Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საინვესტიციო აქტივობა 34 პროცენტით შემცირდა


სტატისტიკური მითი იმის შესახებ, რომ ხელისუფლების პოლიტიკამ ინვესტიციებზე ზეგავლენა არ მოახდინა, რის საბუთადაც მთავრობას 2014 წლის ბოლო კვარტლების საინვესტიციო აქტივობის გაზრდილი მაჩვენებელი მოჰყავდა, დაინგრა – გუშინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის პირველი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა:

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ2015 წლის I კვარტალში 175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34%-ით ნაკლებია 2014 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ სამეულში აზერბაიჯანი (34%), თურქეთი (15%) და რუსეთი (13%)შედიან.შემდეგ ადგილებს ინაწილებენ ნიდერლანდები, დანია და აშშ, შესაბამისად – 22, 21 და 19%-ით.

მაჩვენებლების პირველ რიგებში აღარ ფიგურირებს ჩინეთი, რომელიც 2014 წლის ბოლო კვარტალში წამყვან პოზიციაზე იყო და ამდენად, საქართველო თავისი ტრადიციული ინვესტორების იმედად რჩება.

უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის I კვარტალში 97 % შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა და 146 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83%-ია. მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი 24 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სამთომოპოვებითი მრეწველობა 18 მლნ აშშ დოლარით. საბანკო სექტორში 2015 წლის I კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

არასტაბილური საკანონმდებლო გარემო და გადავადებული ცვლილებები, ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა, შრომის კოდექსის რეფორმირების გაჭიანურებული პროცესი, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა, შრომითი მიგრაციის ახალი რეგულაციები – ეს მხოლოდ მცირე და არადეტალური ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ორწლიანი მუშაობის შემაჯამებელ ანგარიშში საინვესტიციო გარემოს გამაუარესებელ ფაქტორებად დასახელდა. სამწუხაროდ, საინვესტიციო აქტივობის შემცირება, ისევე, როგორც ფულადი გზავნილებისა, ერთ-ერთი მიზეზია სავალუტო პრობლემების, რომლის წინაშეც ქვეყანა სწორად 2015 წლის I კვარტალში აღმოჩნდა.

საინვესტიციო აქტივობის 34%-ით შემცირება ძალიან მძიმე შეტყობინებაა ქვეყნისთვის. სამწუხაროა, რომ, ჯერჯერობით, მისი ადეკვატურად აღქმის ნიშნები არ ჩანს.

XS
SM
MD
LG