სამართლის წესით, არამედ ადმინისტრაციული წესით უნდა დაისაჯოს:

„ეს იყო ერთი-ორი დარტმა, რაც ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედებაა, და ჩვენ ეს წარდგენილი მუხლიც გადამეტებული გვგონია. რაც შეეხება მოტივს, გაჩეჩილაძე იყო და არის გაღიზიანებული თავისი ოჯახური მდგომარეობის გამო - იმის გამო, რაც მის ოჯახს მთელი ამ წლების განმავლობაში გადახდა თავს, იმის გამო, თუ რა გამონათქვამებიც გაისმა მისი მამის და ბიძის მიმართ იმ სუფრიდან, სადაც გვარამია იჯდა. იყო ნასვამი და ის ერთი ფრაზაც, რომელიც იმ სუფრიდან გაიგონა, საკმარისი გახდა, რომ მისულიყო, გვარამიასთვის გაერტყა და ასე გაეცა პასუხი“.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის, შეფასებით კი, ძალადობის მუხლით საქმის წარმართვა სამართლებრივად არასწორია. დაცვის მხარე მოითხოვდა წაყენებული 126-ე მუხლის შეცვლას სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით, რაც პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო პირის დევნას გულისხმობს:

„რატი გაჩეჩილაძის მიერ ჩადენილი სამართლებრივი ქმედება არ არის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ეს არის, ეს ძალადობა, პოლიტიკური შეხედულებების ან საზოგადოებრივი აქტივობის გამო. გაჩეჩილაძის განცხადებაშიც კი იყო მითითებული ეს, რომ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის მიზეზი სწორედ პოლიტიკური შეხედულებები გახდა. ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება მსუბუქი სასჯელით აგოს პასუხი დამნაშავემ“.

სახელმწიფოს რეაგირება მომხდარზე სწრაფი და ზუსტი უნდა იყოს, ისე ფორმულირებული, როგორც ამას სისხლის სამართლის კოდექსი მოითხოვს. ბრალი ხელოვნურად არ უნდა შემსუბუქდეს...
დიმიტრი ხაჩიძე

9 იანვარს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ცემის ფაქტის შემსწრე მოწმეებიც დაკითხეს - მათ შორის, დაკავებული რატი გაჩეჩილაძის მეგობარი, გიორგი ფანცულაიაც. მისმა ადვოკატმა ნიკოლოზ ბიბილაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ფანცულაია შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ის ინციდენტის უშუალო თვითმხილველია და მოწმის სტატუსითაც ამიტომ დაიკითხა.

მომხდარის ობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისდ დასჯას მოითხოვენ არასამთავრობო სექტორშიც. ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, დიმიტრი ხაჩიძის, განცხადებით, გამოძიება მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს და დაადგინოს, რა მოხდა რეალურად, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები:

„სახელმწიფოს რეაგირება მომხდარზე სწრაფი და ზუსტი უნდა იყოს, ისე ფორმულირებული, როგორც ამას სისხლის სამართლის კოდექსი მოითხოვს. ბრალი ხელოვნურად არ უნდა შემსუბუქდეს“.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა პოზიცია კი ის არის, რომ საპატიმრო ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საია არასოდეს უწევს ადვოკატირებას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას, თუკი არ არის ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან არ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე.

რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს, რადგან მსგავსი ქმედება პატიმრობით არ ისჯება და გამონაკლისი ნიკა გვარამიას შემთხვევაში არ უნდა დაუშვან, თუმცა, მისივე თქმით, ზოგადად ძალადობას და ძალადობრივ დანაშაულს არანაირი გამართლება არ აქვს. მდინარაძე საინფორმაციო სააგენტო „ინტერ[რესნიუსთან“ საუბარში შენიშნავს იმასაც, რომ მისი პოზიცია სასამართლოზე ზეწოლად ვერ ჩაითვლება, რადგან იურისტის პოზიციას აფიქსირებს და არა პოლიტიკოსისას.

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წვერი რომან გოცირიძე კი მომხდარში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს, რადგან მან, გოცირიძის სიტყვებით, არაერთხელ წაუყრუა მსგავს ხულიგნურ საქციელს:

„არ აქცევდა ყურადღებას დეპუტატების ცემის ფაქტებს, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ფიზიკურ დევნას. ასეთი კრიმინალური ფონის შექმნა კი იმ პოლიტიკური ატმოსფეროს შედეგია, რაც დღეს სუფევს საქართველოში“.

ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებიც. აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის გმობს ყველანაირ ძალადობას, თუმცა, ამავე დროს, მიესალმება გამოძიების დროულად დაწყებას და აცხადებს, რომ ამერიკის საელჩო პროცესის მიმდინარეობას დააკვირდება.

მას შემდეგ, რაც რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, საქმე სასამართლოში გაგრძელდება. როგორც გაჩეჩილაძის ადვოკატი ლილი გელაშვილი აცხადებს, სასამართლო პროცესი დაინიშნება მას შემდეგ, რაც გამოძიება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.​

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG