Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ვიცოდეთ უვიზო რეჟიმის შესახებ


28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შეუძლიათ 180 დღის განმავლობაში 90 დღით, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის 22 წევრ და 4 კანდიდატ ქვეყანაში და ასევე ევროკავშირის არაწევრ 4 სახელმწიფოში. შენგენის ზონის სახელმწიფოები არიან ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდი, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი. კანდიდატი ქვეყნები არიან ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია, ხოლო არაწევრი სახელმწოფოები ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლოა, იყოს ტურიზმი, ოჯახის წევრების, ან ახლობლების მონახულება, საქმიანი შეხვედრები, საერთაშორისო კონფერენციებში, კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებსა და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა, ან სტაჟირება და სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის ქვეყნებში გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, ხანგრძლივი სწავლის ან მუშაობის მიზნით. 90-დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში, ევროკავშირის შენგენის ზონის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად, დამრღვევ პირს ქვეყნიდან გააძევებენ, 3000 ევროთი დააჯარიმებენ და 5 წლამდე ვადით აუკრძალავენ შენგენის ზონის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლას. უვიზოდ მოგზაურობისას მოქალაქე გაივლის სასაზღვრო კონტროლს, შენგენის ზონის წევრ ქვეყანაში მისი შესვლის საბოლოო გადაწყვეტილებას კი მიიღებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, ამიტომ მიზანშეწონილია, საქართველოს მოქალაქეებს თან ჰქონდეთ ყველა დოკუმენტი, რომელიც მათი მოგზაურობის მიზანს ადასტურებს.

ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწყების გამო, საგანგებო რეჟიმით მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და სასაზღვრო სამსახური. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, მესაზღვრეები ვალდებულნი არიან გაესაუბრონ ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში მიმავალ მოქალაქეებს, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობების შესახებ და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობის მოთხოვნებთან. შსს-ს განცხადებით, მას აქვს აღრიცხვის სპეციალური პროგრამა და თუ საქართველოს მოქალაქე 90-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ არ დაბრუნდება, მის მონაცემებს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გაუგზავნიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG