Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავჩენკოს განაჩენი - 22 წლით თავისუფლების აღკვეთა


ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია თბილისში
ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია თბილისში

რუსეთის ქალაქ დონეცკში სასამართლომ დამნაშავედ ცნო უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო. მას ბრალად ედებოდა ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობა და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადალახვა. მოსამართლე საბრალდებო დასკვნას ორი დღის განმავლობაში კითხულობდა. მიუხედავად უკრაინელი სამხედრო მფრინავის მიერ ყველა ბრალდების უარყოფისა, სასამართლომ სავჩენკოს საერთო რეჟიმის კოლონიაში 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ლეონიდ სტეპანენკო რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლოში ორი დღის განმავლობაში კითხულობდა უკრაინელი სამხედრო მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს რამდენიმე ასეულგვერდიან საბრალდებო დასკვნას. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იტყობინება, სავჩენკოს საბრალდებო დასკვნა რამდენიმე ასეულ გვერდს მოიცავდა. როსტოვის ოლქის ამ პატარა ქალაქში არც ამდენ ჟურნალისტს, დიპლომატსა და სასამართლოზე დასწრების მსურველს ელოდნენ.

22 მარტს ნადია სავჩენკო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2014 წელს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რამდენიმე ასეულგვერდიან საბრალდებო დასკვნაში ასევე წერია, რომ: „ნადეჟდა სავჩენკომ ჩაიდინა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ლუგანსკის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რაც დაკავშირებული იყო მათ უართან, ეღიარებინათ უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობა, ასევე სურვილთან დაეფუძნებინათ ცალკე ტერიტორიული ერთეული - ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“.

ნიკოლაი პოლოზოვი
ნიკოლაი პოლოზოვი

განაჩენის გამოცხადებამდე კი სავჩენკოს ადვოკატმა, ნიკოლაი პოლოზოვმა, ჟურნალისტებს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სიტყვები გადასცა და თქვა, რომ ნადეჟდას ეს განაჩენი არ აინტერესებს, მისთვის ეს არ არის სამართლიანი სასამართლო და არ ცნობს მის განაჩენს. არც მის გასაჩივრებას გეგმავს ამ ეტაპზე. უფრო მეტიც:

„ის დარწმუნებულია, რომ მის მიმართ მსოფლიოს მხარდაჭერა საბოლოოდ მის გათავისუფლებას ხელს შეუწყობს, და მიიჩნევს, რომ დღეს გამოჩენილი სისუსტე მხოლოდ შეაფერხებს მის გათავისუფლებას და სახლში დაბრუნებას. ის ასევე აპირებს განაჩენის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში გამოაცხადოს მშრალი შიმშილობა. ჩემი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარწმუნება შეუძლებელია. მისი მიზანი უცვლელია - ის უნდა გათავისუფლდეს და სახლში დაბრუნდეს. ამიტომ, თუ ჩვენ იმის ნახევარი სიმტკიცე მაინც გვექნა, რაც ნადეჟდას აქვს, დარწმუნებული ვართ, საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ“.

ნადია სავჩენკოს სასამართლო პროცესის პარალელურად, 21 მარტს, გვიან ღამით, თბილისში, რუსეთის საელჩოს წინ, ისევ გაიმართა სოლიდარობის აქცია - „თავისუფლება სავჩენკოს“. ამჯერად აქციას „ქართული ნაციონალური ბალეტიც“ შეუერთდა. ანსამბლის წევრებმა, უკრაინის დროშით ხელში, საელჩოს წინ ქართული ცეკვა „ხორუმი“ შეასრულეს. როგორც ანსამბლის გენერალური დირექტორის მოადგილემ ხატია ეკიზაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა,„სუხიშვილები“ ასე გამოხატავენ მხარდაჭერას ნადია სავჩენკოს მიმართ და უერთდებიან მისი გათავისუფლების მოთხოვნას:

„სოლიდარულები ვართ უკრაინელი გმირი ქალის ნადეჟდა სავჩენკოსი და მიგვაჩნია, რომ მისი დაცვა არის არა მხოლოდ მისი პირადი თავისუფლების, არამედ, ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების დაცვაც“.

დიახ, ნადია სავჩენკო სწორედ ის ადამიანია, ვინც მარტო უპირისპირდება კრემლის რეჟიმს და მის მიერ ჩადენილ საშინელებებს...
ზურაბ ჯაფარიძე

რუსეთის საელჩოსთან უკრაინის დროშებითა და სავჩენკოს გამოსახულებიანი პლაკატებით ხელში მისული ადამიანები ამ აქციით კიდევ ერთხელ უერთდებიან მსოფლიოს სხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო გამოსვლებს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, მოუწოდებენ გაათავისუფლოს პირადი პატიმარი - ნადია სავჩენკო:

„სავჩენკო დღეს თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, იმ თავისუფლებისა, რომლის დაკარგვის საფრთხეც დღეს საქართველოსაც ემუქრება სწორედ რუსეთისგან. ამიტომ, გარდა, უბრალოდ, ადამიანური სოლიდარობისა, ვფიქრობ, ეს არის სახელმწიფოებრივი ვალდებულებაც, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანდეს ამ ძალიან უხეში საქციელის წინააღმდეგ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ.

რუსეთის საელჩოსთან 21 მარტს გვიან ღამით პოლიტიკური პარტიების წევრებიც მივიდნენ. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, თქმით, სავჩენკო უკვე კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა:

„დიახ, ნადია სავჩენკო სწორედ ის ადამიანია, ვინც მარტო უპირისპირდება კრემლის რეჟიმს და მის მიერ ჩადენილ საშინელებებს“.

შეგახსენებთ, რომ უკვე ოც თვეზე მეტი გავიდა, რაც უკრაინელი სამხედრო მფრინავი, უკრაინის ვერხოვნა რადასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, 34 წლის ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის ფედერაციის ციხეში იმყოფება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG