ოჯახისა და ადვოკატის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნეფარიძემ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, პოლიციელები მის მშობლებთან მივიდნენ და ქუთაისში, საქმის პროკურორთან შეხვედრა შესთავაზეს.
ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გზით პროკურატურა მსჯავრდადებულზე ოჯახის წევრების მეშვეობით ცდილობს ზემოქმედებას.
„ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, როდესაც მოხუცებულ მშობლებთან ჩადიხარ, პოლიციის თანამშრომლები ეკიპაჟით და ეუბნები, რომ პროკურორს შენი შვილის საქმეზე შენთან შეხვედრა უნდა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ანდრიაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისში ადვოკატებისთვის ცნობილი გახდა პროკურატურის ახალი შეთავაზების შესახებ. საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, ნეფარიძე დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ დამატებითი სასჯელისა და ჯარიმისგან გათავისუფლდებოდა და სასამართლო დარბაზიდანვე გაუშვებდნენ.
შეთანხმებაში მისი სხვა საქმეც უნდა გაერთიანებულიყო, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებას ეხება.
ანდრიაშვილის თქმით, ნეფარიძემ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ ნოემბრის 10-15 რიცხვებში, მას შემდეგ, რაც თავადაც შეხვდა პატიმარს, პროკურატურას მისი გადაწყვეტილება აცნობა.
„გიორგის გადაწყვეტილებაა, ბოლომდე იბრძოლოს თავისი სიმართლისთვის და თუ აქ არ დადგება მის სასარგებლოდ გადაწყვეტილება, ევროსასამართლოში უჩივლოს სახელმწიფოს“, – ამბობს ანდრიაშვილი.
ადვოკატის მონათხრობით, პოლიციელები ნეფარიძის მშობლებთან ქუთაისში მივიდნენ და საქმის პროკურორთან შეხვედრა შესთავაზეს. პოლიციელებმა მშობლებს უთხრეს, რომ მათი ავტომობილით წაყვანაც შეეძლოთ, თუ გადაადგილებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ.
რას ჰყვება ნეფარიძის დედა
ნეფარიძის დედა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ სახლში ორი პოლიციელი მივიდა. მისი თქმით, თავდაპირველად შეეშინდა, რადგან იფიქრა, რომ შესაძლოა, მის შვილს საპატიმროში რამე შეემთხვა.
„არაო, ქალბატონო, კარგი ამბავი არისო, სათქვენოდ შემობრუნდა საქმეო, გიორგისკენო და დალაპარაკება გვინდა ერთი წუთიო, თქვენთან და თქვენს მეუღლესთანო“, – იხსენებს დედა პოლიციელების ნათქვამს.
ქალმა პოლიციელებს უთხრა, რომ პროკურორთან შეხვედრის მიზეზი მისთვის გაუგებარი იყო და შვილთან შეუთანხმებლად არსად წასვლას არ აპირებდა. მისი თქმით, შეხვედრაზე უარი ნეფარიძის მამამაც განაცხადა.
„ჩემი შვილი არასრულწლოვანი არაა, არსად არ წავალ და არც არავისთან დასალაპარაკებელი არა მაქვს“, – ამბობს ნეფარიძის დედა.
მისივე თქმით, პოლიციელების წასვლის შემდეგ ისე ინერვიულა მთელი ღამე ცუდად იყო. იმასაც აღნიშნავს, რომ პოლიციელებს მის მიმართ პირდაპირი მუქარა ან ძალადობა არ გამოუყენებიათ.
რას ამბობს პროკურატურა
გიორგი ნეფარიძესა და მის სამ თანამშრომელს უფროსზე ძალადობის საქმეზე 20 იანვარს მიუსაჯეს პატიმრობა.
განაჩენი ასეთია:
- მერაბ სარალიძე - 6 წელი და 3 თვე;
- გიორგი ნეფარიძე - 6 წელი და 3 თვე;
- თენგიზ გველესიანი - 4 წელი და 3 თვე;
- არჩილ ჭუმბურიძე - 4 წელი და 3 თვე.
სარალიძესა და ნეფარიძეს ედავებოდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – ამ „ორგანიზებულ ძალადობაში“ მონაწილეობას.
რადიო თავისუფლებას პროკურატურაში უთხრეს, რომ ოთხი მსჯავრდებულიდან ერთმა თავად გამოთქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი.
უწყების განმარტებით, დანარჩენი სამი მსჯავრდებულის პოზიციის გასარკვევად, მათი ოჯახის წევრების ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართეს.
„თანამშრომლებმა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოცხადება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გიორგი ნეფარიძის საქმეები
ოთხი მაღაროელი პოლიციამ 2025 წლის 29 აპრილს, ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა. მაღაროელები დააკავეს იმ საპროტესტო აქციების პარალელურად, რომლებიც ჭიათურაში თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
- საპროტესტო ტალღა ჭიათურაში დაიწყო 2025 წლის თებერვლის ბოლოს.
- იგი მოჰყვა ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ (CMC) 2024 წლის შემოდგომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტში მაღაროების მუშაობის გაჩერებაზე.
- ამ პროტესტმა 2025 წლის მარტში დროებით თბილისში გადაინაცვლა.
- აღნიშნული საპროტესტო კერის მიღმა, ჭიათურაში იმ დროს წელიწადზე მეტი ხნის დაწყებული იყო სოფელ შუქრუთელების პროტესტი.
გარდა ამისა, ნეფარიძეს 2025 წლის ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანეს. 7 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას ამ საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ნეფარიძე ორივე საქმეში ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატის ინფორმაციით, მთავარი საქმის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, ამჟამად კი დაცვის მხარე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, საქმე მესამე ინსტანციამ წარმოებაში მიიღო, თუმცა სხდომა ჯერ არ გამართულა.
ანდრიაშვილი მიიჩნევს, რომ ნეფარიძის წინააღმდეგ ძალადობის საქმეში გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. მისი განმარტებით, სასამართლო პროცესზე მოწმეებმა ნეფარიძის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს და ერთ-ერთმა მათგანმა მის ნაცვლად სხვა ბრალდებულზე მიუთითა. დაცვის მხარე ასევე დავობს, რომ საქმეში არ დადასტურდა გზის გადაკეტვის ფაქტი.
ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს პატიმრობის პერიოდში შიმშილობაც ჰქონდათ გამოცხადებული. მათი დაკავების შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობა სხვა მაღაროელებმაც დაიწყეს.
ფორუმი