Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ პატარაძე: საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შეზღუდვა თურქეთის საზღვრის გადაკვეთისას


სარფი, საქართველო-თურქეთის საზღვარი.
სარფი, საქართველო-თურქეთის საზღვარი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თურქეთის რესპუბლიკის ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შეზღუდვა საზღვრის გადაკვეთისას და ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მიმოსვლას: „აღნიშნულ საკითხზე აქტიურ ფაზაშია ორმხრივი კონსულტაციები ოფიციალურ თბილისსა და ოფიციალურ ანკარას შორის, მუშაობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციის წარმომადგენლები, ამავდროულად, შედგა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის. ართვინის გუბერნატორი, ისევე როგორც სასაზღვრო და ძალოვანი სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე თურქეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მზადყოფნას გამოხატავენ ოფიციალურ ანკარასთან მოლაპარაკებებში ჩართულობისა და საკითხის მხარდაჭერის კუთხით. გარდა ამისა, ქვეყნებს შორის რეგულაციების საბოლოო დაზუსტებამდე, განიხილება კონკრეტული დროებითი მექანიზმის შემუშავება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში კვეთენ საზღვარს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, დამატებითი დეტალების შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას“.

გადმოწერა

ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, გააკეთა ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ. პატარიძე თურქეთის რესპუბლიკაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს 1 იანვრიდან ამოქმედებული ახალი წესის გამო. აქციაში მონაწილეობდნენ ძირითადად აჭარის რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამუშაოდ თითქმის ყოველდღე, რამდენიმე საათით გადადიან. მათი თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე და შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩებიან.

საპროტესტო აქცია სარფში. 2018 წლის, 16 იანვარი
საპროტესტო აქცია სარფში. 2018 წლის, 16 იანვარი

2018 წლის 1 იანვრამდე, თურქეთის ტერიტორიაზე დღის განმავლობაში შესვლა-გამოსვლა შესაბამის ბაზაში არ ფიქსირდებოდა, პირველი იანვრიდან კი, თუნდაც ერთი საათით ყოფნა ერთ დღედ ითვლება. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება უცხოეთის ყველა სახელმწიფოზე. წესების შეცვლის გამო, ბათუმში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, თურქეთში 365 დღის განმავლობაში ყოფნა უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებისა, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე ყოველდღიურად შედიან და გადიან, შესაძლოა, გახდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი. თურქეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს უფლება აქვთ თურქეთში უვიზოდ დარჩნენ 180 დღის განმავლობაში 90 დღით. უფრო მეტი ხნით ყოფნის შემთხვევაში სავალდებულოა ბინადრობის მოწმობის, ან სამუშაო ვიზის აღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG