Accessibility links

კახეთის მუნიციპალიტეტებში რეორგანიზაცია - ოპტიმიზაციის პროცესი იწყება


სიღნაღი

კახეთის მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ორგანიზაციებში რეორგანიზაცია- ოპტიმიზაციის პროცესი იწყება. მიზეზი ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაა. თანამშრომლების გათავისუფლება ძირითადად იგეგმება ა(ა)იპი ორგანიზაციებიდან. პროცესს მესამე სექტორის წარმომადგენლები აკვირდებიან.

კახეთის თვითმმართველობების საჯარო სამსახურებში შტატების ოპტიმიზაციის პროცესი გურჯაანიდან დაიწყო. 4 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კულტურის ცენტრში დასაქმებულ 40 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდა და უწყება მის გაგრძლებას აღარ აპირებდა. ამის შესახებ თანამშრომლებს კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსდრულებელმა პაატა ძულიაშვილმა თათბირის დროს უთხრა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, როცა მომხდარი მედიაში გაშუქდა, ნიჟარაძემ თქვა, რომ მას სამსახურიდან არავინ გაუშვია და კულტურის ცენტრის 40 თანამშრომელს ხელშეკრულება კიდევ 1 თვით გაუგრძელა.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებები მიუღებელი აღოჩნდა თანამშრომლებისთვის, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მათ თებერვალში აუცილებლად გაუშვებენ.

გურჯაანის საჯარო სამსახურებში რომ რეორგანიზაცია, შტატების ოპტიმიზაცია იქნება, ამას არ მალავს გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილი. ამბობს, რომ კახეთის მასშტაბით ყველაზე მეტი აიპი გურჯაანშია და მათი გაერთიანება იგეგმება, რასაც, სავარაუდოდ, შტატების ოპტიმიზაციაც მოჰყვება. ყვირალაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი შეძლებისამებრ უმტკივნეულოდ წარიმართება, თუმცა როგორი უმტკივნეულო იქნება იმ ადამიანისთვის, რომელიც სამსახურს დაკარგავს, ამას ვერ აკონკრეტებს.

შტატების ოპტიმიზაცია იგეგმება ლაგოდეხშიც. გამგებლის მოადგილე გიორგი ბოკერია ამბობს, რომ ეს პროცესი ადგილობრივ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების 10 პროცენტით შემცირებამ განაპირობა. ჯერ ცნობილი არ არის, ლაგოდეხში რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი.

ადმინისტრაციული ხარჯები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტმა შეამცირა. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ თანამშრომელთა ნაწილი ყველა რაიონში გათავისუფლდება. რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის პროცესს კახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG