გერმანიაში მცხოვრები ირანელი ხელოვანი, ფარასთუ ფორუჰარი ყოველწლიურად ჩადის ხოლმე თეირანში, რათა აღნიშნოს თავისი მშობლების პოლიტიკური მკვლელობის წლისთავი და პატივი მიაგოს მათ ხსოვნას.
წელს ის განსაკუთრებით შეძრა იმ „დამთრგუნველმა გარემომ“, რაც ომით, სანქციებითა და ცხოვრების მძიმე პირობებით არის გამოწვეული.
„ყველაზე მეტად თვალში საცემია იმის განცდა, რომ საზოგადოებას დღევანდელი დღის სიმძიმე თრგუნავს,“ - უამბო თეირანიდან
ფორუჰარმა 23 ნოემბერს, რადიო თავისუფლების ირანულ
სამსახურ „რადიო ფარდას“. - „ეკონომიკური კრიზისი, ხალხის გაჭირვება და სიღარიბე აშკარად თვალში საცემია. ყოველდღიურ ცხოვრებასთან ეს მუდმივი ბრძოლა, უბრალოდ იმისთვის, რომ მოკრძალებული და ღირსეული ყოფა შეინარჩუნონ, ადამიანების თითოეულ ქმედებაში მათ ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა“.
სხვაგვარად მოაზროვნეთა შეკრება
ფორუჰარი ამას იმ დღეს ამბობდა, როდესაც სახლში - იქ, სადაც 1998 წელს მისი მშობლები ცივი იარაღით მოკლეს - ყოველწლიური შეკრება გამართა.
მამამისი დარიუშ ფორუჰარი და დედამისი ფარვანე ესქანდარი, ხელმძღვანელობდნენ მცირე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ირანის
ხელისუფლებას უპირისპირდებოდა, მათი მკვლელობა კი დისიდენტებისა და
ინტელექტუალების რეპრესიების ფონზე მოხდა.
მას შემდეგ, ფორუჰარი ხელისუფლების მხრიდან დაშინებისა და დევნის მიუხედავად, ყოველწლიურად მართავს ხსოვნის შეკრებას თეირანში - თავისი ოჯახის ყოფილ სახლში.
მან 2023 წელს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ გაჩერებულა
მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა დაპატიმრების ან იმის, რომ გერმანიაში
დაბრუნების უფლებას არ მისცემდნენ. მისი შარშანდელი ვიზიტი ირანსა და
ისრაელს შორის მომხდარი 12-დღიანი ომის შემდეგ შედგა, წლევანდელი ჩასვლა კი - აშშ-თან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, რომელიც 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმებით დაიწყო.
„არ ველოდი, რომ ასეთ რთულ და მძიმე პირობებში ამდენი ადამიანი
მოვიდოდა“, - თქვა მან შეკრებაზე. - „იქ იყვნენ სამართლიანობის მაძიებლები - სხვადასხვა თაობის და სოციალური წრის ადამიანები, პოლიტიკური, სოციალური და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებსაც განსხვავებული ინტელექტუალური და იდეოლოგიური შეხედულებები აქვთ, და ასევე, ახალგაზრდების ფართო სპექტრი, რომელიც ამ ღონისძიების ხერხემალს წარმოადგენს“.
ფორუჰარის თქმით, ხელისუფლებამ ის და სხვებიც გააფრთხილა, რომ
ამჯერად წლისთავისთვის არ შეკრებილიყვნენ, და ამის მიზეზად მისი
გასული წლის გამოსვლა დაასახელა, რომელშიც იგი „პოლიტიკური
დანაშაულებისთვის მართლმსაჯულებას“ ითხოვდა.
ეს ის პოზიციაა, რომელიც მას წარსულში არაერთხელ გამოუხატავს და უკვე
მრავალი წელია, მსოფლიოს სხვადასხვა გალერეასა თუ გამოფენაზე
წარმოადგენს მკვეთრად პოლიტიკურ ხელოვნებას, რომელიც ისლამურ
რესპუბლიკას უპირისპირდება.
თავისი მშობლების მკვლელობის წლისთავზე, ხელოვანმა, თავის ქმედებაში სიცხადის შეტანისთვის გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ მას ხელისუფლების წარმომდგენელმა ოფიციალურად აცნობა, რომ თუ შარშანდელივით გამოვიდოდა სიტყვით, კრიტიკული იქნებოდა ირანის მთავრობის მიმართ, ყველა შეკრებილს დააპატიმრებდნენ.
„რამდენიც უნდა გავაპროტესტე შანტაჟისა და მძევლად აყვანის ამ მეთოდის უკანონობა და უზნეობა, რამდენიც უნდა ვილაპარაკე გახსენების უფლებაზე, სიტყვის უფლებასა და სამართლიანობის მოთხოვნის უფლებაზე, არანაირი შედეგი არ გამოუღია,“ - წერს ის თავის პოსტში.
წლების განმავლობაში მართალ სიტყვას დაუღალავად და უშიშრად ვამბობდი. მაგრამ ის, რომ „ჩემი ხმის ჩასახშობად თანამოაზრე სამართლიანობის მაძიებლებსაც შეექმნათ საფრთხე, ისეთი რამაა, რასაც ვერ დავუშვებ. ის, რომ მე ვილაპარაკო და სხვები ჩემი სიტყვების მოსმენისთვის დასაჯონ, თავხედობისა და ძალმომრეობის ახალი ფურცელია; ალბათ მალე ამის კანონსაც სახელოდან გამოაძვრენენ. ოი, უსამართლობავ“!..
ამიტომ გადაწყვიტა მან წლევანდელ თავყრილობაზე ხალხს მხოლოდ მადლობა უთხრას. სათქმელი ბევრია, მაგრამ მას არ სურს, რომ მისმა საყვარელმა ადამიანებმა მისი ნათქვამის გამო ზღონ.
„წლებია ვდგავართ იმისთვის, რომ სამართლიანობის მოთხოვნის ამ ცერემონიის უწყვეტობა შევინარჩუნოთ. წელსაც გავმართავთ მას; ერთმანეთის გვერდით, მშვიდად, მტკიცედ და სოლიდარობით. ყველა იმ რწმენისა და შეხედულების დაჟინებით დაცვით, რომლებიც, მაშინაც კი, თუ არ წარმოითქმება, ჩვენ შორის ცოცხლობს“- წერს ფარასთუ ფორუჰარი.
შარშან ხელოვანმა მისთვის მიძღვნილ პოდკასტში გვითხრა, რომ საზოგადოებაში დადებითი განვითარება მოხდა, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ბოლო სტუმრობის შემდეგო.
„როცა იქ ჩავდივარ ხოლმე, თავიდან ბევრ დროს ვატარებ გარეთ, ჩემს უბანში, სადაც გავიზარდე. ბევრს დავდივარ და ვცდილობ ატმოსფერო შევიგრძნო, ძველ მეზობლებს მივესალმო, გავიხსენო ძველი ხმები, ძველი სურნელი. მაგრამ როცა იმ წლებზე ვფიქრობ, ვხედავ, რომ საზოგადოების კულტურა ძირეულად და დადებითისკენ შეიცვალა. ირანის საზოგადოება ღია საზოგადოება გახდა, ქალების მდგომარეობა ერთობ გაუმჯობესდა. მოხდა ქალების აღიარება ისეთად, როგორც მათ სურთ, რომ იყვნენ, მათ პატივს სცემენ. ახალგაზრდა თაობა სრულიად განსხვავებულად წარმოადგენს თავს გარეთ, ვიდრე მაშინ, მე რომ ახალგაზრდა ვიყავი და იმავე ქუჩებში დავდიოდი. საზოგადოებაში ძალიან დადებითი განვითარება მოხდა,“ - აფასებდა ხელოვანი თეირანში ვითარებას 2025 წლის ზაფხულში, როცა პირველი 12-დღიანი ომი ჩავლილი იყო.
No To War
ფორუჰარი ასევე აკრიტიკებს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ომს.
ის აღიარებს, რომ თეირანს შეუძლია, მისი პოზიცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, მაგრამ ამბობს, რომ, მიუხედავად ამისა, აზრის ხმამაღლა გამოთქმა მნიშვნელოვანია.
„იმ მრავალფეროვან ადამიანებს შორის, რომლებიც გუშინ აქ შეიკრიბნენ, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც არაერთხელ გამახვილდა ყურადღება, სწორედ ბოლო თვეების განმავლობაში უცხოური აგრესიის წინააღმდეგ გამოხატული პრინციპული პოზიციები იყო“, - განაცხადა მან. - „ფაქტია, რომ ჩემი მშობლები უსაფრთხოების სამსახურებმა მოკლეს, მათ თავადვე განაცხადეს, რომ ეს მათ ჩაიდინეს. ეს იყო აგრესია, რომელსაც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის დახმარებად ასაღებენ“.
აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ომის სხვადასხვა მიზანი
დაასახელეს. ისინი, უმეტესწილად, ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება, თუმცა სხვადასხვა დროს მოიცავდა „რეჟიმის შეცვლასაც“ და იმ ირანელების მხარდაჭერას, რომლებიც იანვარში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ დემონსტრაციებს შეუერთდნენ.
საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ძირითადად მწვავე ეკონომიკური
სიდუხჭირის გამო დაიწყო, უსაფრთხოების ძალებმა სასტიკად ჩაახშეს -
ათასობით ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააპატიმრეს ან მოკლეს.
მას შემდეგ ირანის ხელისუფლება განსაკუთრებულად მკაცრად ზღუდავს ნებისმიერ განსხვავებულ აზრს. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ მკვეთრად გაიზარდა პოლიტიკური ბრალდებებით მსჯავრდადებულ პატიმართა სიკვდილით დასჯის შემთხვევები - მათ შორის არიან ისინიც, ვინც იანვრის საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო
მოქმედებები, დიდწილად, შეწყდა, ვაშინგტონი წნეხს ირანის საზღვაო ბლოკადის მეშვეობით ინარჩუნებს, რამაც ირანის
ნავთობის ექსპორტის შეჩერებით ისედაც დასუსტებული ეკონომიკა კიდევ
უფრო დაასუსტა.
ომის შედეგად ენერგეტიკული ობიექტების დაზიანებამ ირანი ზამთარში
ბუნებრივი აირის დეფიციტის საფრთხის წინაშე დააყენა, ხოლო ქვეყნის
ეკონომიკის კოლაფსის გამო ზოგიერთ რეგიონში სუბსიდირებული პურის
ტალონებით გაცემა გახდა საჭირო. საწვავის უკმარისობამ გამოიწვია რიგები
ბენზინგასამართ სადგურებზე და შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ამ დროს ირანი საწვავი წიაღისეულის - ნავთობისა და აირის - სიმდიდრით მთელ მსოფლიოში გამორჩეული სახელმწიფოა.
„სანქციებს, რომლებმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა და მძიმე ტვირთად
დააწვა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, პაციენტებზე,
მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ამ საზოგადოების თითოეულ უჯრედზე, როგორც ჩანს, დამანგრეველი ეფექტი აქვს“, გვითხრა ფარასთუ ფორუჰარმა. - „ეს იგრძნობა და ეს ძალიან მწარე და მძიმე რამაა: ქალაქში
დამთრგუნველი გარემო სუფევს“.