16:30
1.10.2012
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისის ინფორმაციით 15:00 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა 51 100 ადამიანმა მიიღო. რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იოსებ შველიძის განცხადებით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი ტექნიკური ხასიათის საჩივარი. "უბნებზე არის ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რაც ამომრჩეველთა სიმრავლით არის გამოწვეული. პრობლემები უმნიშვნელოა და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს", ამბობს იოსებ შველიძე. იტყობინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
16:32
1.10.2012
ისნის N12 საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯომარის, ნინო ბოქოლიშვილის თქმით, 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 586-მა ადამიანმა დააფიქსირა. - იტყობინება ანი სელენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
16:49
1.10.2012
საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, თინიკო ადამიას თქმით, ისნის N10 საარჩევნო უბანზე 636-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. "თითქმის მთელი დღეა, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დილის საათებში ამომრჩეველთა მეტი აქტივობა დაფიქსირდა. ამჟამად ამომრჩეველთა აქტივობა არ აღინიშნება" - ამბობს თინიკო ადამია. გვატყობინებს ანი სელენიძე (რადიო თავოსუფლების მედიასკოლა).
17:05
1.10.2012
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დატოვა. ქვეყნის პირველმა პირმა მოინახულა ლანჩხუთის N47 საარჩევნო უბანი, სადაც საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა ლანჩხუთში ვიზიტის ფარგლებში პირველი საჯარო სკოლა და კულტურის სახლი მოინახულა. "მინდა, რომ ეს ისტორიული დღე ყველგან ჩემი თვალით ვნახო. ძალიან მაგარი დღეა. ხალხი აქტიური და მხნეა. კარგი ამინდი დაგვემთხვა. ჩვენი ხალხი ყოველთვის გაიმარჯვებს. მე მართლა ვამაყობ და ვიამაყებთ ჩვენი გურულებითა და ქართველი ხალხით", - განაცხადა სააკაშვილმა. 13 საათის მონაცემებით, ლანჩხუთში არჩევნებში მონაწილეობა 16 234 ადამიანმა მიიღო, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 43,92 პროცენტს შეადგენს. - ლანჩხუთიდან იტყობინება გიორგი სირაძე.