Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

#NATO2030 - მეტი სამხედრო სიძლიერე და მტკიცე პოლიტიკური ერთობა


იმ დროს, როდესაც მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეული გლობალური რეცესიის საფრთხის წინაშე იმყოფება, 8 ივნისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, სტარტი მისცა ალიანსის პროექტ #NATO2030 -ს, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების ფართო ჩართულობით მძლავრი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ალიანსი დღეს უნდა იყოს მზად ხვალინდელი საფრთხეების გასამკლავებლად, რათა მომავალ ათწლეულში და მის შემდგომაც მტკიცედ უზრუნველყოს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 8 ივნისს აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის, ატლანტიკური საბჭოსა და ნატოს საჯარო დიპლომატიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ტრანსატლანტიკურ ვიდეოკონფერენციაზე.

არცთუ ისე სასიამოვნო ფონი

ნატოს გენერალური მდივნის მონაწილეობით გამართულ ვიდეოკონფერენციას ევროპული უსაფრთხოებისათვის არცთუ ისე სასიმოვნო საინფორმაციო ფონი ახლდა.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს მრავალი წევრი ქვეყნის შეშფოთება მოჰყვა წინა დღით წამყვან ამერიკულ და გერმანულ გაზეთებში - The Wall Street Journal-სა და Der Spiegel-ში - გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯარების მასშტაბურ გამოყვანას აპირებდეს გერმანიის რამშტაინში მდებარე საავიაციო ბაზიდან, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია ავღანეთსა და ერაყში კოალიციის საავიაციო ოპერაციების მხარდაჭერისათვის. აქვე მდებარეობს ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბიც.

The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ გერმანიიდან გამოიყვანს 9 500-მდე სამხედროს, Der Spiegel-ი კი იუწყება, რომ წლის ბოლომდე გერმანიას 5 000-დან 15 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს. ამჟამად გერმანიაში აშშ-ის 34,000-მდე სამხედროა დისლოცირებული.

ცხადია, 8 ივნისის ვიდეოკონფერენციაში მონაწილე ექსპერტებისათვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რას ფიქრობს ნატოს გენერალური მდივანი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განლაგებული ნატოს უძლიერესი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ევროპული ფორპოსტის შემცირების შესახებ.

იენს სტოლტენბერგმა უარი თქვა პირდაპირ კომენტარზე „გაჟონილ ინფორმაციასა თუ მედიის სპეკულაციებზე“ და, სამაგიეროდ, მაღალი შეფასება მისცა აშშ-ის ერთგულებას ევროპის მიმართ ნაკისრი ვალდებულებებისადმი. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ, სინამდვილეში, კვლავ ვხედავთ აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას ევროპაში. და ეს შეეხება არამხოლოდ გერმანიას. ჩვენ მხილველი ვართ ახალი ამერიკული სამხედრო ბრიგადების განლაგებისა ევროპაში, ჩვენ მხილველი ვართ როტაციის პრინციპით უფრო ფართო სამხედრო ყოფნისა და ჩვენ მხილველი ვართ იმისა, რომ აშშ-მა წამყვანი როლი იკისრა პოლონეთში ნატოს საბრძოლო დანაყოფის ფუნქციონირებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი შეეხო ალიანსის მთავარ გამოწვევებს და უმთავრესად გამოყო რუსეთის „შეუნელებელი სამხედრო აქტიურობა“, ბოლო ხანს გამოცოცხლებული ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანია, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტი აწარმოებს დემოკრატიული სამხედრო ალიანსის წინააღმდეგ.

განსაკუთრებით, თუ შევხედავთ ურთიერთობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით, ან თუ ავიღებთ ნატოს - ვხედავთ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოების მიმართ კვლავაც ძალიან ძლიერია. ნატო ერთიანია...
ბრუნო ლეტე

ამ კონტექსტში, იენს სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის აღზევებაზე, ჩინეთისა, რომელიც „გამალებით ესწრაფვის ეკონომიკური და ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვებას, რითაც ძირფესვიანად ცვლის გლობალურ ძალთა ბალანსს, მრავალი საფრთხის წინაშე აყანებს ღია საზოგადოებებს, ემუქრება ინდივიდუალურ თავისუფლებას, კონკურენციას უწევს ჩვენს ფასეულობებს და ცხოვრების წესს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს სიტყვა და საქმე

დონალდ ტრამპი დიდი ხანია ჩივის, რომ გერმანია არ ასრულებს ნატოს მიმართ ნაკისრ ვალდებულებას - სამხედრო სფეროზე მშპ-ის 2 პროცენტის გაღებას. ცნობილია ტრამპის გამონათქვამი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე: ნატო მოძველებული არისო. მაგრამ უთანხმოებისა და განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანებასა და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ძალიან ნორმალურად მიაჩნიათ დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ გაცილებით მეტია ის, რაზეც ტრანსატლანტიკური პარტნიორები თანხმდებიან, ვიდრე ის, რაზეც - ვერა.

„განსაკუთრებით, თუ შევხედავთ ურთიერთობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით, ან თუ ავიღებთ ნატოს - ვხედავთ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოების მიმართ კვლავაც ძალიან ძლიერია. ნატო ერთიანია. ვხედავთ, რომ მოკავშირეები თანხმდებიან მრავალ საკითხში და, თუ ადგილზე დავაკვირდებით ვითარებას, აშკარად დავინახავთ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას აშშ კვლავაც ასრულებს ან, შესაძლოა, უფრო აქტიურადაც კი ასრულებდეს ევროპული უსაფრთხოების მხრივ ნაკისრ ვალდებულებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კვლევით ცენტრ „გერმანიის მარშალის ფონდის“ ანალიტიკოსმა, ბრუნო ლეტემ.

მეტი სამხედრო სიძლიერისა და მტკიცე პოლიტიკური ერთობის ყველაზე საუკეთესო დადასტურებაა აშშ-ისა და ნატოს ორი მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება, რომელსაც ამ დღეებში პოლონეთი და ბალტიის სახელმწიფოები მასპინძლობენ.

საუბარია „ევროპის დამცველ 2020“-ზე (DEFENDER-Europe 20“) მიბმულ ორმხრივ, აშშ-პოლონეთის, ორკვირიან სამხედრო-საავიაციო წვრთნაზე, „Allied Spirit“-ისა და BALTOPS-ის სახელით ცნობილ ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო-საზღვაო სწავლებაზე.

პირველი 5-19 ივნისის ჩათვლით ტარდება პოლონეთში, დრავსკო-პომორსკეს რეგიონში.

ძალთა დემონსტრირება ბალტიის ზღვაზე

მიუხედავად იმისა, რომ კორონოვირუსმა კორექტივი შეიტანა სწავლების თავდაპირველ გეგმაში, რაც ერთი ელემენტის საქართველოში ჩატარებასაც გულისხმობდა, აშშ-ის სამხედრო სარდლობის ცნობით, ორკვირიან მანევრებში მონაწილეობას იღებს 6 000 ამერიკელი და პოლონელი ჯარისკაცი.

რაოდენობითა და სწავლის დიაპაზონით უფრო შთამბეჭდავია ბალტიის ზღვაში მიმდინარე ნატოს წვრთნები BALTOPS -2020, რომელიც 7 ივნისს დაიწყო და რომელშიც ნატოს 19 წევრი ქვეყნის - კანადის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის 30-30 საზღვაო ხომალდი და თვითმფრინავი მონაწილეობს.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ კორონავირუსი გადაიქცეს საფრთხედ ალიანსისათვის, - განაცხადა აპრილში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, და გამოთქვა გაფრთხილება, რომ ისეთი მოწინააღმდეგეები, როგორიც რუსეთი და ტერორისტული დაჯგუფებები არიან, შეეცდებიან ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და წამოიწყონ მტრული საქმიანობა.

ნატოს სამხედროები გერმანიაში
ნატოს სამხედროები გერმანიაში

სტოლტენბერგის ეს განცხადება წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეთავაზებას, რომ პანდემიის დროს შემწყდარიყო სამხედრო მოქმედებები. ამის პასუხად ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა.

ნატოს მრავალეროვნული საზღვაო-საჰაერო სწავლება BALTOPS-2020 მოიცავს საჰაერო თავდაცვას, ბრძოლის წარმოებას წყალქვეშა გემების წინააღმდეგ, ხომალდების შეპყრობისა და წყალქვეშა ნაღმების გაუვნებელყოფის ოპერაციებს.

ნიშანდობლივია, რომ ბალტიის ზღვაზე დაწყებული ნატოს ათდღიანი მანევრების პარალელურად, 8 ივნისს რუსეთმა თავის ბალტიის ფლოტში დაიწყო წვრთნა, რომელიც მიზნად ისახავს „პირობითი მოწინააღმდეგის“ მიერ კალინინგრადის ოლქში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებული სარაკეტო და საავიაციო იერიშების მოგერიებას.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაშია ნათქვამი, წვრთნაში ჩაბმულია საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400 და საზენიტო-საარტილერიო კომპლექსი „Панцирь-С1“, ასევე რუსეთის საზღვაო ფლოტისა და საზღვაო ავიაციის დივიზიონები.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG