„პსჟ-ს“ ფეხბურთელი მოედნიდან სამედიცინო პერსონალის დახმარებით გავიდა.
21 ოქტომბერს პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი (ACL) გაუწყდა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება. კლუბს მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი არ დაუსახელებია.
რა ტრავმა მიიღო კვარაცხელიამ?
წინა ჯვარედინი იოგი მუხლის ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზატორია. ის აკონტროლებს მუხლის მოძრაობას და ხელს უშლის წვივის ძვლის ზედმეტად წინ გადაადგილებასა და სახსრის არასტაბილურ ბრუნვას.
ამ იოგის დაზიანება განსაკუთრებით პრობლემურია ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც თამაშის დროს სწრაფი აჩქარება, მკვეთრი დამუხრუჭება, მიმართულების შეცვლა, ხტომა და მეტოქესთან ორთაბრძოლა უწევთ.
სპორტული ქირურგი, ექიმი-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ასეთი ტრავმა სპორტსმენებში საკმაოდ ხშირია. მისი თქმით, ტრავმის მიღების რისკი შეიძლება გაიზარდოს მაშინ, როდესაც ფეხბურთელი დაღლილია ან კუნთები სათანადოდ არ არის გახურებული.
წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტისას პროფესიონალ ფეხბურთელებს ხშირად ქირურგიული ჩარევა სჭირდებათ. თუმცა მხოლოდ ოპერაცია საკმარისი არ არის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციას, რომელიც შესაძლოა ცხრა თვე ან უფრო მეტხანს გაგრძელდეს.
„თავად ოპერაცია სხვადასხვა მეთოდით კეთდება. ერთ-ერთია ანატომიური აღდგენა. ამ დროს არ იყენებენ ხელოვნურ მასალას. ორგანიზმიდან ამოღებული ქსოვილითვე აღადგენენ მყესს. ქსოვილს ერთი ადგილიდან, ძირითადად იქვე, მუხლიდან, იღებენ და დაზიანებულ ადგილას გადააქვთ. გადანერგვის ზონა არის 8-10 სანტიმეტრი“, - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
წინა ჯვარედინი იოგის რეკონსტრუქციის დროს დაზიანებული იოგის ნაცვლად ხშირად იყენებენ თავად პაციენტის მყესისგან მომზადებულ ტრანსპლანტატს. ოპერაციის შემდეგ ამ ქსოვილს დრო სჭირდება ბიოლოგიური გარდაქმნისთვის, ძვალთან შეხორცებისა და გამაგრებისთვის.
სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კონტროლირებული მოძრაობა და სამკურნალო ვარჯიშები ზოგ შემთხვევაში ოპერაციიდან პირველივე დღეებში იწყება, სრულფასოვან სპორტულ დატვირთვაზე დაბრუნებას თვეები სჭირდება.
რამდენად მაღალია ფეხბურთში დაბრუნების შანსი - რას ამბობს სტატისტიკა?
წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმაა, თუმცა თანამედროვე სამედიცინო კვლევები აჩვენებს, რომ პროფესიონალი სპორტსმენების უმრავლესობა ოპერაციის შემდეგ ფეხბურთს უბრუნდება.
2025 წელს სამეცნიერო ჟურნალ Sports Medicine – Open-ში გამოქვეყნებულმა სისტემურმა მიმოხილვამ 20 კვლევის შედეგები გააერთიანა. მასში სულ 1 988 პროფესიონალი ფეხბურთელის მონაცემები იყო შესწავლილი.
კვლევის მიხედვით:
92,3% - ოპერაციის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა;
80,1% - ტრავმამდელ სათამაშო დონეს დაუბრუნდა;
263 დღე - მოედანზე დაბრუნების საშუალო დრო იყო, ეს დაახლოებით დაახლოებით 9 თვეა.
სტატისტიკა არ ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ძველ დონეზე დაბრუნების ალბათობა ზუსტად 80 ან 92 პროცენტია. ინდივიდუალური პროგნოზი დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე, თანმხლებ დაზიანებებზე, ოპერაციის შედეგსა და რეაბილიტაციის მიმდინარეობაზე. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შეფასებითაც, მნიშვნელოვანი ფაქტორია თავად ორგანიზმის რეაქცია და აღდგენის პროცესი.
როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაცია?
წინა ჯვარედინი იოგის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მისი მთავარი მიზანი მხოლოდ დაზიანებული მუხლის მოძრაობის აღდგენა არ არის - სპორტსმენმა უნდა დაიბრუნოს კუნთების ძალა, მოძრაობის სისწრაფე, წონასწორობა და მუხლის სტაბილურობა.
რეაბილიტაციის პროგრამა ინდივიდუალურად იგეგმება.
I ეტაპი - ოპერაციის შემდეგ პირველი კვირები
ამ პერიოდში მთავარი ამოცანაა ტკივილისა და შეშუპების შემცირება, მუხლის მოძრაობის აღდგენა და კუნთების გააქტიურება.
ექიმის მეთვალყურეობით პაციენტმა შესაძლოა ოპერაციიდან მალევე დაიწყოს მარტივი მოძრაობები და სამკურნალო ვარჯიშები.
II ეტაპი - კუნთების ძალისა და მოძრაობის აღდგენა
მომდევნო კვირებსა და თვეებში იზრდება დატვირთვა. სპორტსმენი მუშაობს ბარძაყისა და მუხლის გარშემო არსებული კუნთების გაძლიერებაზე, წონასწორობასა და მოძრაობის კონტროლზე.
III ეტაპი - სირბილისა და სპორტული მოძრაობების დაბრუნება
როდესაც მუხლის მდგომარეობა და ფუნქციური ტესტების შედეგები ამის საშუალებას იძლევა, სპორტსმენი თანდათან იწყებს სირბილს, ხტომას, აჩქარებასა და მიმართულების შეცვლის ვარჯიშებს.
IV ეტაპი - ფეხბურთში დაბრუნებისთვის მომზადება
რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე სპორტსმენი ბურთით ვარჯიშს, სწრაფ მანევრებსა და გუნდურ დატვირთვას უბრუნდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დადგეს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის საკითხი.
ვინ გადაიხდის კვარაცხელიას მკურნალობის ხარჯებს?
ტრავმირებული ფეხბურთელების ოპერაციისა და რეაბილიტაციის ხარჯებს, როგორც წესი, კლუბის სამედიცინო და სადაზღვევო სისტემები იღებს თავის თავზე. საფრანგეთში პროფესიონალი ფეხბურთელების სამუშაო ტრავმების მკურნალობის ხარჯების დაფარვაში სოციალური დაზღვევაც მონაწილეობს.
კონკრეტულად კვარაცხელიას მკურნალობის ღირებულება და სადაზღვევო პირობები საჯაროდ ცნობილი არ არის.
ვის ჰქონია მსგავსი ტრავმა?
წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა არაერთ ცნობილ ფეხბურთელს გადაუტანია. მათ შორის არიან „ბარსელონას“ ნახევარმცველები გავი და როდრი და „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დაიკი.
ეს მაგალითები აჩვენებს, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ წარმატებული დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა თითოეული სპორტსმენის რეაბილიტაცია განსხვავებულად მიმდინარეობს.
როდის შეიძლება დაბრუნდეს კვარაცხელია?
ამ ეტაპზე კონკრეტული ვადის დასახელება შეუძლებელია.
„პარი სენ-ჟერმენს“ ჯერ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა კვარაცხელიას მენისკის, ხრტილის ან მუხლის სხვა სტრუქტურების თანმხლები დაზიანებები. ასეთმა დაზიანებებმა შესაძლოა რეაბილიტაციის ხანგრძლივობაზეც იმოქმედოს.
პროფესიონალი ფეხბურთელების კვლევებში დაფიქსირებული საშუალო მაჩვენებლების გათვალისწინებით, დაბრუნებას დაახლოებით ცხრა-ათი თვე შეიძლება დასჭირდეს. თუმცა ეს მხოლოდ ზოგადი სამედიცინო ორიენტირია და არა კვარაცხელიასთვის დადგენილი ვადა.
თავად ფეხბურთელმა ტრავმის მიღებიდან მალევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად არის, მომავალი თვეები შრომაში, ტკივილსა და ცრემლებში გაატაროს.
„ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის გვერდით მიდგას. არ გიღალატებთ!.. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე შევხვდებით“, - მიმართა მან გულშემატკივრებს.
კვარაცხელიას კრიშტიანუ რონალდოც გამოეხმაურა:
„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ისინია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ვიცი, რას გრძნობ, კვარა“.
25 წლის ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ 2025 წლის იანვრიდან თამაშობს. მანამდე, „ნაპოლის“ შემადგენლობაში, ის იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. 2022–2023 წლების სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ნეაპოლურ კლუბს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონობა მოაპოვებინა.
კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ნაკრების ისტორიულ წარმატებაშიც - 2024 წელს საქართველოს ნაკრებმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე.
ფორუმი