Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ ოდიშარიას კულტურის პოლიტიკა - ”იჩქარე ნელას” პრინციპით


გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია
24 აპრილს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია "მთავრობის ღია მმართველობის ფარგლებში" ჟურნალისტებს შეხვდა და შვიდი თვის მუშაობის შედეგები გააცნო. კულტურის სამინისტრო აპირებს ტრადიციად აქციოს ე.წ. მრგვალი მაგიდის სისტემა, რომლის ფარგლებშიც კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართა. გურამ ოდიშარია თავისი მინისტრობის პერიოდში გაკეთებულ საქმეებს შორის იმ საბჭოების შექმნასაც ასახელებს, რომლებშიც კულტურის ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენლები შედიან. კულტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად გაძლიერდება რეგიონების სამმართველო, რომლის მიზანიც საქართველოს რეგიონებში ჩამკვდარი კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება იქნება. წინა ხელისუფლების დროინდელ პოპულარულ საყოველთაო გასართობ, მასშტაბურ ღონისძიებებზე კულტურის სამინისტრო ფულის ხარჯვას არ აპირებს.

გურამ ოდიშარიას კულტურის პოლიტიკაზე ლაპარაკისას არაერთხელ მოუხმია ცნობილი ფრაზა ”იჩქარე ნელა”, რომელიც რომის პირველ იმპერატორს, ოქტავიან ავგუსტუსს ეკუთვნის. მისი აზრით, კულტურის სფეროში განხორციელებული ცვლილებები, გარკვეულწილად, ამ ძველ რომაულ გამონათქვამს ემორჩილება. ოდიშარია ამბობს, რომ ბევრი რამ საქართველოში დაჩქარებული ტემპებით კეთდებოდა და ამ პროცესს შეცდომებიც თან სდევდა. ამის ერთ-ერთ მაგალითად, მისი აზრით, რაბათის კომპლექსიც შეიძლება ჩაითვალოს, რომლის მომავალზე ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ არსებობს, თუმცა ოდიშარია ამბობს, რომ მთავრობა არაფრის დანგრევას არ აპირებს:

”ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ რამეს დავანგრევთ და დავამსხვრევთ, მსგავსი რამ არც რაბათის შემთხვევაში გვითქვამს, თუმცა თავად რაბათმა ჩემზე უცნაური შთაბეჭდილება დატოვა, რადგან მანდ არის აღრეული სხვადასხვა საუკუნის სხვადასხვა სტილი, შეღებილია სხვადასხვანაირად, მუზეუმი ნორმალურია, მაგრამ მას არა აქვს სათავსოები და, როგორც ჩანს, ეს თავის დროზე ვერ გაითვალისწინეს. ამიტომ ჯობდა ეს პროცესი, რაბათის შემთხვევაში იქნებოდა ეს თუ ბაგრატის, ასე ჩქარა არ წარმართულიყო, გვეკეთებინა ნელა და მაღალხარისხოვნად. ჩვენ, ცხადია, გვაქვს რეკომენდაციები რაბათთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი უნდა მოხდეს საერთო შეთანხმებით. ამ შეთანხმების პროექტს, საბოლოოდ, ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, შემდეგ ამ დოკუმენტს ხელი თურქულმა მხარემ უნდა მოაწეროს. ამ შეთანხმების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეიძლება”.
აკლდამა აღმოაჩინეს და თურქული მხარე ითხოვს, რომ სპეციალისტები ჩავიდნენ ადგილზე. შესაძლოა ეს იყოს არქეოლოგი, შესაძლოა ისეთი აღმოჩენების წინაშე დავდგეთ, რაც ჩვენს კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამდიდრებს...
გურამ ოდიშარია

ჯერჯერობით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს საქართველოსა და თურქეთს შორის იშხნის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. ბოლო ინფორმაცია, რაც გურამ ოდიშარიამ მედიას მიაწოდა, ისაა, რომ თურქული მხარე საქართველოს მთავრობას სთავაზობს მიავლინოს ადგილზე ქართველი სპეციალისტი, არქეოლოგი, რომლის კანდიდატურაც უახლოეს ხანებში დამტკიცდება:

”მანდ აკლდამა აღმოაჩინეს და თურქული მხარე ითხოვს, რომ სპეციალისტები ჩავიდნენ ადგილზე. შესაძლოა ეს იყოს არქეოლოგი, შესაძლოა ისეთი აღმოჩენების წინაშე დავდგეთ, რაც ჩვენს კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამდიდრებს”, - აცხადებს ოდიშარია, თუმცა სამინისტროში კარგა ხნის წინ მომზადებული შეთანხმების პროექტი, რომელიც ქართველ სპეციალისტებს მისცემდა იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართვის უფლებას, ჯერაც ხელმოუწერელია და პრეზიდენტთან დევს.

კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას უწყებას საზღვარგარეთ კულტურული ცენტრების შექმნაც დაუსახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი ცენტრი,
ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ იქ, ადგილზე [ლევილში], ამ ცენტრში მოვაწყოთ ქართული კულტურის დღეები - გამოფენა იქნება, რომელიმე თეატრი წავა თუ სხვა...
გურამ ოდიშარია
სავარაუდოდ, საფრანგეთში, ლევილში, გაიხსნება. ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის საკითხი, მინისტრის განცხადებით, უკვე შეთანხმებულია და პროცესი შესაძლოა წელსაც დასრულდეს:

”ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ იქ, ადგილზე, ამ ცენტრში მოვაწყოთ ქართული კულტურის დღეები - გამოფენა იქნება, რომელიმე თეატრი წავა თუ სხვა”.

ხომ არ ფიქრობს კულტურის სამინისტრო გარკვეული პროგრამების განხორციელებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში? - ვკითხეთ გურამ ოდიშარიას, რომელიც თავად ქალაქ სოხუმიდანაა და მინისტრობამდე აქტიურად იყო დაკავებული აფხაზური და ოსური ლიტერატურის თარგმნით. ჯერჯერობით, როგორც ირკვევა, კონკრეტული არაფერია დაგეგმილი:

”ვფიქრობ, ცოტა დრო კიდევ უნდა გავიდეს, რომ ახალი მთავრობის სხვა პროექტების შედეგები დაინახონ ჯერ, რის მერეც უფრო აქტიურად შევძლებთ წამოვიწყოთ მსგავსი პროექტები. ჯერჯერობით არაფერი მსგავსი დაგეგმილი არ გვაქვს”.

კიდევ ერთი სიახლე, რომლის განხორციელებას კულტურის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს, ცნობილი კულტურულ-საგანმანათლებლო ტელეარხის, ”არტეს” მსგავსი პროდუქტის შექმნაა. დასაწყისში, ოდიშარიას განცხადებით, რამდენიმესაათიან პროგრამას რომელიმე ტელევიზიის ეთერი დაეთმობა, პოპულარობის მოპოვების შემთხვევაში კი, ის ცალკე სატელევიზიო არხსაც დაიკავებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG