Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მგზავრები კომფორტულ ტრანსპორტს ითხოვენ


ქუთაისი
ქუთაისი

ზაფხულის ცხელ დღეებში ქუთაისში შიდასაქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უკვე წლებია მოუგვარებელ პრობლემებთანაა დაკავშირებული. მგზავრებს ძლიერი სიცხის დროს განსაკუთრებით აწუხებთ მოძველებული და მოუწესრიგებელი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ინტერიერი, ამორტიზებული იატაკი და სკამები, უფანჯრო შუშები და კონდიცირების არარსებობა.

მგზავრები კომფორტულ ტრანსპორტს ითხოვენ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:53 0:00
გადმოწერა

რადიო თავისუფლების ზოგი ქუთაისელი რესპონდენტი ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შიდასაქალაქო სატრანსპორტო საშუალებების ნაწილი განახლდა, თუმცა ქალაქში მომუშავე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დიდი ნაწილი მოძველებული და ამორტიზებულია და მგზავრობა კომფორტული არ არის. მგზავრები ამბობენ, რომ სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებული და დაბინძურებული ინტერიერი და სკამები, სიცხე და უჰაერობა აუტანელს ხდის მგზავრობას. კონდიცირების სისტემა არ მუშაობს ქალაქში მოძრავ არც ერთ სატრანსპორტო საშუალებაში.

ტრანსპორტში კონდიცირების სისტემის საჭიროებას ვერ ხედავენ თავად მძღოლები. მათი ნაწილი ამბობს, რომ სატრანსპორტო საშუალებას მსგავსი სისტემა საერთოდ არა აქვს, ამასთან, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მფლობელები ამბობენ, რომ სატენდერო პირობებით, ზაფხულში კონდიცირება არ ევალებათ და თუ ასეთი ვალდებულება გაჩნდება ხელშეკრულებაში, მაშინ მგზავრობის ტარიფის გადახედვა იქნება საჭირო.

ქუთაისში ამჟამად მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი, ავტობუსით მგზავრობა კი 40 თეთრი ღირს. მგზავრობის ტარიფი 10 თეთრით გაიზარდა მიმდინარე წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც სამარშრუტო ხაზების მფლობელები ორი დღით გაიფიცნენ და მგზავრთა მომსახურებაზე უარი თქვეს, ბენზინის ფასის გაზრდისა და შემოსავლის მნიშვნელოვნად შემცირების გამო.

როგორც მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ცხვედიანი განმარტავს, გასულ წელს შიდასაქალაქო 20-მდე სვლაგეზზე ჩატარებული კონკურსის პირობებით ზაფხულის თვეებში კონდიცირების მოთხოვნა გათვალისწინებული არ იყო, რადგან ქალაქში გაჩერებები ერთმანეთთან ახლოსაა და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის სისტემის მოწყობა და მუშაობა დამატებით ხარჯთანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, მგზავრობის ტარიფს 30 %-მდე გააძვირებს.

როგორც მერიის ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, მგზავრთა გადაყვანას ყოველდღიურად 42 მიკროსაავტობუსო და 10 საავტობუსო მარშრუტზე 150- ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG