Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-თურქეთის „ახალი ალგორითმი“


ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი სანკტ-პეტერბურგში. 2016 წლის 9 აგვისტო
ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი სანკტ-პეტერბურგში. 2016 წლის 9 აგვისტო

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, სანკტ-პეტერბურგში დაიწყეს მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის გასული წლის ნოემბრიდან შეწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას. რუსეთში მყოფმა თურქეთის ლიდერმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს თურქეთის ხელისუფლებისადმი გამოხატული თანადგომისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც ერდოანმა რამდენჯერმე უწოდა „ძვირფასი მეგობარი“.

რუსეთ-თურქეთის „ახალი ალგორითმი“
please wait

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00
გადმოწერა

უკანასკნელად რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 2015 წლის 15 ნოემბერს ანტალიაში შეხვდნენ დიდი ოცეულის შეხვედრის დროს. მაშინ ორი ქვეყნის ლიდერები ერთი თვის შემდეგ, 2015 წლის დეკემბერში, თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობის საბჭოს უმაღლესი დონის შეხვედრის რუსეთში ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

თქვენი დღევანდელი ვიზიტი, თურქეთის ძალიან რთული შიდაპოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, მეტყველებს იმაზე, რომ ყველას გვსურს დიალოგის განახლება და ურთიერთობის აღდგენა, რუსი და თურქი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე...
ვლადიმირ პუტინი

თუმცა ერთმა საავიაციო ინციდენტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. გასული წლის ნოემბრის ბოლოს თურქეთის სამხედრო გამანადგურებელმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული სამხედრო ბომბდამშენი სუ -24 ჩამოაგდო. მაშინ გაცეცხლებულმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის ქმედებას „ტერორისტების თანამზრახველის მიერ ზურგში დარტყმა“ უწოდა და თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. რუსეთის პრეზიდენტმა საავიაციო ინციდენტი თავის კოლეგას სანკტ-პეტერბურგშიც შეახსენა, თუმცა პუტინი უკვე შემრიგებლური ტონით საუბრობდა და კოლეგას რუსეთში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაც შეუქო:

„მე და თქვენ კარგად ვიცით, რომ წინა წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დონემ და ხარისხმა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია, მაგრამ ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც გასული წლის ნოემბერში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ, ურთიერთობა ძალიან დაბალ დონეზე დავიდა და დეგრადირდა. თუმცა თქვენი დღევანდელი ვიზიტი, თურქეთის ძალიან რთული შიდაპოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, მეტყველებს იმაზე, რომ ყველას გვსურს დიალოგის განახლება და ურთიერთობის აღდგენა, რუსი და თურქი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“.

რუსეთის პრეზიდენტს თავის მისასალმებელ სიტყვაში არ დავიწყებია არც იმის ხაზგასმა, რომ რუსეთის ლიდერი პირველი იყო, ვინც დაურეკა ერდოანს და მხარდაჭერა აღუთქვა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში. რეჯეპ ტაიპ ერდოანს თავის საპასუხო მისალმებაში არაფერი უთქვამს ტრაგიკულ საავიაციო ინციდენტზე, თუმცა აუცილებლად მიიჩნია 15 ივლისის სატელეფონო ზარისათვის მადლობა გადაეხადა ვლადიმირ პუტინისათვის, რომელსაც მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე უწოდა „ძვირფასი მეგობარი“.

„სამხედრო გადატრიალებიდან მალევე თქვენმა სატელეფონო ზარმა, მართლაც, ძალიან გაგვახარა პირადად მე, ჩემი კოლეგები და ჩვენი ხალხიც. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის წინააღმდეგი ჩვენი ხალხი ყოველგვარი ასეთი გადატრიალების მცდელობისა და რამდენად სურს მას დემოკრატია, ეს მკაფიოდ და ზუსტად გამოჩნდა კვირას, როდესაც თურქეთში დემოკრატიის მხარდამჭერი მიტინგი იქნა ორგანიზებული“.

ჩვენ არ გვსურს სირიის დაშლა, მაგრამ ერთობლივი სამშვიდობო ნაბიჯების გადადგმამდე აუცილებელია, რომ ბაშარ ალ ასადი, რომელმაც 600 ათასი კაცის სისხლი დაღვარა, გადადგეს და შეწყვიტოს სისხლისღვრა...
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

მისასალმებელი რეპლიკების შემდეგ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, გაფართოებული დელეგაციების შემადგენლობით, დახურულ კარს მიღმა დაიწყეს მოლაპარაკება, რომელიც, როგორც იუწყებიან, შეეხება პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხთა ფართო სპექტრს. ვლადიმირ პუტინმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის „ახალი ალგორითმის“ შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა:

„ჩვენ მოგვიწევს რუდუნებით მუშაობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის რეანიმირებისათვის. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მთავარი ადგილი რუსეთ-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში დიდი ხანია ენერგეტიკას უკავია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიმსჯელეთ ერთობლივ მსხვილ პროექტებზე, რომლებზეც მუშაობის გაგრძელებას კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები თურქეთის მხრიდან უკვე მიღებულია ისეთ პროექტზე, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და „თურქეთის ნაკადის“ გაზსადენი სისტემა“ .

ერთობლივ პრესკონფერენციაზე 9 აგვისტოს რეჯეპ ტაიპ ერდოანმა „გარკვეულ გადაწყვეტილებებს“ უფრო მეტი კონკრეტულობა შესძინა და განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა რუსეთ-თურქეთის ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებს სტრატეგიული საინვესტიციო სტატუსი მიანიჭოს.

ერდოან-პუტინის შეხვედრის დაწყებამდე ყველა მოელოდა, რომ რუსეთ-თურქეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნებოდა სირიის კრიზისი. სანკტ-პეტერბურგში გამგზავრების წინ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ „რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვანი“ როლი ეკისრება სირიაში მშვიდობის დამყარების საქმეში. „ჩვენ არ გვსურს სირიის დაშლა, მაგრამ ერთობლივი სამშვიდობო ნაბიჯების გადადგმამდე აუცილებელია, რომ ბაშარ ალ ასადი, რომელმაც 600 ათასი კაცის სისხლი დაღვარა, გადადგეს და შეწყვიტოს სისხლისღვრა“, - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა 9 აგვისტოს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაიმეორეს, რომ ანკარასა და მოსკოვს შორის სირიის პრობლემის მოგვარების საკითხში პოზიციები „ყოველთვის არ ემთხვევა“ ერთმანეთს. „ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ პრესკონფერენციის შემდეგ ცალკე შევიკრიბებით საგარეო საქმეთა მინისტრებსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, გავუცვლით ერთმანეთს ინფორმაციებს და ვიმსჯელებთ გამოსავალზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG