Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამაზ დოლაბერიძე


22 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (სპკგ) თავმჯდომარის მოადგილე. მან ილაპარაკა შრომის უსაფრთხოების საკითხზე. 18 იანვარს თბილისში მშენებლობაზე სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად 26 წლის მუშა დაიღუპა. თამაზ დოლაბერიძემ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება მშენებლობის მწარმოებელ კომპანიას. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ამის პარალელურად, პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის ტექნიკური ინსპექციის სამსახური სწავლობს საქმის გარემოებებს და თავის დასკვნასაც მოამზადებს. თუმცა, თამაზ დოლაბერიძის თქმით, აღარ არის პრაქტიკა, როცა პროფკავშირები ოფიციალურად მონაწილეობდა კვლევის პროცესში და როგორც კომისიის მონაწილე - შეფასების ნაწილშიც, რაც გამოიყენებოდა არგუმენტად სასამართლო პროცესზე. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა საქართველოს მთავრობის 2017 წლის ოქტომბრის დადგენილებაზე (N477), რომელიც შეეხება "სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" დამტკიცებას. ამ დოკუმენტში (მე-4 მუხლში) აღწერილია რა შედის დამსაქმებლის და რა დასაქმებულის ვალდებულებებში, კონკრეტულად შრომის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. თამაზ დოლაბერიძე თვლის, რომ ეს დადგენილება არ პასუხობს მოქმედი "შრომის კოდექსის" მოთხოვნას, რომლის 35-ე მუხლში წერია: "დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი". "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა საქმეების წარმოების, დამსაქმებელსა და დაღუპულის ოჯახის გარიგების პრაქტიკაზე. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თვლის, რომ საკითხის ერთი მხარეა კანონმდებლობა, მეორე კი დასაქმებულებისა და მთლიანად საზოგადოების გათვითცნობიერებულობა უსაფრთხო შრომის უფლების საკითხებზე. თამაზ დოლაბერიძემ განმარტა ისიც, რომ შრომის ინსპექციის უფლებამოსილებისა და აქტიურობის გაზრდა არ არის ერთადერთი ბერკეტი, რამაც უნდა გააუმჯობესოს შრომის უსაფრთხოების პირობები საქართველოში. პროფკავშირების წარმომადგენლის შეფასებით, საკითხის გადაწყვეტას სჭირდება პოლიტიკური ნება, რომ იმავე სამშენებლო ბიზნესს არ მისცეს საშუალება თანხა დაზოგოს დასაქმებულების უსაფრთხოების უგულებელყოფის ხარჯზე.

თამაზ დოლაბერიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:53:22 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG