Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი მოხელე პუტინს „კორუმპირებულ“ უმდიდრეს ადამიანად მიიჩნევს


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ თანახმად, აშშ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დიდი ხანია მიიჩნევს კორუმპირებულად, რომელიც ასაიდუმლოებს კორუფციული გზით დაგროვებულ თავის ქონებას და თავისი მეგობრებისა და მოკავშირეების გამდიდრებაზეა ფოკუსირებული. კრემლმა კატეგორიულად უარყო აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ეს ბრალდება, თავად პუტინმა კი მისი უსაზღვრო ქონების შესახებ გავრცელებულ ცნობას „სისულელე“ უწოდა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ტერორიზმისა და ფინანსური დანაშაულის საკითხებში ადამ ზუბინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მალულად აგროვებს ქონებას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ იგი, სახელმწიფოს ფონდების გამოყენებით, ამდიდრებს საკუთარ მეგობრებსა და მოკავშირეებს, ხოლო მარგინალიზებას უკეთებს მათ, ვისაც არ მიიჩნევს მეგობრებად. რუსეთის ენერგეტიკული სიმდიდრე იქნება ეს თუ სხვა სახელმწიფო კონტრაქტები, ამ ყველაფერს განკარგავენ ისინი, ვინც პუტინს ემსახურება, ხოლო ვინც არა, ის განიდევნება. ჩემთვის ეს კორუფციის გამოხატულებაა“, - განაცხადა „ბიბისის“ გადაცემა „პანორამასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადამ ზუბინმა. თუმცა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ფინანსისტმა არ გააკეთა კომენტარი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ცნობაზე, რომ პუტინის სიმდიდრე 40 მილიარდ დოლარს უდრის, მაგრამ თქვა, რომ რუსეთის ლიდერის დადგენილი სიმდიდრე არ არის სათანადოდ შეფასებული.

კრემლმა აშშ-ის ფინანსთა უწყების წარმომადგენლის კომენტარი შეაფასა „როგორც ოფიციალური ბრალდება“. თავად პუტინმა განაცხადა, რომ წაიკითხა პრესაში გავრცელებული ცნობა მისი უსაზღვრო ქონების შესახებ, ცნობა, რომ ის უმდიდრესი ადამიანია, და „სისულელე“ უწოდა მას.

მართლაც, საგადასახადო დეკლარაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიური შემოსავალი მოკრძალებულად გამოიყურება და 7, 65 მილიონ რუბლს, ანუ 119 ათას ამერიკულ დოლარს, შეადგენს. თუმცა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ტერორიზმისა და ფინანსური დანაშაულის საკითხებში ადამ ზუბინი მიიჩნევს, რომ პუტინის ოფიციალური შემოსავალი არაზუსტია, ვინაიდან „მალულად დაგროვებულ დიდძალ ქონებას“ კრემლის ლიდერი ოსტატურად ასაიდუმლოებს.

ასეთმა კომენტარებმა წარმოშვა ვარაუდი, რომ ვაშინგტონი შესაძლოა ემზადებოდეს იმისათვის, რომ სანქცირებულ რუს მოხელეთა და მაგნატთა სიაში რუსეთის ლიდერიც შეიყვანოს, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორმა მარკ კაცმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ამ აზრს იზიარებს დეივიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი.

„ვფიქრობ, რომ პუტინი და მის გარემოცვაში მყოფი უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს ამ სიაში. ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადება კარგი არგუმენტია მათთვის, ვინც შესაძლოა საკამათოდ მიიჩნევდეს პუტინის ამ სიაში მოხვედრას“, - განაცხადა კრამერმა.

ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთს სანქციებს დაუწესებდა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინმა დიდძალი მოგება დააგროვა კერძო საინვესტიციო „გუნვორ ჯგუფის“ თანამფლობელის გენადი ტინჩენკოსაგან, რომელიც კომპანია „როსნეფტის“ მიერ ნავთობის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხების გათეთრებით იყო დაკავებული.

„ბიბისიმ“, რომელიც ვლადიმირ პუტინის ქონებას იკვლევდა, ინტერვიუ ჩამოართვა ასევე რუსეთის სახელმწიფო კომპანია „სოვკომფლოტის“ ყოფილ ხელმძღვანელს, დმიტრი სკარგას. ინტერვიუში მან აღიარა, რომ პუტინს გადასცა 35 მილიონ დოლარად ღირებული იახტა, რომელიც ცნობილ რუს მაგნატს, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნოდა, თუმცა ამ უკანასკნელის ადვოკატები „სპეკულაციად“ მიიჩნევენ სკარგას განცხადებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG