Accessibility links

ისრაელში გამკაცრებული წესები თავშესაფრის მაძიებელთათვის


ბენ გურიონის სახელობის აეროპორტი თელ-ავივში.

17 აპრილიდან ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. ის საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც ისრაელში თავშესაფრის ძიებით არიან დაინტერესებულნი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის შს სამინისტროს გადაწყვეტილებით, თავშესაფრის იმ მაძიებლებს, რომელთა საკითხიც თავშესაფრის მიღების თაობაზე უარყოფითად გადაწყდება, აღარ მიეცემათ საშუალება, შვიდი დღის განმავლობაში ნებაყოფლობით დატოვონ ქვეყანა და მათ მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება იძულებით გაძევების პროცედურები.

გიორგი ხურციძე ისრაელის მოქალაქეა და წლებია იქ ცხოვრობს. მას ხშირად უწევს შეხვედრა საქართველოს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ისრაელში თავშესაფარს ეძიებენ. როგორც გიორგი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, სულ უფრო და უფრო მცირდება ისრაელის მხრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის ფაქტები. გიორგი ამბობს, რომ მისი ნაცნობებიდან ახლაც ბევრი ელოდება საკუთარ რიგს გასაუბრებაზე გასასვლელად, თუმცა დასძენს, რომ ახალი რეგულაციის გამო, რომელიც 17 აპრილიდან ამოქმედდა, ალბათ, ბევრი მათგანი უარს იტყვის გასაუბრებაზე გავიდეს:

„მეგობარი მყავს ერთი, რომელსაც პირველ მაისს უწევს მისვლა. ჯერჯერობით გამოდის, რომ არალეგალურად ცხოვრობს ისრაელში. სიმართლე რომ გითხრა, თითქმის არავის აქვს იმედი, რომ მათი განაცხადი დაკმაყოფილდება. როგორც ვიცი, ბევრი მათგანი აღარც აპირებს მივიდეს გასაუბრებაზე, რადგან წინასწარ იციან, რომ უარი ექნებათ. ანუ ურჩევნიათ, რომ არც კი მივიდნენ და იყვნენ ასე არალეგალებად“.

17 აპრილიდან ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა. კერძოდ, ახალი რეგულაცია საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც ისრაელში თავშესაფრის მოპოვებით არიან დაინტერესებულნი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის შს მინისტრის გადაწყვეტილებით, თავშესაფრის იმ მაძიებლებს, რომელთა საკითხიც თავშესაფრის მიღების თაობაზე უარყოფითად გადაწყდება, აღარ მიეცემათ საშუალება, რომ ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში ნებაყოფლობით დატოვონ. ახალი რეგულაციის მიხედვით, ასეთი მოქალაქეების მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება დეპორტაციის პროცედურა. ამგვარი გადაწყვეტილებისა და რეგულაციების გამკაცრების ერთ-ერთი მიზეზი, გიორგი ხურციძის აზრით, შესაძლოა იყოს ის გამოცდილება, რომელიც ისრაელს ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრებ ადამიანებთან მიმართებით აქვს:

„იმიტომ გამკაცრდა რეგულაციები, რომ უარის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეძლეოდათ შვიდი დღე, რომ დაეტოვებინათ ქვეყანა, მაგრამ, ფაქტიურად, არავინ, თითქმის 99%, არ ბრუნდებოდა სამშობლოში. რჩებოდნენ არალეგალებად. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა არალეგალურად მცხოვრებთა რაოდენობამ და არამხოლოდ საქართველოდან. საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩამოდის რუსეთიდან, უკრაინიდან. ყოველდღე, დილიდან საღამომდე, ყველა ქალაქში მიმდინარეობს ხოლმე ე.წ. რეიდები. ამოწმებენ ხალხს“.

იმას, რომ უარის მიღების შემდეგ თავშესაფრის მაძიებლები არ ტოვებდნენ ისრაელის ტერიტორიას, ადასტურებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს კონსული ისრაელის სახელმწიფოში ალექსანდრე ჯიშკარიანიც:

„როდესაც მოქალაქეებს ეუბნებოდნენ უარს თავშესაფრის მიღებაზე, მათ აძლევდნენ ერთკვირიან ვადას ისრაელის ტერიტორიის დატოვებისათვის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ამ გაფრთხილებას არ იყენებდნენ და ქვეყანაში რჩებოდნენ ერთი კვირის შემდეგაც. 17 აპრილიდან, ამ ახალი რეგულაციით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეები უარს მიიღებენ თავშესაფრის განცხადებაზე, დეპორტაციის, ანუ იძულებით გაძევების, პროცედურის განხორციელება იმ მომენტშივე დაიწყება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ტაბატაძის, ვარაუდით, საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნაზე ძირითადად უარყოფით პასუხს მიიღებენ. ამის მიზეზად ის ასახელებს ისრაელის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, საქართველო „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეეყვანა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, გასულ წელს ისრაელში თავშესაფარი მოითხოვა 3 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ, თუმცა აქედან არც ერთი განცხადება არ დაკმაყოფილდა. ალექსანდრე ჯიშკარიანი ირწმუნება, რომ ისრაელის სახელმწიფო არანაირ დისკრიმინაციულ მიდგომებს არ იყენებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და აღნიშნული რეგულაციები მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო გამკაცრდა. შეგახსენებთ, რომ ისრაელთან უვიზო მიმოსვლა 2013 წლიდან ამოქმედდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკანასკნელ ხანებში ისრაელში შესვლაზე არაერთ ადამიანს უთხრეს უარი. გამკაცრებული კონტროლის ოფიციალურ მიზეზად ისრაელში არალეგალურად დარჩენის შემთხვევების რიცხვის ზრდა სახელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG