Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მარტვილში მოქალაქეთა პროტესტი გრძელდება


მარტვილში, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, გამგეობასთან ორი კვირაა საპროტესტო აქცია გრძელდება. ერთი კვირაა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი შიმშილობს. გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარეს გადადგომასთან ერთად მოშიმშილეები ახლა უკვე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომასაც მოითხოვენ. ამ მიზნით მარტვილის გამგეობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ. მოშიმშილეები გამგეობის შენობის შესასვლელთან არიან მოკალათებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფი მოშიმშილეთა მდგომარეობას ყოველდღიურად ამოწმებს. ექიმების თქმით, აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ამ ეტაპზე მათ შიმშილობის შეწყვეტას ურჩევენ.

მარტვილში კვლავ რჩებიან სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან აქციის მხარდასაჭერად ჩასული მოქალაქეები. მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 3 დეკემბრიდან მოქალაქეთა ნაწილი თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციასთან და ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ გეგმავდა შიმშილობის გაგრძელებას, თუმცა გეგმები დროებით შეიცვალა. ზუგდიდიდან ჩასული აქციის მონაწილე გვიხსნის, რომ წაყენებული მოთხოვნების შესრულებამდე აქციის დაშლა არ იგეგმება:

„აქცია გაგრძელდება. ხალხი დაშლას არ აპირებს. მარტვილის საზოგადოებამ გამგებელზე და საკრებულოს თავმჯდომარეზე საჩივარი შეიტანა, რათა დადგინდეს, რაც მათ დარღვევები აქვთ მიწებთან დაკავშირებით, ქონების მითვისებასთან დაკავშირებით“, – ამბობს აქციის მონაწილე.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები წაყენებული მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ გოროზიამ რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ 30 ნოემბერს განუცხადა, რომ წესრიგის დასამყარებლად პოლიციას განცხადებით მიმართა და სათანადო რეაგირებას უკვე მათგან ელოდა, თუმცა, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციის მხრიდან აქციის დაშლის მცდელობას ან მოწოდებას დაშლილიყვნენ ადგილი ამ დრომდე არ ჰქონია. დღეს კი მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ არ ახდენს პოლიცია მის განცხადებაზე რეაგირებას:

„გადადგომას არ ვგეგმავ არც მე და არც გამგებელი. მოვიფიქრებთ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა“, – ამბობს ზაალ გოროზია. ის მიიჩნევს, რომ აქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებულია, რასაც აქციის მონაწილეები კატეგორიულად უარყოფენ.

ზუგდიდიდან მარტვილში აქციის მხარდასაჭერად ჩასული მოქალაქეები იმედოვნებენ, რომ მარტვილში ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლას ავტომატურად მოჰყვება იგივე ცვლილებები მათ ქალაქში.

რაც შეეხება ზუგდიდს, აქ, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან 1 დეკემბერს ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალები“ ფრაქციას ტოვებენ, თუმცა ამას კატეგორიულად უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია. მისი თქმით, „ფრაქცია არავის დაუტოვებია და ამას არც არავინ გეგმავს“.
XS
SM
MD
LG