Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბანკო სექტორი სექტემბერში


ეროვნული ბანკი გასული თვის საბანკო სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკა მოწმობს, რომ, გაზაფხულის მიწურულთან შედარებით, როგორც მთლიანი აქტივების, ისე დეპოზიტების ოდენობა და დაკრედიტების მაჩვენებელი თანდათან იზრდება, თუმცა დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ კლებას განაგრძობს.

2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.8 მლრდ ლარით, ანუ 3.5 პროცენტით, გაიზარდა და 24.8 მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე, ეს მაჩვენებელი 2.6 პროცენტით გაიზარდა).

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი ოქტომბრისათვის 13.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 425.5 მლნ ლარით, ანუ 3.2 პროცენტით, მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე, სექტემბერში დეპოზიტების მოცულობა 2.2 პროცენტით გაიზარდა). სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 138.3 მლნ ლარით, ანუ 1.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე, ეს მაჩვენებელი გაიზარდა 0.6 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 287.2 მლნ ლარით, ანუ 5.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე, ზრდამ 4.2 პროცენტი შეადგინა).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 31.93 პროცენტი შეადგინა - პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, 0.96 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.65 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.0 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საკრედიტო დაბანდებებს, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2015 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 2.1 პროცენტით გაიზარდა და 2015 წლის პირველი ოქტომბრისათვის 15.7 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.6 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.4 პროცენტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ, მიუხედავად დოლარის მაღალი კურსისა, კრედიტების უფრო დიდი ნაწილი მაინც დოლარში გაიცემა. ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, ლარში გაცემული კრედიტების პროცენტის გაზრდაა: სექტემბერში ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 1.8 % პუნქტით გაიზარდა და 20.6 % შეადგინა. ამასთან, ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 2.1 % პუნქტით გაიზარდა და 24.5 %-ს მიაღწია. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.1 % პუნქტით შემცირდა და 10.9 %-ს გაუტოლდა.

XS
SM
MD
LG