Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ს ფინანსური ვალდებულებების დაფარვა უჭირს


"რუსთავი 2"-ის შენობა
"რუსთავი 2"-ის შენობა

ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების პრობლემის გამო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს „რუსთავი2“-ისა და „საქართველოს“ ქონებაზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შიშობს, რომ ტელეკომპანიას არა მარტო გარე, შიდა ფინანსური ვალდებულებების შესრულებაც გაუჭირდება და, საბოლოო ჯამში, ეთერიც გაეთიშება. როგორ აფასებენ შექმნილ ვითარებას ექსპერტები და პოლიტიკოსები და რა გამოსავალი არსებობს კრიზისის განსამუხტად?

გადმოწერა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ამბობს, რომ თითქმის წელიწად-ნახევარია გასული მას შემდეგ, რაც სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და „საქართველოს“ ქონება დააყადაღა და, შესაბამისად, კომპანიები ფინანსური ოპერირების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან:

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

“ჩვენ მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მივმართოთ ნებისმიერ საბანკო თუ საფინანსო ინსტიტუციას ოვერდრაფტისთვის, სესხისთვის, რასაც აკეთებს არა მხოლოდ ყველა ტელევიზია, არამედ ყველა ნორმალური, ჯანსაღი ბიზნესი მსოფლიოში. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად არც ერთხელ არც ერთი დღით არ დაგვიგვიანია ხელფასის გაცემა. სამწუხაროდ, ვაგვიანებთ პერიოდულად ჩვენი ვალდებულებების შესრულებას კრედიტორების მიმართ და ახლა უკვე დადგა ის მომენტი, როდესაც ვაგვიანებთ ჩვენი საგადასახადო ტვირთის აღსრულებას და უკვე ერთი თვეა, რაც „რუსთავი 2“-მა ვერ შეძლო დეკლარირებული გადასახადის სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხვა“.

ნიკა გვარამია აქვე მადლობას უხდის საგადასახადო სამსახურს იმისთვის, რომ მან კომპანიას ადროვა, თუმცა „რუსთავი 2“-ში შექმნილ ვითარებაზე,ზოგადად, პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოსა და სასამართლოს, მათ შორის, უზენაეს სასამართლოს, რომელმაც, მისი თქმით, ვერ გამონახა დრო, რომ ემსჯელა „რუსთავი 2“-ის შუამდგომლობაზე, რომელიც ტელეკომპანიის ქონებაზე საქმის დასრულებამდე ყადაღის მოხსნას გულისხმობს. შექმნილ ვითარებაში კი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მიმართავს სასამართლოსა და ხელისუფლებას, ერთი მხრივ, ობიექტურად გადაწყდეს „რუსთავი 2“-ის კუთვნილების საკითხზე არსებული დავა, მეორე მხრივ კი, სამართალწარმოების დასრულებამდე მოეხსნას ყადაღა.

კომპანიის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა, განგვიმარტა, რომ უზენაეს სასამართლოს დამატებით გაეგზავნა ცნობაც „რუსთავი 2“-ის საბიუჯეტო დავალიანებისა და ფინანსურ ოპერირებაში არსებული პრობლემების შესახებ, მაგრამ არც ამას მოჰყოლია შედეგი. დღეისათვის არსებული კრიზისული ვითარება კი, იურისტის თქმით, შემდეგნაირია:

“დღის წესრიგში არის ის, რომ საგადასახადო ორგანო, თავის მხრივ, თავის ფუნქციას ასრულებს და, მისი დისკრეციის უფლებამოსილების ფარგლებში, მათ შეუძლიათ, რომ დაგვადონ ინკასო. ინკასოს დადება გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც ჩაირიცხება, ჩვენ ვერ მოვიხმართ მას საკუთარი ფინანსური ოპერაციებისთვის, მაგალითად, ხელფასის გასტუმრებისთვის ან სხვა ვალდებულების შესრულებისთვის, არამედ ეს ნიშნავს, რომ ეს თანხა წავა ისევ ბიუჯეტში ავტომატურად. ანუ ჩვენ ხელს ვერ შევახებთ მას, რაც გულისხმობს იმას, რომ მთლიანად სახსრების გარეშე რჩება „რუსთავი 2“ და, საერთოდ, დაკეტილი აქვს, ფინანსური ოპერაციებისთვის საჭირო სახსრებზე გზა აქვს მოჭრილი“.

თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანიის თხოვნაა, გენერალური დირექტორის მიმართვის ერთ-ერთმა მთავარმა ადრესატმა, შემოსავლების სამსახურმა, არ გასცეს საინკასო დავალიანება „რუსთავი 2“-ის მიმართ. ამ მოთხოვნის პასუხად, შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი, „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ უწყება მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებს:

“კანონი განმარტავს მთელ რიგ ღონისძიებებს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით საკითხების განხილვა, თუმცა ეს უნდა მოხდეს გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის. შესაბამისად, ეს ის დეტალებია, რომლებზეც, ჯერ ერთი, ახლა ვერ ვისაუბრებთ და, მეორეც, ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად“.

თავის მხრივ, დეპუტატები უმრავლესობიდან - მათ შორის, გია ვოლსკი - ამბობენ, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ თუ რაიმე ფორმით შესაძლებლობა არსებობს, „რუსთავი 2“-ის მუშაობა სასამართლოს ვერდიქტამდეც შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს:

ვისი საკუთრებაც არის, იმისკენ უნდა გადაწყვიტოს. იქამდე "რუსთავი 2"-ის თუ ნებისმიერი სხვა მედიასაშუალების საქმიანობის შეჩერება და შეფერხება არ ვარგა. თუ რაიმე კანონიერი ფორმა არსებობს, "რუსთავი 2"-ს უნდა მიეცეს სრულფასოვანი მუშაობის საშუალება...
გია ვოლსკი

“’რუსთავი 2’-მა უნდა იმუშაოს. სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც იცავს სიტყვის თავისუფლებასაც და იცავს საკუთრების უფლებასაც. ვისი საკუთრებაც არის, იმისკენ უნდა გადაწყვიტოს. იქამდე ‘რუსთავი 2’-ის თუ ნებისმიერი სხვა მედიასაშუალების საქმიანობის შეჩერება და შეფერხება არ ვარგა. თუ რაიმე კანონიერი ფორმა არსებობს, ‘რუსთავი 2’-ს უნდა მიეცეს სრულფასოვანი მუშაობის საშუალება“.

„რუსთავი 2“-ისთვის მძიმე ფინანსური პირობების შექმნის გამო სინანულს გამოთქვამს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, ნინო რობაქიძე:

“ჩვენ ვთვლით, რომ ეს გარკვეულწილად და მნიშვნელოვნად დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, იმ სასამართლო პროცესთან და „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღებასთან, რომელიც ამ სასამართლო პროცესის წამოწყებას მოჰყვა შედეგად. ჩვენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ამ პროცესს ვაკვირდებით უკვე წელიწადზე მეტია და გვქონდა ძალიან ბევრი კითხვა ყველა იმ ეტაპზე, როდესაც ყადაღა დაედო, თუ სხვადასხვა ინსტანციაში გადადიოდა ეს სასამართლო, შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ „რუსთავი 2“ არ შეწყვეტს მაუწყებლობას მანამ, სანამ არ იქნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება“.

ნინო რობაქიძე იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო, თავის მხრივ, მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით დამაჯერებელ პასუხს გასცემს.

„რუსთავი 2“-ის კუთვნილების საკითხზე დავა ქვედა ინსტანციის სასამართლომ ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის, სასარგებლოდ გადაწყვიტა. საქმე გასაჩივრდა და ამ ეტაპზე მას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG