Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ახალ საქმეზე

გიორგი ნეფარიძე 2025 წლის 29 აპრილის შემდეგ პატიმრობაშია.
გიორგი ნეფარიძე 2025 წლის 29 აპრილის შემდეგ პატიმრობაშია.

მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს, რომელსაც კომპანიის დირექტორზე ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმეზე 6 წელი და 3 თვე ჰქონდა მისჯილი, 1 წელი და 6 თვე შეუფარდეს ახალ საქმეზე. განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

მისმა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მაღაროელი ამჯერად 2025 წლის ერთ-ერთ სხდომაზე მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით გაასამართლეს.

გიორგი ნეფარიძე ბრალს არ აღიარებს. 2025 წლის ერთ-ერთ სხდომაზე საქმეზე განაჩენი გუშინ, 7 ივლისს გამოაცხადა.

„სასამართლოს წარდგენილი ჰქონდა „მთავარი საქმის“ განაჩენი, თუმცა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადების დროს მხოლოდ ის თქვა, რომ 1,5 წელი შეუფარდა. შთანთქმასთან მიმარათებაში სასამართლოს არ გაუკეთებია განმარტება“, - ამბობს ადვოკატი.

ის ახლა გამამტყუნებელი განაჩენის ჩაბარებას ელოდება - ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მოსამართლემ გიორგი ნეფარიძეს გაუზარდა პატიმრობის ვადა, თუ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის შთანთქმის პრინციპი გამოიყენა.

გიორგი ნეფარიძესა და მის სამ თანაშრომელს უფროსზე ძალადობის საქმეზე 20 იანვარს მიუსაჯეს პატიმრობა.

განაჩენი ასეთია:

  • მერაბ სარალიძე - 6 წელი და 3 თვე;
  • გიორგი ნეფარიძე - 6 წელი და 3 თვე;
  • თენგიზ გველესიანი - 4 წელი და 3 თვე;
  • არჩილ ჭუმბურიძე - 4 წელი და 3 თვე.

სარალიძესა და ნეფარიძეს ედავებოდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – ამ „ორგანიზებულ ძალადობაში“ მონაწილეობას.

მაღაროელების დაკავება

ოთხი მაღაროელი პოლიციამ 2025 წლის 29 აპრილს, ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა. მაღაროელები დააკავეს საპროტესტო აქციების პარალელურად, რომლებიც ჭიათურაში თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

  • საპროტესტო ტალღა ჭიათურაში დაიწყო 2025 წლის თებერვლის ბოლოს.
  • იგი მოჰყვა ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ (CMC) 2024 წლის შემოდგომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტში მაღაროების მუშაობის გაჩერებაზე.
  • ამ პროტესტმა 2025 წლის მარტში დროებით თბილისში გადმოინაცვლა.
  • აღნიშნული საპროტესტო კერის მიღმა, ჭიათურაში იმ დროს წელიწადზე მეტი ხნის დაწყებული იყო სოფელ შუქრუთელების პროტესტი.

მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს საპატიმროში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული. მათი დაპატიმრების შემდეგ სხვა რამდენიმე მაღაროელმაც გამოაცხადა შიმშილობა, თუმცა უშედეგოდ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG