Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საელჩო: ირანში ძვირადღირებული მანქანების იმპორტი იკრძალება

საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას თან ერთვის რუსთავის ავტომობილების ბაზრობის ფოტო (წელს საქართველოდან ირანში მანქანების ექსპორტი გაიზარდა)
საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას თან ერთვის რუსთავის ავტომობილების ბაზრობის ფოტო (წელს საქართველოდან ირანში მანქანების ექსპორტი გაიზარდა)

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო აცხადებს, რომ 30 სექტემბრიდან ქვეყანაში „ძვირადღირებული ავტომობილების“ იმპორტი აიკრძალება.

ირანში მანქანებს ძირითადად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან ყიდულობენ. სტატისტიკაში მეორე ადგილზე თურქეთია. საქართველო ირანის მანქანების საიმპორტო ქვეყნების ათეულშიც კი არ შედის.

2026 წლამდე არც ირანი ყოფილა საქართველოს მანქანების საექსპორტო ათეულში. წელს კი - 8 თვის განმავლობაში - საქართველოდან ირანში 129.2 მილიონი ლარის ღირებულების 7360 მანქანა გაყიდეს.

ელჩი საგარეოში დაიბარეს

2026 წლის 30 სექტემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს „სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით“.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს „განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს“.

მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალი მოჯანის პოსტები, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, ეხებოდა ქეთევან დედოფალს, ფერეიდნელებს, საქართველოს გადაწყვეტილებას, შეერთებოდა ამერიკულ სანქციებს ირანული ავიაციისადმი, და ა.შ.

რა უპასუხა ელჩმა რადიო თავისუფლებას

ელჩის საგარეო უწყებაში დაბარების შემდეგ რადიო თავისუფლება მას დაუკავშირდა შეკითხვით, რა პოზიცია აქვს თბილისის გამოთქმულ კრიტიკაზე.

პასუხად ირანის ელჩმა გაგვიზიარა ირანის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე 18:30 საათისთვის გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც წერია:

„რამდენიმე წუთის წინ ირანის ისლამური რესპუბლიკის მრეწველობის, სამთო მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, ოთხშაბათიდან, 2026 წლის 30 სექტემბრიდან, ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება“.

საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას თან ერთვის რუსთავის ავტომობილების ბაზრობის ფოტო.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, მივიღოთ თუ არა ეს პოსტი ჩვენს შეკითხვაზე პასუხად, ელჩმა ოთხფოთლიანი სამყურის „ემოჯით“ უპასუხა.

რაიმე კომენტარი უშუალოდ შეხვედრის შესახებ მას არ გაუკეთებია.

ელჩ სეიედ ალი მოჯანის პასუხი რადიო თავისუფლების შეკითხვაზე
ელჩ სეიედ ალი მოჯანის პასუხი რადიო თავისუფლების შეკითხვაზე

ვისგან ყიდულობს ირანი მანქანებს

ირან-საქართველოს შორის ავტომობილებით ვაჭრობა ორივე ქვეყნის ექსპორტ-იმპორტში მცირე ნაწილს იკავებს.

მართალია, ავტომობილები საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონელია, თუმცა საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია.

  • ირანი მხოლოდ წელს აღმოჩნდა საქართველოდან მანქანების საექსპორტო ქვეყნების სამეულში.
  • 2025 წელს ის მე-11 ადგილზე იყო - შარშან ირანში საქართველოდან 5.5 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილები გაყიდეს.

რაც შეეხება თავად ირანს:

მსოფლიო ბანკის რესურსის, Wits-ის მონაცემებით, ირანში ავტომობილების იმპორტში დომინირებს ჩინეთი - რომელმაც 2025 წელს 1.09 მილიარდი აშშ დოლარის მანქანები გაყიდა.

მეორე ადგილზე თურქეთია - თუმცა მხოლოდ 92 მილიონი აშშ დოლარით. საქართველო ირანიდან მანქანების იმპორტის სტატისტიკაში ათეულშიც არ ყოფილა.

ირანს 2018-2022 წლებში, 4 წლის განმავლობაში, უცხოური ავტომობილების იმპორტი აკრძალული ჰქონდა.

შეზღუდვის დეტალები უცნობია

უცნობია, რა ღირებულების მანქანებს შეეხება ირანის ახალი გადაწყვეტილება.

ის, რომ ირანმა „ძვირადღირებულები ავტომობილების იმპორტი“ აკრძალა პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ბრძანებით, მედიაშიც გაშუქდა, თუმცა უცნობია, რა იგულისხმება „ძვირადღირებულში“.

საწყის ეტაპზე, როდესაც 2023 წელს საქართველომ აკრძალა ამერიკიდან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით, ეს გააკეთა 50 000 ევროზე ძვირადღირებულ ავტომობილებთან დაკავშირებით.

საქართველოდან ირანში გაყიდული თითო ავტომობილი, საშუალოდ, 7300 დოლარი ღირდა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG