Accessibility links

ვასილ მაღლაფერიძე: "ჩვენი გეგმა შეიძლება გადაიხედოს და გვერდზე გადაიდოს კიდეც"


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები შეხვდნენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. სამეურვეო საბჭოს წევრებს მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების გეგმასთან მიმართებით შეკითხვები ჰქონდათ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გეგმა ითვალისწინებს 2018 წლამდე მაუწყებლის 101 გადაცემის შეჩერებას. მაუწყებლის განვითარების ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობას იწყებს საინიციატივო ჯგუფიც, რომელიც არ იზიარებს ვასილ მაღლაფერიძის გუნდის ხედვებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება და მთავრობა დაინტერესებულია, არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი. წარმოდგენილი გეგმის მიხედვით მაუწყებლის რეფორმირებას ეწინააღმდეგება სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი. მათ ტელევიზიის შენობასთან საპროტესტო აქციაც გამართეს.

უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის შენობიდან წამოსულმა აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოიყარეს თავი. "მწვანე მუშტის", "აუდიტორია 115" აქტივისტები და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩართვას მოითხოვდნენ, რისთვისაც მათ ტელევიზიის ფოიე დაიკავეს. მას შემდეგ, რაც ხუთწუთიანი ვიდეომიმართვის შესაძლებლობა მიეცათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ფოიე დატოვეს. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოხატეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართ. მათ ქვეყანაში სხვა სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ პირთა დარღვეული უფლებების შესახებაც ილაპარაკეს და განაცხადეს, რომ 10 თებერვალს თბილისში საპროტესტო აქცია აქვთ დაგეგმილი.

5 საათზე მეტ ხანს გასტანა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან სამეურვეო საბჭოს წევრების შეხვედრამ. შეხვედრიდან გამოსულმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასების ახალ კრიტერიუმებს. მისი სიტყვებით, მისი გუნდის მიერ წარმოდგენილი გეგმა ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიდერ მედიად ქცევას, რომელსაც მეწინავე რეიტინგები უნდა ჰქონოდა. შეფასების ახალი კრიტერიუმების შესაბამისი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების სამომავლო გეგმაც:

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძე

„სამეურვეო საბჭომ აიღო ვალდებულება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და თქვა, რომ ერთი კვირის თავზე, ხუთშაბათს, - და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში, - ის მოიტანს იმ ვარიანტს, თუ როგორ უნდა ფასდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ანუ რეიტინგი და კიდევ რამდენიმე კომპონენტი, რომელიც იქნება გაზომვადი და ხელშესახები. ჩვენ დიდი ინტერესით დაველოდებით, სხვა რა კრიტერიუმები შეიძლება იქნეს წარმოდგენილი. ჩვენი გეგმა, რასაკვირველია, შეიძლება არა მარტო გადაიხედოს, არამედ შეიძლება გვერდზეც გადაიდოს, მაგრამ ერთ მნიშვნელოვანზე შევთანხმდით, - რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა მთელი ამ წლების განმავლობაში და საბჭოს წევრებიც, ალბათ,იტყვიან ამის შესახებ, - რომ არსებულ ვითარებას საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ დაუბრუნდება“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების კრიტერიუმებზე მუშაობას სამეურვეო საბჭო სამოქალაქო სექტორთან ერთად დაიწყებს და ერთი კვირის ვადაში შეფასების ახალი კრიტერიუმები უნდა გამოჩნდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, სულხან სალაძის თქმით, ბორდისა და გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის, შეხვედრაზე რაიმე ახალი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა - შეხვედრაზე მსჯელობა შეეხებოდა იმავე დოკუმენტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მედიისთვის გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინეს, შეკითხვებიც უკავშირდებოდა წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსს. პრობლემების მოგვარების ხედვებზე საუბარი თითქმის არც ყოფილა. სულხან სალაძეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტექსტში რეიტინგთან დაკავშირებულ თემებზე. მას მიაჩნია, რომ რეიტინგი არ არის გადამწყვეტი და აუცილებელი ელემენტი, ის მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმია:

„არავინ არ დაობს იმაზე, რომ შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში. არავინ არ დაობს იმაზე, რომ ტექნიკური ბაზა საჭიროებს განახლებას. არავინ არ დაობს იმაზე, რომ ოპტიმიზაცია არის საჭირო გარკვეულწილად. მაგრამ როცა ამ თემებზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია გამოსავლად რას ვთავაზობთ ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და, ზოგადად, საზოგადოებას. შესაძლოა პრობლემებში ყველა ვთანხმდებოდეთ, მაგრამ გადაჭრის გზების განსხვავებული ხედვა გვქონდეს. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ 102 გადაცემიდან 101 დახურო, მნიშვნელობა არ აქვს, ეს რადიო იქნება პირველი არხი თუ მეორე არხი. ამიტომაც მე მგონია, რომ კონსტრუქციული და ალტერნატიული წინადადებები უნდა იყოს, მათ შორის, მენეჯმენტის მხრიდან წარმოდგენილი“.

არხის რეფორმირების გეგმაზე სხვა საინიციატივო ჯგუფებიც მუშაობენ. არხის ჟურნალისტის, გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის, თქმით, იმისათვის რომ ინიციატივას კონკრეტული სახე მიეცეს, საჭიროა იურიდიულ საკითხებზე კონსულტაციის გავლა, ამისათვის კი ჯგუფი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა“ და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელის, დოდო შონავას, თქმით, იმისათვის რომ დოკუმენტი დროულად შემუშავდეს, საჭიროა გარკვეულ - მათ შორის, ფინანსურ - ინფორმაციაზე წვდომა. ამ თვალსაზრისით მას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მხარდაჭერის იმედი აქვს და სამეურვეო საბჭოს შესაბამისი წინადადებით მიმართავს:

დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, არ იქნება საინტერესო და, ასევე, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია...
გიორგი კვირიკაშვილი

„ჩვენ ვმუშაობთ იმ გეგმაზე,რომელიც ეტაპობრივ რეფორმას გულისხმობს, რომელიც გათვლილი იქნება არხის განვითარებაზე ადამიანებით ადამიანებისათვის. ჩვენ დღესაც მიგვაჩნია, რომ მიმდინარეობს მიზანდასახული დისკრედიტაცია ჩვენი მაუწყებლის, რადგანაც იმის თქმა, რომ დღეს არხზე არ არის ღირებული პროდუქტი, ეს არის სიცრუე“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების გეგმებს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებულია ჰქონდეს დამოუკიდებელი და მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივი მაუწყებელი. მისივე თქმით, ხელისუფლება ვერ შეეგუება, რომ პროდუქტი, რომელშიც ისინი დიდ თანხებს იხდიან, არ იყოს თანამედროვე და საინტერესო:

„მთავრობა და ხელისუფლება არის დაინტერესებული, რომ საქართველოს ჰყავდეს თანამედროვე, ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასევე, მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, არ იქნება საინტერესო და, ასევე, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია“.

სანამ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს შორის შეხვედრა გაიმართებოდა, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოეხმაურა გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი გეგმით გათვალისწინებულ შესაძლო ცვლილებებს და განმარტა, რომ რეფორმირების პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მაუწყებლის ჟურნალისტების უფლებები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG