Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღია იყოს კომუნიკაციის ეს არხები“


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (მარცხნივ) და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სოჭში შეხვედრისას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (მარცხნივ) და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სოჭში შეხვედრისას

სამშაბათს სოჭში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის სურდა ნიადაგი მოესინჯა ორ საკითხში: რამდენად მზად არის რუსეთი, შეწყვიტოს უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევა და შეარბილოს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, მხარდაჭერა. მათი საუბრის დღის წესრიგში სხვა საკითხებიც იყო, მათ შორის კრიზისები იემენსა და ლიბიაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს კერის პირველი ვიზიტია რუსეთში. როგორც ჩანს, ის მიმართულია უწინარესად ურთიერთკავშირის შენარჩუნებისკენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღია იყოს კომუნიკაციის ეს არხები. მნიშვნელოვანია, ვცადოთ გადაწყვეტილების მთავარ მიმღებთან ლაპარაკი“ - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელმა, რომელიც ჟურნალისტებს კერის ვიზიტზე ესაუბრა.

აი, რა თქვა შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა:

„დიალოგის მეშვეობით, შესაძლებელია მოინახოს გზები ურთიერთობის ნორმალიზებისა და უფრო მჭიდრო კოორდინაციისთვის საერთაშორისო პრობლემების გადაჭრისას. რუსეთი არც არასდროს ყოფილა ურთიერთობის გაცივების თაოსანი“.

რუსეთისა და აშშ-ის მხარეებს შორის შეხვედრის ფონია განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინის კრიზისის გამო. 12 მაისს უკრაინის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა სამი და დაიჭრა ერთი სამხედრო მოსამსახურე.

რუსეთის საგარეო უწყების ბეჭვდითი სიტყვისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მარია ზახაროვა, ფეისბუკში აქვეყნებს რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების ამსახველ ფოტოებს, რომლებზეც ვხედავთ როგორ მიართმევს ლავროვი კერის პომიდვრიან და კარტოფილიან კალათებს, ჟურნალ „პობედასთან“ ერთად.

ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა ლავროვის ჟესტი ერთგვარ სიმბოლოდ აღიქვა, თქვენ, მართალია, სანქციები დაგვიწესეთ, მაგრამ ჩვენ მაინც წარმატებით ვაწარმოებთ ჩვენივე პროდუქტებსო.

ჯონ კერიმ ლავროვთან საუბარს „საუცხოო“ უწოდა. ახლა ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხვდება.

სოჭიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება თურქეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს შეხვედრაში და შემდეგ დაბრუნდება ვაშინგტონში, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და არაბი ლიდერების სამიტთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG