Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური ვაზაგაშვილი ექვსი წლის შემდეგაც შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვს


აქციის მონაწილეებმა კორტებთან ზურაბ ვაზაგაშვილის ფოტოები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები გააკრეს.
აქციის მონაწილეებმა კორტებთან ზურაბ ვაზაგაშვილის ფოტოები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები გააკრეს.
”დაისაჯონ მკვლელები” - საპროტესტო აქცია ამ ლოზუნგით 2 მაისს ნაშუადღევის თორმეტი საათიდან დაიწყო და 2 საათზე კორტებთან გაგრძელდა, სწორედ იმ ადგილას, სადაც 2006 წლის 2 მაისს შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულური დაიღუპნენ.

ვაზაგაშვილისა და ხუბულურის ფოტოებმიკრული 30 ავტომობილისგან შემდგარმა კოლონამ ჯერ ძალოვანი სტრუქტურების შენობებთან გააპროტესტა ექვსი წლის წინ მომხდარი ძალადობა, შემდეგ კი კორტებთან გამართულ აქციას ხმაურიანი სიგნალით შეუერთდა. წელსაც, როგორც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, და მისი თანამოაზრეები, უფლებადამცველები თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ხელისუფლებისგან მკვლელების დასჯას მოითხოვდნენ.

მანქანების კოლონა ყოფილი კორტების ტერიტორიაზე დღის ორი საათისთვის გამოჩნდა. ეს ის ადგილია, სადაც 2006 წლის 2 მაისს შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც მოკლულ ზურაბ ვაზაგაშვილს, მისი მამის, იური ვაზაგაშვილის თქმით, 90 ტყვია ესროლეს. დღეს ეს ადგილი ხის ღობითაა შემოსაზღვრული - იქ მშენებლობა მიდის. ხარაჩოებზე მდგარი მუშების ყურადღებას აქციის ხმაური იპყრობს. იქ შეკრებილი 200-მდე ადამიანი ხელისუფლებას ამ მკვლელობის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას სთხოვს. იური ვაზაგაშვილი დღესაც იმეორებს, რომ მან ამ ქვეყანაში ვერანაირი გზით სამართალი ვერ იპოვა და ეს საპროტესტო აქციაც, მისი თქმით, არ ეხება მხოლოდ ზურაბ ვაზაგაშვილის ან ალექსანდრე ხუბულურის მკვლელობის ფაქტს - ეს იმ ბრძოლის ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაა:
იური ვაზაგაშვილი
იური ვაზაგაშვილი

”არ უნდა შევარჩინოთ ეს მკვლელობები ხელისუფლებას და ეს მარტო ჩემი ოჯახის ტრაგედია არ არის - 150-ზე მეტი ოჯახი ვართ ასე გაუბედურებული. არასოდეს საქართველოში დემოკრატია არ დამყარდება, სამართლიანობა არ იარსებებს. როგორ შეიძლება, მითხარით, რომ ხელისუფლებაში მკვლელები იყვნენ და ისინი მართავდნენ ქვეყანას. მაქვს დღემდე პასუხგაუცემელი კითხვა: რატომ მომიკალით შვილი? 90 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და აქედან 45 - წელს ზემოთ და ამის მერეც საკონტროლო ესროლეს. როგორ შეიძლება ეს ავიტანო? და თუ ვინმე მეტყვის, რომ უნდა გავჩერდე, მასაც ვკითხავ: რატომ უნდა გავჩერდე?”

აქციის მონაწილეებმა კორტებთან ზურაბ ვაზაგაშვილის ფოტოები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები გააკრეს. ”არ შეგრჩებათ ზურაბ ვაზაგაშვილი”, ”შენი სიცოცხლე საფრთხეშია”, ”დაისაჯონ მკვლელები”, ”გადაარჩინე სიცოცხლე”... იქვე ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და სხვა ძალოვანი უწყებების ჩინოვნიკების ფოტოებიც გამოფინეს, რომელთაც თავზე ეწერა: მკვლელია. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი გავა, მომხდარს ისინი საქმის ობიექტურად გამოძიებამდე გააპროტესტებენ. სამოქალაქო საზოგადოებას მსგავსი ფაქტები დიდხანს ემახსოვრება,- გვითხრა აქციაზე მისულმა ქართული აკადემიის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.
ნუკრი ქანთარია
ნუკრი ქანთარია

”დრომ აჩვენა უკვე, რომ ჩვენ არ გვავიწყდება არც აქ დაღვრილი სისხლი, არც ოქროყანაში დაღვრილი სისხლი, არც დიდუბეში, არც სხვაგან და ეს აქციაც დასტურია იმისა, რომ სამართალი დადგება და მკვლელები აუცილებლად დაისჯებიან.”

თუ საზოგადოება პასუხს მოსთხოვს პოლიციას და მსგავს საქმეებს ხელისუფლებას მუდმივად შეახსენებს, ამით ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდება. ამიტომ აქვს ასეთ აქციებს აზრი, მიიჩნევს ადვოკატი ეკა ბესელია.

აქციაზე 2 მაისს სოზარ სუბარიც მივიდა, რომელსაც 2006 წელს სახალხო დამცველის პოსტი ეკავა. სუბარი იხსენებს, რომ ამ სპეცოპერაციას მისი თანამშრომელიც შეესწრო, რომლის მონათხრობი სრულებით არ ემთხვეოდა პოლიციის მიერ საზოგადოებისათვის შეთავაზებულ ვერსიას. მოგვიანებით, წელიწადნახევრის შემდეგ, იხსენებს სოზარ სუბარი, ალტერნატიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სახელმწიფო ექსპერტიზა ტყუოდა:
დამნაშავე არა მხოლოდ მკვლელობის ჩამდენია, არამედ პროკურატურაც, რომელმაც გააყალბა ეს გამოძიება, და ექსპერტიზა, რომელმაც ასევე გააყალბა ეს გამოძიება, და ყველა მათგანი პასუხს აგებს, თან ძალიან მალე...
სოზარ სუბარი

”სადაც სახელმწიფო ექსპერტიზა ამბობდა, რომ მანქანიდან გამომავალი ტყვიები იყო, სინამდვილეში ეს იყო შემავალი ტყვიები; უკანა მინაზე საერთოდ არ იყო ტყვიების კვალი, როგორც ამას ასევე ამტკიცებდა სახელმწიფო ექსპერტიზა და, რაც მთავარია, მანქანაში არ არსებობდა თოფის წამლის კვამლი, რაც უტყუარს ხდის ფაქტს, რომ მანქანიდან არ უსვრიათ. ასე რომ, დამნაშავე არა მხოლოდ მკვლელობის ჩამდენია, არამედ პროკურატურაც, რომელმაც გააყალბა ეს გამოძიება, და ექსპერტიზა, რომელმაც ასევე გააყალბა ეს გამოძიება, და ყველა მათგანი პასუხს აგებს, თან ძალიან მალე.”

საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისათვის 2006 წლის 2 მაისს მომხდარი ფაქტი დახურული საქმეების ნუსხაშია, თუმცა, როგორც ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ,
საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია
ისინი პოლიციის მიერ ახალგაზრდების მკვლელობის ფაქტს ხელისუფლებას მუდმივად შეახსენებენ და ამისათვის პასუხს მოსთხოვენ.

ერთმანეთთან ხელჩაჭიდებულმა აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა რამდენიმე წუთით სანაპიროს ქუჩის გადაკეტვაც სცადეს, მაგრამ იქ მალევე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია და წესრიგის დამყარება დაიწყო. აქცია დაიშალა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG