Accessibility links

რუსი აქტივისტი ილდარ დადინი ციხიდან გამოუშვეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მისთვის გამოტანილი განაჩენი - 2,5 წლით პატიმრობა - და მიიღო გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ. ილდარ დადინი არასანქცირებულ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის დააკავეს და უფლებადამცველი ორგანიზაციები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევდნენ.

ილდარ დადინი 26 თებერვალს გამოუშვეს ციმბირში მდებარე კოლონიიდან 15-მდე თვეში მას შემდეგ, რაც გაასამართლეს რუსეთის ერთ-ერთი სადავო კანონის საფუძველზე. ამ კანონით, პატიმრობა ემუქრება პირს, თუ 180-დღიან პერიოდში ერთზე მეტ არასანქცირებულ აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

დამოუკიდებელმა ტელეარხმა „დოჟდმა“ ინტერნეტრში გაავრცელა კადრები, როგორ დახვდნენ ილდარ დადინს კოლონიასთან მეუღლე და ჟურნალისტები და როგორ გადაუხადა დადინმა მადლობა ყველა მხარდამჭერს: იქ, სადაც ვიყავი, გადავრჩი მსოფლიოში ყველა პატიოსანი ადამიანის წყალობითო.

„ბუნებრივია, გავაგრძელებ ბრძოლას პუტინის ფაშისტურ რეჟიმთან, ამ მატყუარა, ჩეკისტ, ცუდ ნაძირალასთან - არ მინდა გინებაზე გადავიდე. ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები რუსეთში დაცულ იქნეს და ჩვენთანაც იყოს ისე, როგორც სხვაგან, ცივილიზებულ სამყაროში“, - ამბობს ილდარ დადინი.

დადინი, რომელსაც 2015 წლის დეკემბერში გამოუტანეს განაჩენი, ერთადერთი ადამიანია, ვინც რუსეთში არასანქცირებული აქციების შესახებ კანონის საფუძველზე იქნა გასამართლებული. შარშან მან დაწერა ღია წერილი, რომელშიც ცემასა და წამებაში ამხელდა კარელიის ოლქში მდებარე კოლონიის თანამშრომლებს. მოგვიანებით ის ალტაის ოლქში გადაიყვანეს.

კანონი, რომლის საფუძველზეც ილდარ დადინი გაასამართლეს, ერთ-ერთია რამდენიმე კანონიდან, რომლებიც საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ არის მიმართული. ისინი მიიღეს მას შემდეგ, რაც 2012 წელს კრემლში პრეზიდენტად მესამე ვადით დაბრუნდა ვლადიმირ პუტინი, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე.

უფლებადამცველები აკრიტიკებენ კანონებს და სხვა ზომებს, რომლებიც, მათი აზრით, მკაცრად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

26 თებერვალს, ანუ იმ დღეს, როცა ილდარ დადინი ციმბირის კოლონიიდან გამოუშვეს, პოლიციამ ექვსი აქტივისტი დააკავა მოსკოვში, კრემლის მახლობლად, სადაც ორი წლის წინ მოკლეს ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი და სადაც მის მხარდამჭერებს მისი მემორიალი აქვთ მოწყობილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG