Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მელორ ვაჩნაძის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს


საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მსჯავრდებულ მელორ ვაჩნაძის გადაყვანა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდება საჭირო გამოკვლევები და ადეკვატური მკურნალობა. როგორც მელორ ვაჩნაძის დედა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკანასკნელ ხანებში გართულდა. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში აცხადებენ, ამ ეტაპზე მკურნალობაზე უარს თავად მსჯავრდებული აცხადებს. მოძრაობა ”შემოგვიერთდის” წევრი მელორ ვაჩნაძე 2009 წლიდან იხდის სასჯელს თაღლითობის ბრალდებით, თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ ის პოლიტიკური აქტიურობის გამო დააკავეს.

მელორ ვაჩნაძის დედა რიტა ვაჩნაძე შვილის ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მისი შვილის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება, რადგან მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მას სათანადო მკურნალობა ვერ უტარდება. რამდენიმე თვის წინ მან შვილის სისხლის ანალიზის პასუხები ერთ-ერთ კვლევით სამედიცინო ცენტრში მიიტანა:

”იქ თქვეს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მომცეს ცნობა, რომ მელორს სპეციალიზებული მკურნალობა სჭირდება. მას სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდა. ძალიან გაურთულდა მდგომარეობა. სამი-ოთხი დღეა 40 აქვს სიცხე”, - ამბობს რიტა ვაჩნაძე.

მელორ ვაჩნაძე 18 ივლისს სახალხო დამცველთან არსებული პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს. როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მელორ ვაჩნაძეს რამდენჯერმე ჩაუტარდა მკურნალობა მე-18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა მკურნალობას შედეგი არ მოჰყვა:

”რამდენიმე ხანია უკვე მელორ ვაჩნაძეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. როგორც თვითონ ამბობს, მას უტარდება სიმპტომური მკურნალობა და არ უტარდება გამოკვლევები იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი. დაავადების სიმძიმე გაურკვეველია, თუმცა, ცხადია, რომ ის საჭიროებს ადეკვატურ გამოკვლევებს”, - ამბობს ნათია იმნაძე.

სამედიცინო დეპარტამენტი აბსოლუტურ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პაციენტი შემდგომშიც უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი მკურნალობით და გამოკვლევებით ...
დავით ასათიანი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ასათიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მელორ ვაჩნაძეს არაერთხელ ჩაუტარდა მკურნალობა როგორც მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ისე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. მისივე თქმით, ის სამედიცინო დეპარტამენტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა, როგორც დავით ასათიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, მელორ ვაჩნაძემ უკანასკნელ ხანებში თავად განაცხადა მკურნალობაზე უარი.

”სამედიცინო დეპარტამენტი აბსოლუტურ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პაციენტი შემდგომშიც უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი მკურნალობით და გამოკვლევებით. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ყველაფერზე თავად პაციენტი დაგვეთანხმება”, - ამბობს დავით ასათიანი.

პოლიტიკურად აქტიური, მოძრაობა ”შემოგვიერთდის” წევრი მელორ ვაჩნაძე სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 9 აპრილის აქციების დროს მოექცა, როდესაც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტის ნიკა ავალიანის ცემის ფაქტზე ის და მისი ორი მეგობარი დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. რამდენიმე ხანში ის თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მელორ ვაჩნაძე ის ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომლის საქმეც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სამართლებრივი ანალიზის დოკუმენტში შეიტანა. დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი, იურისტი ეკა ფოფხაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სწორედ იმიტომ დაინტერესდა მელორ ვაჩნაძის საქმით, რომ ის 2009 წლის საპროტესტო აქციებიდან მალევე გაასამართლეს. მისივე თქმით, მელორ ვაჩნაძის საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მსჯავრდებულმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული:
თუ ეს საქმე იყო კრიმინალი და გამოძიებისთვის საინტერესო, რატომ მოხდა მისი გააქტიურება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მელორ ვაჩნაძე გახდა აქტიური 2009 წლის საპროტესტო აქციების დროს?
ეკა ფოფხაძე

”ჩვენს დასკვნაში გამოვთქვით ეჭვი, არის თუ არა ეს სისხლის სამართლებრივი ქმედება, თუ მხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივი ქმედებაა, რადგან ეს იყო ჩვეულებრივი საკონტრაქტო ურთიერთობა და ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობა და დარღვევა, რაც, გარკვეულწილად, შეიძლებოდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა და არა სისხლის სამართლებრივი ურთიერთობა და თაღლითობა. ანუ ვერც სასამართლო განაჩენით და ვერც მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდა ის ნიშნები, რაც აუცილებელია დანაშაულისთვის, ამიტომ ჩვენ სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობით ვამბობდით, რომ შეიძლებოდა დასმულიყო კითხვები ამ ადამიანის სისხლის სამართლებრივი მსჯავრდების კანონიერებასთან დაკავშირებით”, - ამბობს ეკა ფოფხაძე.

ეკა ფოფხაძეს საყურადღებოდ მიაჩნია ის ფაქტიც, რომ მელორ ვაჩნაძის მიმართ საჩივარი თაღლითობის ბრალდებით 2009 წლის 9 აპრილის აქციებამდე ერთი წლით ადრე შევიდა შესაბამის ორგანოში, თუმცა, მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში არანაირი საგამოძიებო საქმიანობა არ განხორციელებულა და მხოლოდ მელორ ვაჩნაძის პოლიტიკურ გააქტიურებას მოჰყვა ამ საქმის წინ წამოწევა.

”თუ ეს საქმე იყო კრიმინალი და გამოძიებისთვის საინტერესო, რატომ მოხდა მისი გააქტიურება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მელორ ვაჩნაძე გახდა აქტიური 2009 წლის საპროტესტო აქციების დროს?”, - კითხულობს ეკა ფოფხაძე.

აქვე ისიც უნდა უნდა გავიხსენოთ, რომ მელორ ვაჩნაძემ ე.წ. პოლიტპატიმართა გათავისუფლების მოთხოვნით არაერთხელ მოაწყო შიმშილობის აქცია სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. რამდენიმე თვის წინ კი მელორ ვაჩნაძის ვადაზე ადრე გათავისუფლება უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მოითხოვეს. მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მელორ ვაჩნაძე პოლიტიკური პატიმარია და მას მიმდინარე წლის 27 მარტიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება ეხება, რადგან სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს. თუმცა, როგორც მელორ ვაჩნაძის დედა რიტა ვაჩნაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მუდმივმოქმედმა კომისიამ, რომელიც პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებს განიხილავს, ადვოკატების განცხადება არ დააკმაყოფილა. ოჯახის წევრებმა კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. რიტა ვაჩნაძის თქმით, სასამართლო სხდომა 2 აგვისტოს არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG