Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიურ კომიტეტს თემიდა უმსაჯებს


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) პრეზიდენდობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ჩივის და მოითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმი და მისგან გამომდინარე შედეგები. 2016 წლის 23 დეკემბერს სესიამ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩია, 24 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩლის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სესიის მიერ არჩეულ პირებს უფლებამოსილების განხორციელება დროებით აუკრძალა.

ოლიმპიურ კომიტეტს თემიდა უმსაჯებს
please wait

No media source currently available

0:00 0:06:37 0:00
გადმოწერა

78 ხმა ლერი ხაბელოვს, 57 ხმა ირაკლი მეძმარიაშვილს - ასეთი შედეგით დასრულდა ერთი თვის წინ გამართული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო სესია, რომელმაც ოთხი წლით ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად კვლავ აირჩია ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და საქართველოს პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი. კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ლერი ხაბელოვს გამარჯვება მიულოცა მისმა კონკურენტმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა:

სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არც შეტყობინება და არც სასამართლოს განჩინება ამ დრომდე არ მიუღია. როგორც კი ჩვენთვის ოფიციალურად გახდება ხელმისაწვდომი სასამართლოს მასალები, სეოკი მედიისთვის გააკეთებს დამატებით კომენტარს...
ელგუჯა ბერიშვილი

„ეს არის უპროეცედენტო არჩევნები. პროცესი იყო გამჭვირვალე. სპორტულმა ოჯახმა ამოირჩია თავისი რჩეული. ჩვეულებრივი მომენტია. არაფერი გასაკვირი აქ არ არის“.

თუმცა ყრილობიდან ზუსტად ერთი თვის თავზე ცნობილი გახდა, რომ

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია განიხილავს ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელს, რომლის მოპასუხე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტია, მხარეთა შორის დავის საგანს კი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა. სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებით, მოსარჩელემ ასევე დააყენა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. განცხადებაში ვკითხულობთ:

„2017 წლის 24 იანვარს სასამართლომ დააკმაყოფილა წარმოდგენილი შუამდგომლობა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეულ პირებს აეკრძალათ ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედებების შესრულება. ასევე, შეჩერდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმით განსაზღვრულ წესდებაში (სარეგისტრაციო მონაცემებში) რაიმე სახის ცვლილებების შეტანა და ამავე ოქმის მოქმედება სადავო საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე“.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების პასუხად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიური კომიტეტისთვის მოულოდენლი აღმოჩნდა როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ასევე თავად სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტი:

ელგუჯა ბერიშვილი
ელგუჯა ბერიშვილი

„შეგახსენებთ, რომ ბატონმა მეძმარიაშვილმა სესიის დამთავრებისთანავე განაცხადა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების თაობაზე და გამარჯვებულ კანდიდატს თავად საჯაროდ მიულოცა წარმატება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არც შეტყობინება და არც სასამართლოს განჩინება ამ დრომდე არ მიუღია. როგორც კი ჩვენთვის ოფიციალურად გახდება ხელმისაწვდომი სასამართლოს მასალები, სეოკი მედიისთვის გააკეთებს დამატებით კომენტარს“.

როგორც ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ სარჩელი ორიოდე დღის წინ, 23 იანვარს, შევიდა. სარჩელის ავტორი ირაკლი მეძმარიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სასამართლოს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც ოლიმპიური კომიტეტიდან ვერ მიიღო სესიის დელეგატებთან დაკავშირებული დოკუმენტები.

„30 დეკემბერს მათ მიიღეს წერილი, რომლითაც ვითხოვდი მოეცათ ჩემთვის საბუთები. ორი კვირის გასვლის შემდეგ, 16 იანვარს, უარი მითხრეს ზეპირად, 17 იანვარს მივეცი ორდღიანი ვადა და განვუმარტე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წავიდოდი სასამართლოში. 23 იანვრამდე არაფერი არ იყო, 23-ში შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, 24-ში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გუშინ ხელზე მივიღეთ განჩინება. ამიტომ მათი წყენის საფუძველი მე არ მესმის. არც ერთ დოკუმენტზე პასუხის გაცემის ღირსადაც კი არ ჩამთვალეს. ბოლო ყრილობის გადაწყვეტილება, მე სადაც წავაგე, ისიც კი არ მომცეს. არც დელეგატთა სია მომცეს. საჯარო რეესტრიდან კი მოვიდა ამონაწერი, რომ ხმის მიმცემი გარკვეული ორგანიზაციები არ იძებნება და ვინც მოიძებნა, იმათ ნაწილს კი არასწორად აქვს ირიუდიული საკითხები“, უთხრა ირაკლი მეძმარიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ირაკლი მეძმარიაშვილი სასამართლო პროცესის დაწყებამდე კატეგორიულ უარს აცხადებს გაამხილოს ხარვეზიანი დოკუმენტაციის მქონე ხმის მიმცემი ორგანიზაციების ვინაობა, აღნიშნული ინფორმაციის გარეშე კი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს, ემზარ ზენაიშვილს, უჭირს ამომწურავი პასუხის გაცემა:

მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ამას ვცდილობდი. ზედმეტი ნაბიჯი არ გადამიდგია, თუმცა მათგან იყო უამრავი დარღვევა და მე ამაზე თვალს ვხუჭავდი...
ირაკლი მეძმარიაშვილი

„ის, რომ ჩვენ გვყავდა დელეგატები, რომლებიც არ იძებნებიან საჯარო რეესტრში, მესახება წარმოუდგენლად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი კანონის დაცვით არის რეგისტრირებული, თუმცა, თუ არიან ხარვეზით დარეგისტრირებული, ეს იმდენად ჩვენი პრობლემა არ არის, რამდენადაც თავად ამ ორგანიზაცების. საჭიროა, სასამართლოს განჩინების საფუძვლიანი შესწავლა“.

ემზარ ზენაიშვილის თქმით, ოლიმპიური კომიტეტი უფრო საფუძვლიან განმარტებას მაშინ გააკეთებს, როცა სასამართლოდან ოფიციალურ განჩინებას მიიღებს. 26 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზუსტების მიზნით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ საქმეზე მიღებულია არა საბოლოო, არამედ შუალედური გადაწყვეტილება - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს დროებით ღონისძიებას და მისი გამოყენება/არგამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე. მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილი კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, სასამართლო პროცესის მოგების შემთხვევაში კვლავ მიიღოს თუ არა მონაწილეობა სეოკის პრეზიდენტის არჩევნებში.

„ჯერ გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, ძალიან ადრეა ამ თემაზე საუბარი. ამ ეტაპზე მინდა ამოვწიო ყველაფერი და ვაჩვენო ყველას, რა დარღვევებთი ხდებოდა არჩევნები ამ 25 წლის განმავლობაში. მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ამას ვცდილობდი. ზედმეტი ნაბიჯი არ გადამიდგია, თუმცა მათგან იყო უამრავი დარღვევა და მე ამაზე თვალს ვხუჭავდი“, უთხრა ირაკლი მეძმარიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG