რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს სასკოლო განათლების მილიტარიზაციას. სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება 83 „პატრიოტული“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შემდგარი სერიალის ჩვენება. ფილმების ნაწილი ეძღვნება უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილეებს. ჩვენება („რუსეთის სულიერი და ზნეობრივი კულტურის ფარგლებში”) გაიმართება გაკვეთილის, „მნიშვნელოვანზე საუბრის“ ფარგლებში.
სკოლის მოსწავლეებთან მუშაობაში ასევე სულ უფრო აქტიურად რთავენ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, ორჯერ გაიზარდა „უსაფრთხოებისა და სამშობლოს დაცვის საფუძვლებისთვის (“ დაწყებითი სამხედრო მომზადებისთვის”) გამოყოფილი საათების წილი. ეს პროგრამა, სხვა საკითხებთან ერთად, უპილოტო საფრენი აპარატების შესწავლასა და სასწავლო შეკრებებსაც მოიცავს.
ომთან დაკავშირებული თემატიკა სასკოლო დავალებებშიც იჭრება.
„პირველ დრონს ერთი რეისით 2 კილოგრამი გადააქვს, მეორეს - 5...“ - კითხულობს ამოცანის პირობას ერთ-ერთი მოსწავლის დედა, კრისტინა, - ალუბლები, კნუტები, ტორტის ნაჭრები - ეს ყველაფერი დასრულდა, - აღარც ვაშლები, აღარც მსხლები. ახლა ჩვენ მხოლოდ დრონებით შეგვიძლია ამოცანების ამოხსნა, სხვა განზომილებები აღარ გვაქვს. თან სურათიც კი დაურთეს. შეხედეთ, რა „ყოჩაღები“ არიან. აი, ნამდვილი ნაძირალები“.
კრისტინა Instagram-ის მომხმარებლებს აჩვენებს, თუ როგორ აკეთებს სკოლის დავალებას შვილთან ერთად:
„ის, რაც ადრე ჩარჩოებში გვქონდა - რაღაც წესები, რისთვისაც ყურადღება უნდა მიგვექცია, ახლა ასეთი განმარტებები გვაქვს მათემატიკაში. განმარტება: „დრონი - უპილოტო საფენი აპარატი, რომლის დანიშნულებაა მცირე ტვირთის მიწოდება”. და, რაც მთავარია - „მათ შორის”, ესე იგი არ მხოლოდ, არამედ „მათ შორის მიწოდებისთვისაცო”. თუმცა ისეც ხდება, რომ სხვა რამისთვისაც იყენებენ“.
კრისტინა აღშფოთებულია იმით, თუ როგორ იჭრება სასკოლო დავალებებში სამხედრო თემატიკა. დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებში დრონების გამოჩენას სხვა მოსწავლეების მშობლებმაც მიაქციეს ყურადღება.
„ბავშვმა მიიტანა სახელმძღვანელო და მითხრა: დედა, ვერ გავიგე დავალება. „პირველი მოდელის სრულად დამუხტულ დრონს ჰაერში ყოფნა 30 წუთის განმავლობაში შეეძლო, თანამედროვე დრონს კი 75 წუთი შეუძლია იფრინოს”. საერთოდ რა არის ეს? აი, სერიოზულად ფიქრობთ, რომ ეს ის დავალებაა, რომელიც მეორე კლასის მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ - რამდენი ხანი შეიძლება იფრინოს დრონმა დამატებითი დამუხტვის გარეშე? უბრალოდ შოკში ვარ“, - ამბობს ევგენია.
პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დავალებების გამოჩენა შემთხვევით არ ხდება, ბავშვები რუსეთის ხელისუფლებისთვის საჭირო ინფორმაციას კონტექსტის მეშვეობით ისრუტავენ.
„ბავშვის ქვეცნობიერში ილექება, რომ ეს ნორმალურია, - ამბობს პედაგოგი კრისტინა რომანოვა, - ანუ, თუ მე მქონდა დავალება ამ თემაზე, ესე იგი, ეს ნორმალურია; თუ ეს სახელმძღვანელოში შემხვდა ან მასწავლებლისგან მოვისმინე - ეს ნორმალურია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას მასწავლებლის მხრიდან არანაირი კომენტარი არ მოჰყვება. სინამდვილეში ეს ზემოქმედების ძალიან ცბიერი ინსტრუმენტია. შოკირებული ვარ იმით, რაც ხდება. მე ვნახე ეს დავალებები“.
სკოლის ფსიქოლოგი და Telegram-არხ „შკრაბის“ ავტორი იური ლაპშინი საუბრობს იმაზე, თუ როგორ იქცევა სამხედრო თემატიკა ბავშვების ყოველდღიურობის ნაწილად:
„არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვი სკოლიდან ბრუნდება და... ტირის, რადგან სკოლაში ისწავლა ლექსი, რომ ის მომავალი ჯარისკაცია და, რომ სხვა გზა არ არის. ანუ, მისი ბედი უკვე განსაზღვრულია - მომავალი ჯარისკაცი ვარ და ომში უნდა წავიდე. მთლიანობაში, როცა ეს ყველაფერი ბევრია, ძალიან ბევრი, მაშინ ის ნამდვილად იქცევა მიმდინარე ცხოვრების ფონად“.
ვლადიმირ პუტინმა სკოლებს დრონების მართვის სწავლება ჯერ კიდევ 2023 წელს შესთავაზა. მას შემდეგ რუსეთში გამოვიდა სახელმძღვანელო უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ მე-8 და მე-9 კლასებისთვის, მე-10 კლასებში კი ახლა სამხედრო საქმის საფუძვლებს სწავლობენ. აი, რა კითხვებს უსვამენ ბავშვებს საკონტროლო სამუშაოში:
“ვისი მისალმებაა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის?“
“როგორია ქვეითთა საბრძოლო მანქანის (БМП) მოტომსროლელთა განყოფილების შემადგენლობა?“
“დაწერეთ წესების შვიდი პუნქტი, თუ როგორ შევაჩეროთ სისხლდენა ბრძოლის ველზე”.
რუსულ სკოლაში არსებული ამგვარი ცვლილებების ფონზე, სულ უფრო მეტი მშობელი ირჩევს სახლში სწავლებას. რადიო თავისუფლების პროექტის, The CurrentTimes-ის ცნობთ, სახლიდან გაუსვლელად განათლებას იღებს თითქმის 100 ათასი ბავშვი (99,4 ათასი). ამის შესახებ რუსეთის განათლების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა РБК 2026 წლის დასაწყისის მდგომარეობით იუწყება. მხოლოდ ერთ წელიწადში ეს მაჩვენებელი 16,8%-ით გაიზარდა: სკოლებს მიღმა სწავლა დამატებით 14,3 ათასმა ბავშვმა აირჩია.
„არანაირი საუბრები არც მთავარზე და არამთავარზე, არც დრონების მცოდნეობა. არაფერი მსგავსი არ არის. და ეს საოცარი რამეა“, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
მშობლები ჯგუფებადაც ერთიანდებიან, რათა თავიანთ შვილებს სკოლის გარეთ მისცენ განათლება, - აღნიშნავს სკოლის ფსიქოლოგი იური ლაპშინი:
„რამდენადაც მესმის, არსებობს სახლში სწავლებაზე გადასვლის მთელი მოძრაობა, სკოლის ალტერნატივების შექმნა, როდესაც მშობელთა ჯგუფები ერთად ქმნიან რაღაც სასწავლო სივრცეს საკუთარი ბავშვებისთვის. დიახ, ასეთი შესაძლებლობა არსებობს, რადგან, საკუთრივ, თვითონ ისინი წყვეტენ, რა ასწავლონ ბავშვებს“.
როგორც ექსპერტები შენიშნავენ, არც სახლში სწავლება იძლევა სამხედრო პროპაგანდისგან სრული დაცვის გარანტიას, რადგან ბავშვებზე ვრცელდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები და ატესტაციის მოთხოვნები.
თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლიდან იმათი რაოდენობა, ვინც რუსეთში შვილებისთვის სწავლების ალტერნატიულ ფორმებს ირჩევენ, მუდმივად იზრდება. მოსკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტის (МГПУ) კვლევის თანახმად, რომელიც ღია სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, 2016-დან 2023 წლამდე ეს მაჩვენებელი ათჯერ გაიზარდა. თუ 10 წლის წინ ასეთი ბავშვების რაოდენობა 17,9 ათასი იყო (მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,1%), 2023 წელს მათმა რიცხვმა უკვე 174,7 ათასს მიაღწია (1%).
ოჯახში განათლების უფლება რუსეთის ფედერალური კანონით არის მხარდაჭერილი. ბავშვს შეუძლია სასკოლო განათლების ნებისმიერ საფეხურზე, პირველი კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, სახლში ისწავლოს. თუმცა, 2026 წლის იანვარში თათრეთის წარმომადგენელმა პარლამენტარმა ილია ვოლფსონმა განათლების მინისტრ სერგეი კრავცოვს საოჯახო სწავლების ფორმაზე გადასვლის გართულებისკენ მოუწოდა. თათრეთის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მონაცემებით, წინა სასწავლო წელს რესპუბლიკაში 50%-ით გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც განათლებას ოჯახში იღებენ.
ფორუმი