Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი რუსეთს ურჩევს, არ დაადგეს იზოლაციის გზას


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

18 ნოემბერს, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას გამართავდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა ეუთოს დამკვირვებლებისა და ნატოს წყაროების მიერ მოპოვებული ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაძლიერების შესახებ:

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის დესტაბილიზაციას. ჩვენ ვხედავთ ჯარების, ტექნიკის, ტანკების, არტილერიისა და ასევე თანამედროვე საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაადგილებას, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარები აღმოსავლეთ უკრაინიდან და პატივი სცეს მინსკის შეთანხმებას“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა არა უბრალოდ მოუწოდა მოსკოვს, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მან 5 სექტემბერს მინსკში სამშვიდობო გეგმის შესრულებით იკისრა, არამედ რუსეთის ხელისუფლება მოსალოდნელი იზოლაციის შესახებაც გააფრთხილა:

„ორივეს - ევროკაშირსაც და ნატოსაც - სურს უკრაინის კრიზისი მოლაპარაკების გზით მშვიდობიანად მოგვარდეს. ეს კრიზისი რუსეთის ქმედებების შედეგია. რუსეთს აქვს არჩევანი, მას შეუძლია მოლაპარაკების გზით სამშვიდობო გადაწყვეტილების მონაწილე გახდეს, ანდა რუსეთს შეუძლია განაგრძობს იზოლაციის გზა“.

სტოლტენბერგის განცხადება მოჰყვა დიდი ოცეულის შეხვედრას ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში, სადაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმაც მოახდინეს ზეწოლა ვლადიმერ პუტინზე, რათა შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი სეპარატისტების სამხედრო ძალით დახმარება.

მოსკოვი, თავის მხრივ, კვლავინდებურად უარყოფს რუსეთის სამხედრო როლს უკრაინის საქმეში, თუმცა არც იმას მალავს, რომ არ დაუშვებს უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყველ მისი პოლიტიკური ოპონენტის განადგურებას.

„თქვენ გინდათ, რომ უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველა გაანადგუროს აღმოსავლეთ უკრაინაში, ყველა თავისი პოლიტიკური ოპონენტი და მოწინააღმდეგ? თქვენ ეს გინდათ? აი, ჩვენ კი ეს ნამდვილად არ გვინდა. და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა გერმანული საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველ არხთან, „აერდესთან“, ინტერვიუში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG